როგორ მუშაობენ კლასკომპლექტები და რა პრობლემის წინაშე დგანან მცირეკონტინგენტიანი სკოლები

0

Picture 002განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მცირეკონტინგენტიან სკოლებში ე.წ. კლასკომპლექტები შეიქმნა, სადაც სხვადასხვა საფეხურის რამდენიმე კლასია გაერთიანებული. პედაგოგებს ერთ საგაკვეთილო დროში, ორ ან ზოგ შემთხვევაში, სამი კლასის მოსწავლეებთან უწევთ მუშაობა. როგორ მუშაობენ კლასკომპლექტები და რა პრობლემის წინაშე დგანან მცირეკონტინგენტიანი სკოლები? ამის  გარკვევას bolnisi.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითზე შეეცადა. საქართველოს მცირე კონტინგენტიან სკოლებს ხარჯების გასასტუმრებლად ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნით. მწირი ბიუჯეტის გამო, ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნულ სკოლებში კლას-კომპლექტები გაკეთდა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა კლასის გაკვეთილების გაერთიანებას. გაერთიანებული კლასები ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის აღნიშვნით, საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა. კლას-კომპლექტები გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. ამ გეგმის მიხედვით ერთიანდება პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასები. მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარება ორივე კლასთან ერთდროულად უწევთ.

„კლასკომპლექტები შექმნილია ხატისოფელში, ტანძიაში, ქვემო არქევანში, ქვემო ბოლნისის №1, ჯავშანიანში, ხიდისყურში, ფარიზში, ჭაპალაში, სოფელ ბოლნისში, ბოლნისის №2, აკაურთაში, ტალავერის №1 და ძველ ქვეშში.  კლასკომპლექტები შესამაბისი საფეხურების მიხედვით  იქმნება იმ ორ კლასში, სადაც ჯამში  15 ბავშვია. კლასების გაერთიანება მასწავლებლების შემცირებას არ ნიშნავს, ხოლო საათების შემცირებას ნამდვილად იწვევს. მასწავლებლებს, რა თქმა უნდა ცალკე კლასი ურჩევნიათ რომ მეტი ხელფასი აიღონ, მაგრამ როცა კლასში 2, 3 და 4 ბავშვია, ეს უკვე ბიუჯეტის არასწორი ხარჯვაა“._ აღნიშნა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა კოპალიანმა.

სკოლის პედაგოგების აღნიშვნით, მიუხედავად გამოცდილებისა და სტაჟისა, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა, რომლებსაც განსხვავებული მასალების გავლა უწევთ, ერთ საგაკვეთილო პროცესზე სერიოზულ სირთულეს ქმნის.

„რთულია გაერთიანებული გაკვეთილის ჩატარება, პედაგოგებს მეტი ენერგიის ხარჯვა უწევთ, პირველი კლასის მოსწავლეს, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მესამე კლასის მოსწავლის გაკვეთილის მოსმენა უწევს. უჭირთ კონცენტრაცია. 45 წუთი ორივე კლასის მოსწავლესთან უნდა იმუშაო“. _ აღნიშნა ხატისოფლის საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ მამულაშვილმა.

თუ არ გაერთიანდება კლასები, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ არ მოხდება სასწავლო გეგმის დამტკიცება.

„კლასკომპლექტებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეც აქვს. ტანძიის სკოლაში 2 კლასკომპლექტია, სადაც პირველ და მესამე კლასში 9 ბავშვია, ხოლო  მეორე და მეოთხე კლასში 15, დიფერენცირებული სწავლებაა, გაყოფილი აქვთ საგაკვეთილო დრო. ნახევარ გაკვეთილზე 1 კლასს უტარდება ქართული, დანარჩენი ნახევარი დრო მეოთხე კლასის მათემატიკას ეთმობა, ერთმანეთთან კავშირებული სწავლებაა. თუმცა უარყოფით მხარეებსაც გეტყვით, მცირდება სამუშაო საათები, რაც ახდენს გავლენას სოციალურ ფონზე, მასწავლებლების ხელფასიც ამ შემთხვევაში მცირდება, ორი მასწავლებლის ნაცვლად  კლასკომპლექტში ერთი  მუშაობს“. _ აცხადებს ტანძიის სკოლის დირექტორი თამაზ ბერიანი.

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში აცხადებენ, კლას-კომპლექტი გულისხმობს სკოლაში ისეთი კლასების არსებობას, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები არიან გაერთიანებული. ეროვნულ სასწავლო გეგმაში კლასკომპლექტებზე შემდეგი განმარტებაა მოცემული: „მცირეკონტინგენტიან სკოლებში ხშირად იქმნება კლასკომპლექტები. საქართველოში მხოლოდ ორი კლასკომპლექტია შექმნილი, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი, ერთ კლასკომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა ოცს არ უნდა აჭარბებდეს“.

Bolnisi.ge გაესაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ნატა ასათიანს:

„ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ ერთიანდება I _ III და II- IV კლასები. ეს გამომდინარეობს კლასკომპლექტებში მუშაობის მეთოდიკიდან. კლასკომპლექტებში სწავლების მეთოდიკა საკმაოდ განსხვავებულია ერთასაკიან მოსწავლეების კლასთან მუშაობისაგან. კლასკომპლექტში მასწავლებელი განსხვავებული ასაკის მოსწავლეებს განსხვავებულ დავალებებს აძლევს, ამავდროულად, ეს დავალებები ერთმანეთთან კავშირშია. როდესაც კლაში ასაკობრივად ახლოს მდგომი ორი ჯგუფია, მათთვის დავალების შერჩევა უფრო რთულია. ამიტომ ვაძლევთ რეკომენდაციას კლასკომპლექტში ორი წლის შუალედით განსხვავებული მოსწავლეები გაერთიანდნენ. იმ სკოლაში კი, სადაც კლასკომპლექტები ახლად შეიქმნება, აუცილებლად მოხდება მასწავლებლების გადამზადება“.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებს სამინისტრო არ ავადებულებს კლასკომპლექტების შექმნას. ხარისხიანი სწავლების უზრუნველსაყოფად უმჯობესია სკოლების გაერთიანება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ რესურსები არ ჰქოფნით სკოლებს, არ ჰყავთ მასწავლებელი, არ აქვთ საკმარისი საკლასო ოთახები ან დაფინანსება.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.