რატი ურუშაძე: “ვიცოდი, “ყოჩებს” უჭირდა და მეგობრების თხოვნით დავბრუნდი”

0

მას შემდეგ, რაც ყოფილი “ბორჯღალოსანი” რატი ურუშაძე ჩვენს კლუბს დაუბრუნდა, ბოლნისის “ყოჩების” საქმე უკეთ წავიდა.

მართალია მან მხოლოდ უკანასკნელ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დეკემბრიდან გუნდთან ერთად არა მხოლოდ მოთამაშის, არამედ მწვრთნელის რანგშიც იმყოფება და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია მისი დამსახურებაცაა. 38 წლის მორაგბემ განსაკუთრებით მაღალ დონეზე განვლილ ტურში, ქუთაისის “აიასთან” ითამაშა (18:12) და მოიგო ყველა ჩვენი და რამდენიმე მეტოქის დერეფანი, დაუღალავად გაისარჯა რაქებსა და მოლში, ბოლოს კი, ყვითელი ბარათით კი დაისაჯა, მაგრამ გამოცდილების ხარჯზე მოწინააღმდეგის სწრაფი შეტევა შეაჩერა და გუნდი ეგებ ლელოსგანაც იხსნა.

რატიმ თამაში “ლელოში” დაიწყო და 1995 წლიდან “ყოჩებს” შეუერთდა, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემნპიონი და ერთხელ მოიგო თასი. 2000 წლიდან ის უკვე “ენისეიში” გადავიდა და 4-ჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, 7-ჯერ დაუფლა ვერცხლის და 2-ჯერ ბრინჯაოს მედლებს, 3-ჯერ კი, ამ ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა. მას ეროვნულ ნაკრებში 41 თამაში აქვს ჩატარებული და 5 ლელო გაიტანა. ითამაშა 2007 წლის მსოფლიო თასი, ახლა კი, საკუთარი უზარმაზარი გამოცდილებით “ყოჩებს” ეხმარება.

რატი ურუშაძე: რაგბის თამაში 1990 წელს დავიწყე. მანამდე 5 წლიდან ცურვაზე დავდიოდი და სპორტულად ვიზრდებოდი. მოგეხსენებათ, იმპერიოდში საქართველოს აუზებში წყალი გაქრა და სპორტის გარეშე ვერ გავჩერდებოდი. მამაჩემი (გიზო ურუშაძე) ყოფილი მორაგბე იყო და შემომთავაზა, რომ სპორტის ამ სახეობაში მომესინჯა ძალები და როგორც ყველას ემართება, მეც აქ დავრჩი. ჩემი პირველი კლუბი “ლელო” იყო, სადაც მერაბ ნიჟარაძე და ბათუ კევლიშვილი მავარჯიშებდნენ. 1995 წელს “ყოჩებში” გადავედი და 2000 წლამდე აქ ვთამაშობდი, შემდეგ კი, “ენისეიში” წავედი.

– რატომ რუსეთის ჩემპიონატში და არა საფრანგეთში?

– მანამდე, 1998 წლის დეკემბრიდან, ნახევარი სეზონი “ფიჟაკში” გავატარე და კვლავ “ყოჩებში” დავაბრუნდი. საფრანგეთიდან სერიოზული შემოთავაზება არ მიმიღია და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ეს იყო. 2000 წელს ბათუმში “აღორძინების თასი” ჩატარდა, რომელშიც “ენისეიც” მონაწილეობდა და გამარჯვებული გახდა. სწორედ იქ შემომთავაზა ალექსანდრ პერვუხინმა მათთან გადასვლა და მეც იმ წინადადებას დავთნახმდი, რომელიც რეალური იყო. ამის შემდეგ 2007-ში ერთი სეზონი “ნიცაში” გავატარე და მერე ნახევარი წლით “ლონშიც” ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ რუსეთში დავბრუნდი. რუსეთის მოწინავე სამეულის გუნდებში, საფრანგეთის ფედერალ დივიზიონის გუნდებთან შედარებით, ბევრად უკეთესი პირობებია როგორც ფინანსური, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით და სამწუხაროდ, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის გუნდებში თამაშის საშუალება მე არ მომცემია. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

– “ენისეიში” გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

– ასაკს თავისი მიაქვს. რუსეთში თამაშის მაღალი ტემპია და 38 წლის მოთამაშისთვის მისთვის მხარის აბმა ძალიან რთულია. ვარჯიშებიც უფრო ინტენსიური და დამღლელია ვიდრე საქართველოში. ამ შემთხვევაში იმ გუნდებს ვგულისხმობ, რომელთაც ჩემპიონობას თხოვონ და ჩემ ასაკში დღეში ორჯერადი ვარჯიშები ძალიან რთულია. “ენისეის” ჩემი გაშვება არ უნდა და სპორტული დირექტორის თანამდებობას მთავაზობენ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ კლუბს – “ყოჩებს” უჭირდა და მეგობრების, ირაკლი გიორხელიძეს და სანდრო ესაკიას თხოვნით აქ დავბრუნდი. მსურს, რომ ამ გუნდის აღორძინებაში ჩემი წვლილიც შევიტანო და აქ სეზონის ბოლომდე დავრჩები, მერე კი, ვნახოთ, რა მოხდება.

– “აიასთან” გუნდს მართლაც დიდი დახმარება გაუწიე. ფაქტობრივად, ყველა დერეფანი მოიგე და რაქებსა თუ მოლებშიც აქტიურად თამაშობდი. მოკლედ, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რას იტყვი განვლილ თამაშზე?

– ამ თამაშისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებოდი. როგორც გავიგე, ბოლო სამი წლის განმავლობაში “ყოჩებს” “აიასთვის” თამაში არ ჰქონდა მოგებული. მას შემდეგ, რაც ეს გუნდი ბესიკ ხამაშურიძემ ჩაიბარა, სულ სხვა დონეზე გადავიდა, უფრო კომბინაციურ თამაშს აჩვენებს და შედეგებიც სახეზეა. მუდამ ჩემპიონობისთვის იბრძვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბიჭები მაქსიმალურად მოტივირებულები იყვნენ, სულ ამბობდნენ, ქუთაისში სამარცხვინოდ დავმარცხდით და რევანში გვწყურიაო.

შედეგად, ამ თამაშში ყველამ მაქსიმუმი ჩადო. შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ტაიმი ფაქტობრივად უშეცდომოდ ჩავატარეთ, უბრალოდ, ტაიმის მიწურულს ცოტა დაღლა დაგვეტყო. მეორე ტაიმის 20 წუთიც კარგად ვითამაშეთ, მერე კი, ორი შეცდომა დავუშვით და ორივეჯერ ლელოთი დავისაჯეთ. მთლიანობაში, თამაში ცუდი არ იყო, მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ის შეცდომები, რომლებიც ამ მატჩში დავუშვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველაზე ძალიან გული იმაზე მწყდება, რომ სწორედ ამ შეცდომების წყალობით “აიას” ქულა გავატანეთ და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

– ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ, “ყოჩებმა” სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა და რა არის მიზანი მაქსიმუმი რეგულარულ ჩემპიონატში?

– მადა ჭამაში მოდისო და რაც უფრო ზევით ვიქნებით, მით უკეთესი. კონკრეტულ ადგილს არ ვგეგმავთ და ვერაფერს ვიტყვი. ყველა თამაშზე სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე მოთამაშე გვაკლდება, დაკომპლექტების კუთხით, სრულყოფილი გუნდი არ ვართ. მოწინავე ოთხეულში ამ თვალსაზრისით უკეთესი სიტუაცია, უფრო მეტი მოთამაშე ყავთ, მაგრამ გუნდური სული მაინც სულ სხვაა და მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებით.

– მომავალი თამაში ბათუმში გიწევთ.

– ბათუმში მძიმე თამაში მოგველის. გასათვალისწინებელია, ისიც, რომკლიმატური პირობები აირია და შესაძლოა, მოედანი იდეალურ მდგომარეობაში არ იყოს. ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და მაქსიმალურად ეცდებიან ქულების დაგროვებას.

– ბოლო დროს გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ერთა თასის ქვეყნების მოწინავე ორ-ორი კლუბის მონაწილეობით საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს და რის ხარჯზე უნდა მოიპოვონ საქართველოს წარმომადეგენლებმა რუსულ კლუბებთან უპირატესობა?

– საქართველოს და რუსეთის ჩემპიონატების თამაშებს შორის, ძალიან დიდი სხვაობაა სისწრაფეებში. იქ უფრო სწრაფ და კომბინაციურ რაგბის თამაშობენ. სამაგიეროდ, შერკინებით ქართულ კლუბებს აქვთ უპირატესობა. ახლახანს დავესწარი თამაშს თურქეთში “არმიასა” და “ენისეის” შორის და ქართველებმა მეტოქე შერკინებაში ძლიერ დაჯაბნეს, რაც იქაც დამტკიცდა და გამარჯვებაც ამის ხარჯზე დადგა. მაგრამ გამოსასწორებელია სხვა კომპონენტები, რათა მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და რაც მთავარია, გამარჯვების მოპოვება მოხერხდეს. ამ შემთხვევაშიც რუსეთის მოწინავე სამ კლუბს ვგულისხმონ, რომელთაც ამავდროულად დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და შეუძლიათ შეკრებების გამართვა თურქეთში, ირლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, ადრე სამხრეთ აფრიკაშიც ტარდებოდა წინასასეზონო მზადება და ამას ძალიან დიდი გამოცდილება მოაქვს. არაფერს ვიტყვი თავდადებულ თამაშზე, რადგან აქ ყველასათვის ყველაფერი ისედაც ცნობილია.

– რას ამბობენ რუსეთში ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებას რომ ვერ ახერხებენ?

– რა უნდა თქვან, ეს ყველაფერი ლოგიკურია. ჩვენ მათ ვჯობნით თავდადებით და იმ გამოცდილებით, რომელიც საფრანგეთის პირველ და მეორე ელიტარულ დივიზიონში მოთამაშე მორაგბეებს უგროვდებათ. რუსებს ამ მხრივ არჩევანი არაქვთ. სულ სამი-ოთხი მორაგბე ყავთ ინგლისში და ისიც არა ლიდერ გუნდებში. რადგან რუსეთის მოწინავე კლუბებს ფული აქვთ, ადგილობრივი მორაგბეები წასვლაზე არც ფიქრობენ, სამი კლუბის პაექროებით კი, იმ გამოცდილებას ვერასდროს მიიღენ, რასაც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დააგროვებ.

– და ბოლოს, როგორც ყოფილი “ბორჯღალოსანი”, როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებს?

– თუ ერთა თასის ბოლო თამაშების მიხედვით ვიმსჯელებთ, კი, ყველა თამაში და ტიტული მოვიგეთ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული პროგრესი არ შემიმჩნევია. მსგავსი შედეგი ქართველი მწვრთნელების და ტიმ ლეინის მწვრთნელობისასაც გვქონდა. ჩვენი გუნდისთვის ერთა თასის მოგება და მსოფლიო თასზე გასვლა მწვრთნელის სასწაულად ვერ ჩაითვლება. ფაქტია ისიც, რომ არის მცდელობა შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსებისა და რა გამოვა ეს მსოფლიო თასზე და მანამდე, ნოემბერში გასამართ ტესტ-მატჩებზე უნდა დავინახოთ. აი სწორედ ტონგასთან, ირლანდიასთან და იაპონიასთან გამოჩნდება რა დონეზეა დღეს საქართველოს ნაკრები და რას უნდა ველოდოთ 2015 წლის მსოფლიო თასზე. მანამდე კი, არ შემიძლია არ ავღნიშნო სამოასთან გამარჯვება, სადაც გუნდმა არსებობის დღიდან დღემდე საუკეთესო თამაში ჩაატარა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home/news&news_id=50

 


Share.

Comments are closed.