მომავალ წელს ანსამბლი „სიონი“ 60 წლის იუბილეს იზეიმებს

0

მოძველებული ფორმებისა  და  მუსიკალური ინსტრუმენტების მიუხედავად ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,სიონს“ წინ დიდი გეგმები აქვს  

ტოგონიძე2ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ 1955 წელს ქორეოგრაფმა მერაბ ტოგონიძემ ჩამოაყალიბა და მრავალი წელი ხელმძღვანელობდა მას. 1989 წლიდან კი „სიონს“ სათავეში ჩაუდგა მისი შვილი ბესიკ ტოგონიძე. „წლების მანძილზე ვცეკვავდი „ერისიონში“ და პარალელურად ვეხმარებოდი მამას ბოლნისის ანსამბლში, რომელიც შემდეგ მე გადმომაბარა. უამრავი თაობაა აღზრდილი ჩვენს ხელში, რომლებიც დღესდღეობით სხვადასხვა პროფესიონალურ ანსამბლებში ცეკვავენ, რაც ძალიან მეამაყება. მთელი სულით და გულით ვარ ჩართული ანსამბლში, ვცდილობ ღირსეულად გავაგრძელო მამის დაწყებული საქმე. ეს პროფესია გენეტიკურია, რომლის გარეშეც არ შემიძლია“, _აღნიშნა ანსამბლ „სიონის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ტოგონიძემ.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ დაარსებიდან დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო და რესპუბლიკურ  ფესტივალებში, სადაც დამსახურებულად მოიპოვა სხვადასხვა სახის ჯილდოები, სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები. ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, ფინეთში, კიევში, რუმინეთში, თურქეთში, ანტალიასა და ალანიაში. პატარა მოცეკვავეებით ჩამოყალიბებული ანსამბლის ახალი თაობა კი ახალი შემართებით იწყებს დიდ სცენაზე გასვლას. მათ უკვე არაერთ ფესტივალსა თუ ღონისძიებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ასევე წარმატებით იმოგზაურეს ანტალიასა და ალანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლს მოძველებული ფორმები და ინსტრუმენტები გააჩნია, მისი ხელმძღვანელი დაუღალავად შრომობს და ანსამბლთან დაკავშირებით სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

„ძნელია ანსამბლში მუშაობა. ყოველდღე გვაქვს რეპეტიციები, დაუღალავად ვშრომობთ, თითოეული ბავშვის გამოძერწვა, გამოთლა და მოცეკვავედ ჩამოყალიბება დიდ შრომას მოითხოვს. ბავშვებიც ძალიან მონდომებულები არიან. ანსამბლის ახალი თაობა  ძირითადად მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები არიან  და მათ ჯერ  დიდი გზა აქვთ გასავლელი, რისთვისაც ძალღონეს არ ვიშურებთ.  მოგვიძველდა ფორმები, ინსტრუმენტები, ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ანსამბლს არ გააჩნია, მაგრამ იმედი რომ დავკარგოთ და უმოქმედოთ გავჩერდეთ შეუძლებელია. ამიტომ წინ მრავალი გეგმები გვქვს“. _ განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ ამ ეტაპზე სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომელსაც უახლოეს მომავალში შესთავაზებს მაყურებელს. პატარა მოცეკვავეები ზაფხულში ბულგარეთში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე არიან მიწვეულები. მომავალ წელს კი ანსამბლი 60 წლის იუბილეს იზეიმებს.

ტოგონიძე5

ტოგონიძე7

ტოგონიძე6

ტოგონიზე1

10269896_486072824855671_1885758633_o ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.