„მისი ხელი ყველასათვის მისაბაძი იყო” – სამუსიკო სკოლის შენობაზე ზაურ ხუჯაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

0

10328049_658210294228821_891733996_oბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბოლნისის სამუსიკო სკოლას ამავე სკოლის  დამფუძნებლისა და პირველი ხელმძღვანელის ზაურ ხუჯაძის სახელი მიენიჭა.

დღეს მემორიალური დაფა საზეიმო ვითარებაში, სიმბოლურად მისმა შვილიშვილებმა ნუცა და გური ხუჯაძეებმა გახსნეს. მემორიალური დაფის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზაურ ხუჯაძის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. ამ დღის აღსანიშნავად ზაურ ხუჯაძის ჯგუფელი, ანსამბლ ,,რუსთავი’’-ს დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილიც ჩამობრძანდა.

სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელმა ლალი თანდარაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვა წარმოსთქვა და ზაურ ხუჯაძის უდიდეს ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

ზაურ ხუჯაძე 1961 წლიდან 30 წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა სამუსიკო სკოლას, იყო ბოლნისის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, ჩამოაყალიბა ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსამბლები, ქალაქის სკოლების გაერთიანებული ბავშვთა კაპელა, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ფესტივალებსა და კონცერტებზე. ზაურ ხუჯაძის ინიციატივით, დაბა კაზრეთში სამუსიკო სკოლა გაიხსნა.

დღევანდელი ღონისძიება მრავალჟამიერით ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“-ს მომღერლებმა  დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ეს ანსამბლი სწორედ ზაურ ხუჯაძემ დაარსა, რომელიც მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ჯილდოებით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი ადამიანი ზაურ ხუჯაძე მიმდინარე წლის 19 მარტს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი,  კულტურის დამსახურებული მუშაკი და მასწავლებელი გახლდათ.

ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ ,,რუსთავის’’დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

–         ზაურ ხუჯაძესთან ერთად გავატარე მთელი ჩემი ახალგაზრდობა, როგორც სამუსიკო სასწავლებელში, ასევე კონსერვატორიაში. ის იყო  ჩვენს შორის ყველაზე გამორჩეული სტუდენტი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ყველა მასწავლებელი ამაყობდა ასეთი მოსწავლით  და მათ შორის ჩვენც მისი მეგობრები. გამორჩეულად ნიჭიერი იყო ზაური, წარმატებით დაამთავრა როგორც სამუსიკო სასწავლებელი ისე კონსერვატორია, მახსოვს მისი სახელმწიფო გამოცდა როცა ჩიმაკაძის ქართლის გულს დირიჟორობდა, მისი ხელი ყველასათვის მისაბაძი იყო. შემდეგ დაარსა სკოლა და დიდხანს იყო მისი უცვლელი ხელმძღვანელი.  მეგობრებს მასთან არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა,  ხშირად ჩამოვდიოდით კონცერტებზე, გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები.  ვწუხვართ, რომ ნაადრევად წავიდა ჩვენგან, მაგრამ  არაჩვეულებრივი მომავალი დატოვა. მის სკოლას მისივე სახელი მიენიჭა, რასაც მივესალმები და დარწმუნებული ვარ ამ სკოლაში აღზრდილი მოსწავლეები მუსიკალურ სამყაროში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებენ.

ალექსანდრა ობოლაძე,ბოლლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

–         რამოდენიმე თვეა, რაც მოვალეობის შემსრულებელი ვარ და ბატონი ზაურის სახელი არაერთხელ მსმენია თბილი და კეთილი სიტყვებით,  ეს მისი დიდი ღვაწლისა და შრომის შედეგია. დღეს მემორიალური დაფა გაიხსნა საკრებულოსა და ჩემი გადაწყვეტილებით,  ეს ის მცირედია რაც შესძლო ბოლნისის მუნიციპალიტეტმა.

 მანანა ხუჯაძე, ზაურ ხუჯაძის მეუღლე.

–         ბოლნისის საზოგადოებამ ზაური ძალიან დააფასა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას,  რომ დააფასეს მისი ღვაწლი და მისივე დაარსებულ სკოლას მიანიჭეს ზაურ ხუჯაძის სახელი.

დარეჯან ოქრუაშვილი

10319883_658209967562187_718919455_o

10319893_658210497562134_448453050_o

10323515_658210467562137_132226574_o

10285448_658210437562140_135391243_o

10273051_658210604228790_359761689_o


Share.

Comments are closed.