კომპანია RMG Gold-ის განცხადება საყდრისის საბადოზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

0

„ბოლო დროს კომპანიის საყდრისის საბადოს სალიცენზიო ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით კომპანია აცხადებს, რომ ე. წ. ძეგლის დამცველებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან ადგილი აქვს აშკარა პროვოკაციულ ქმედებებს, რომლის მიზანი დაძაბულობის შექმნა, დაპირისპირების გამოწვევა, კომპანიის რეპუტაციის შელახვა და საქმიანობის შეჩერება წარმოადგენს.

როგორც ცნობილია საყდრისის საკითხი ყველა დონეზე არაერთხელ იყო განხილული ეკონომიკური, სამართლებრივი და სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის არსებობა არ დადასტურდა.

მიუხედავად ამისა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაინტერესებული პირების გარკვეული ჯგუფი განგებ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა კომპანია კანონის გვერდის ავლით ხელყოფს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც წარმოადგენს კომპანია RMG-ის ბიზნეს საქმიანობის დისკრედიტაციისა და შეფერხებისაკენ მიზანმიმართულ კამპანიას. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ხშირია შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი და პროვკაციული ქმედებები კომპანიის  თანამშრომლების მისამართით.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რატომღაც იგივე ადამინები, მიზანმიმართულად ცდილობენ კომპანიის წინააღმდეგ ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით შეტევას – ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგიური და სოციალური საკითხები თუ შრომითი დავები. საყდრისის საკითხის სპეკულირებით დაკავებული ჯგუფი ხან საწარმოს მუშაკთა გაფიცვაზე იჩენს ხოლმე აქტივობას და საწარმოს სამუშაოს ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს, ხანაც თითქოსდა საწარმოსაგან გამოწვეულ ეკოლოგიური პრობლემებით აშინებს მოსახლეობას. ყოველივე ეს სცდება  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოტივს. უფრტო მეტიც, აშკარად სახეზეა საზოგადოებრივი აზრით სპეკულირება და პროცესის პოლიტიზირების მცდელობა.

კომპანიის მუშაობის ბლოკირება და საწარმოსათვის ხელოვნურად პრობლემების შექმნა თავისთავად გამოიწვევს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს არა მხოლოდ საწარმოს თანამშროლებისთვის, არამედ მთლიანად ბოლნისის რაიონისთვის.  საფიქრალია, რომ სწორედ ესაა საყდრისის საკითხით სპეკულირების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  კომპანია RMG საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო სამუშაოებს აწარმოებს კანონის სრული დაცვით, ლიცენზიითა და სათანადო ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დღეისათვის საყდრისზე მიმდინარე სამთო სამუშაოები ტარდება არქეოლოგიური თვალსაზრისით დეტალურად შესწავლილ ტერიტორიაზე. ამდენად  რაიმე არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევით დაზიანების რისკიც კი გამორიცხულია.

ყველაფრის მიუხედავად კომპანია გააგრძელებს მუშაობას, რათა განახორციელოს საქართველოს წიაღისეული რესურსების ბაზაზე სამთამადნო მრეწველობის განვითარების გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტი.”- ნათქვამია განცხადებაში.

 


Share.

Comments are closed.