„ზღაპრული ადგილია, ვაშლოვანის ხეივანს ვაშენებთ, დავალიანებას სრულად რომ დავფარავთ, საქართველოს საპატრიარქოს გადავცემთ“

0

ქართველები საზღვარგარეთ

10169124_846616825365515_490796898_nრუბრიკის მომდევნო სტუმარი  ბოლნისელი ემიგრანტი ნონა კუხალაშვილია.  მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან მრავალი წელია წასულია, ბოლნისელები მას დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ. ის ოჯახთან ერთად უკვე 21  წელია ბელგიაში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად დაუღალავი შრომი იქაური ცხოვრების ფერხულში ჩაება და ბედს არ უჩივის. „თუ არ იწვალე, იშრომე და ცხოვრების ტემპს ფეხი არ აუწყვე, ისე ვერაფერს მიაღწევ“, –  ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ის აქტიური, ხალისიანი, მეოჯახე, საუკეთესო დედა და მეგობარია. მუდამ ცდილობს დაეხმაროს იქ მყოფ ქართველებს და არა მარტო მათ, რისთვისაც ახლობლები მას ყველას „პატრონს“ და „უფასო ადვოკატს“ ეძახიან. 

ნონა კუხალაშვილი 1971 წელს დაიბადა. ბოლნისის 1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიარა სამედიცინო კურსები და დაქორწინდა დავით კოპალიანზე. ჰყავს სამი ვაჟი: გრიგოლი (ეგა), ირაკლი და კახი.  ,,ჩემი სიამაყე ჩემი ოჯახია. სამ ვაჟკაცს ვუზრდი სამშობლოს მეთქი როცა ვამბობ, ზოგი მისწორებს სამშობლოს კი არა ევროპას უზრდიო. ზუსტადაც, ვზრდი სამ ვაჟკაცს რაც არც ისე ადვილია აქ, ევროპაში და ამაყი  დედა ვარ,   იმიტომ რომ ვიცი სადაც არ უნდა იცხოვრონ არ შემარცხვენენ.“- ამბობს ნონა  კუხალაშვილი.10151512_850098995017298_1375252561_n

_ გამარჯობა ქალბატონო ნონა, მოგვიყევით სად ხართ და რას საქმიანობთ?

_უკვე 21 წელია რაც წამოვედით ბოლნისიდან და მას შემდეგ სულ ბელგიაში  ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი.  ეს ორი წელია რაც სხვა სახლი ვიყიდეთ და გადავედით ქალაქგარეთ, ცოტა წყნარ ადგილზე. ჩემი მეუღლე მთელი დღე ფიზიკურად მუშაობს ჯერ სახელმწიფოს ავტოშეკეთების სამსახურში, დღის მეორე ნახევარში კი თავის ხელობას განაგრძობს საკუთარ ავტოსერვისში, რომელსაც „ბოლნისიონი“ დავარქვით. სადაც ბოლნისელების თავშეყრის ადგილია, იციან, რომ დათო იქ არის და სულ იკრიბებიან მასთან. მეც, ასე ვთქვათ, ავუწყვე ფეხი აქაურ ცხოვრებას. ვისწავლე ენა, დავამთავრე უამრავი განხრით სხვადასხვა პროფესიული კურსები. სულ  მინდა რომ რაღაც ახალი ვისწავლო. მარადმწავნე სტუდენტს მეძახიან ახლობლები. ჩვენ პირველი წევრები ვიყავით აქ არსებულ ქართულ სათვისტომოში. ვინც ჩვენს მერე ჩამოვიდა ბელგიაში ყველას შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ და გავუკვალეთ გზა უცხო ქვეყანაში.

_ დახმარებაში  რას გულისხმობთ?

_   უცხო ქვეყანაში შეგიკედლებს და გვერდში დაიდგება ვინმე, ეს დახმარებაა. თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ეს მართლა ასეა,  ჩვენც  ბოლნისელი კეთილი ადამიანის დახმარებით აღმოვჩნდით აქ, ეს არის ნუგზარ სტეფანია, რის გამოც მას ძალიან ვემადლიერებით მე და ჩემი ოჯახი. ერთმანეთის დახმარებით ვართ  ქართველები უცხო ქვეყანაში. ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღიაა. ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ერთმანეთის გვერდში დგომა კი უბრალოდ ადამიანური საქციელია.

_ რამ განაპირობა სამშობლოდან თქვენი წასვლა?

_შექმნილმა ცხოვრებამ  გადააწყვეტინა  ჩემს მეუღლეს წამოსვლა,  მე და ჩემი შვილები კი ერთი  წლის შემდეგ წამოგვიყვანა  და აგერ უკვე 21 წელია აქ ვართ.

_ გაგიჭირდათ  უცხო  გარემოსთან  შეგუება?

_ მაინც და მაინც არ გამჭირვებია, რადგანაც აქ მყავდა ჩემი ოჯახი,  მეუღლის მეგობრის ოჯახი, ასევე ხშირად გვსტუმრობენ ბოლნისელები, ასე რომ მარტოობა არ მიგრძვნია. ამასთანავე ჯერ ორი, შემდეგ სამი შვილი მყავდა მისახედი და სად მეცალა მოსაწყენად. ბავშვები ბაღში შევიყვანეთ თუ არა სიარული დავიწყეთ ენის შემსწავლელ კურსებზე. ადრე სადაც ვცხოვრობდით იქ ძალიან ბევრი ბოლნისელი დასახლდა. ერთი სიტყვით პატარა ბოლნისი იყო. სამშობლოდან შორს ყოფნა გადაგვატანინა ერთმანეთის გვერდში დგომამ, აქ არსებულმა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიამ, ჩვენმა მოძღვარმა მამა აბიბოსმა და  საქართველოდან ჩვენი ოჯახის წევრების ხშირმა მიმოსვლამ.

 _ ტაძარი როდის აშენდა?  ქართულად მიმდინარეობს  წირვა – ლოცვები?

_ აქ არსებულ ეკლესიაში ვიქირავეთ ფართი, მოვაწყვეთ ქართულად, სადაც მართლმადიდებლურად მიმდინარეობს წირვა-ლოცვები, ჯვრისწერები, ნათლობები. შესანიშნავი მოძღვარი უძღვება ტაძარს მამა აბიბოსი, რომელიც ასევე ჩემი ნათლიაა.

_ მოძღვარი სადაურია?

_ თბილისიდანაა, მისი ძმაც მოძღვარია,  არქიმანდრიტი  გრიგოლი.

_ მითხარით, დღეს მამაოსთან ვიყავი სათვისტომოს საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდითო , რას გულისხმობდით?

_ სამონასტრო ტერიტორია გვაქვს შესყიდული, ბზობას უნდა წავიდეთ, ვაშლის ნერგები მიგვაქვს დასარგავად. ყოველ კვირას გვაქვს კრება მრევლს და სათვისტომოს წევრებს. საორგანიზაციო  საკითხებს  ვაგვარებთ ხოლმე.   ასევე ჩამოვაყალიბეთ წმინდა ილია მართლის ფონდი სადაც  ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაწევრიანება. ამ ფონდის საშუალებით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.

_ მიწა მრევლმა  შეისყიდეთ?

_ კი, მართმადიდებელ მრევლს გვაქვს ნაყიდი და დავალიანებას სრულად რომ დავფარავთ, საქართველოს საპატრიარქოს გადავცემთ. ზღაპრული ადგილია, ვაშლოვანის ხეივანს ვაშენებთ. ამ ტერიტორიაზე ტაძრის აშენებასაც  ვგეგმავთ.

_  ქალბატონო ნონა, რით ხართ დაკავებული მთელი დღის განმავლობაში?

_ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, მთელი თვე წინასწარ მაქვს ხოლმე დაგეგმილი. 3 დღე ვმუშაობ ჩვენთან ახლოს არსებულ ვილაში სახლის მმართველად. დანარჩენ დღეებს საკუთარი ავტოსერვისის ფირმის ბუღალტერიას და საშინაო საქმეებს ვანდომებ. აქტიურად ვარ დაკავებული სათვისტომოს საორგანიზაციო საკითხებითაც.  ასევე  თუ რომელიმე ახლობელს სჭირდება კანონებში გარკვევა, ან ენის ბარიერი აქვს და ა.შ. ვცდილობ დავეხმარო მათ. კანონებში კარგად ვერკვევი და  მეგობრები ხუმრობით უფასო ადვოკატს  მეძახიან. კვირა დღეს  კი ეკლესიაში ვატარებ.

_ ნოსტალგიას  რით იქარვებთ?

10150966_846616975365500_1048035930_n_ ნოსტალგია აღარც მაქვს უკვე, რაც ინტერნეტის დამსახურებაა, მისი საშუალებით ყველანაირ ინფორმაციას ვღებულობთ, ვუკავშირდებით და ვხედავთ ახლობლებს. გარდა ამისა, როცა გვინდა ჩამოვდივართ. როგორც უკვე გითხრათ ქართველებიც, საკმაოდ ბევრი ვართ და ერთმანეთს ვამხნევებთ. სახლში ყველაფერს ქართულად ვაკეთებთ. მომაქვს რძე და ამომყავს ჩვენებური, იმერული ყველი, ვაკეთებ სულგუნს, სულ ქართულ კერძებს ვამზადებ. ყოველთვის მაქვს მჭადის ფქვილი, სუნელები, ღერღილი და ა.შ. ეზოში ტყემლისა და ქლიავის ხეები გვაქვს. ვაკეთებ ტყემალს, ჯემებს, ერთი სიტყვით, მართალია სამშობლოდან შორს ვართ, მაგრამ სულით და გულით ქართულად ვცხოვრობთ. სახლს გვიკურთებს მამაო, ეკლესიაში ხშირად დავდივართ,  ეს ყველაფერი ძალიან გვაძლიერებს. უბრალოდ ძალიან მენატრება ხოლმე იქაური ჯიგრული მეზობლობა და ურთიერთობა, რაც აქ ძალიან უცხოა.

_ არა, ყველის ამოყვანის ამბავი ძალიან მომეწონა, მაინც რატომ აკერებთ ამას, გამზადებულიც ხომ შეგიძლიათ იყიდოთ?

_ ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ, ყველი თუ არ გვაქვს, თვლიან რომ საჭმელი არ არის სახლში. რა თქმა უნდა გამზადებულსაც ხშირად ვყიდულობ, მაგრამ მიყვარს ფერმაში წასვლა და რძის მოტანა, ამოყვანას კი რაღა უნდა. ერთხელ საახალწლოდ 200 ლიტრა რძე მოვიტანე და სულ ყველი გავაკეთე. ფერმაშივე ცხელ რძეს ვასხამ ჭურჭლებში, ვამატებ პეპსინს და სანამ სახლში მივიტან მზადაა, ამომყავს და ლამაზ ლამაზ ფორმებში ვაწყობ. ძალიან ვხალისობ ამ პროცედურებით. თან სახაჭაპურედ და ელარჯისთვის  ყოველთვის მაქვს ახალი ყველი. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთხელ წავედი  ბოლნისელებთან, რომლებიც ცოტა შორს ცხოვრობდნენ, ვთქვი სოფელში მივდივარ თქო და წავედი ჩემი ძღვენით. დედა რომ ჩავა შვილებთან სოფლიდან ქალაქში, ისე მივედი. სულგუნი მოვხარშე უცებ, ჭადები დავაცხვე, ღომი და ელარჯი გავაკეთე. დამცინეს სოფლიდან ჩამოსულს შენ უფრო გავხარ თუ ჩვენო. ყველას დედა და პატრონი შენ როგორ უნდა იყოო. აი ასეთი ვარ, ვერ ვისვენებ სხვანაირად.

_ ბელგიელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ  ?

_ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან. აქაურებს ქართველები ძალიან უყვართ. მაგალითისთვის გეტყვით, ოჯახის ექიმთან დავდიოდით, რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო თავიდანვე გვერდით დაგვიდგა, ძალიან შევუყვარდით, საქართველოშიც კი იყო წამოსული სტუმრად.

_ რაიმე განსაკუთრებული მსგავსება ან განსხვავება თუ არის ქართველებსა და ბელგიელებს შორის?

_ როგორ გითრხათ, განსაკუთრებული ხალხია, აუცილებლად წინასწარ უნდა გააფრთხილო, ისე სტუმრად ვერ მიხვალ მათთან. ძალიან პუნქტუალურები და მოწესრიგებულები არიან. თუ შეგატყვეს რომ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, თან გადაგყვებიან და წინ წაგწევენ.

_ თქვენი შვილები  რას საქმიანობენ?

_ უფროსი ვაჟი პუბლიცისტურ გრაფიკას სწავლობს უმაღლესში, მესამე კურსზეა. მეორე ვაჟი საბანკო ფინანსების პროფესიას ეუფლება, მეორე კურსზეა, პატარა კი მოსამზადებელზე სწავლობს. ისიც ბიზნესის განხრით აპირებს გაგრძელებას.

_ რამდენად იცნობენ საქართველოს,  ქართულ  ენას  კარგად ფლობენ?

_ კარგად იცნობენ თავიანთ სამშობლოს. ძალიან უყვართ მაქაურობა. აქ ჩამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ წამოვედით ბოლნისში, მას შემდეგ ყოველ წელს დავდიოდით, თუმცა ბოლოს 2008 წელს იყვნენ ბიჭები მანდ. ჩემი მეუღლე ყოველ წელს ჩამოდის,  ბავშვები ძალიან გადატვირთულები არიან. არდადეგებზე სამეცადინო აქვთ, ხან სტაჟირებას გადიან და ვერ ახერხებენ ხოლმე წამოსვლას. ქართული კარგად იციან. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობთ.

_ საქართველოში საცხოვრებლად წამოსვლა უნდათ?

_ ჯერ რას წამოვლენ, სწავლობენ, მერე კი დიდი გეგმები აქვთ, ვნახოთ რა იქნება, უფლის ნებაა ყველაფერი. მთავარია რომ ხედავენ ჩვენს შრომას შვილები და გვიფასებენ,  კარგად სწავლობენ. ჩემი სიამაყე ჩემი ოჯახია. სამ ვაჟკაცს ვუზრდი სამშობლოს მეთქი როცა ვამბობ, ზოგი მისწორებს სამშობლოს კი არა, ევროპას უზრდიო. ზუსტადაც, ვზრდი სამ ვაჟკაცს რაც არც ისე ადვილია აქ, ევროპაში და ამაყი  დედა ვარ,   იმიტომ რომ  ვიცი სადაც არ უნდა იცხოვრონ არ შემარცხვენენ.

_ თქვენ თუ აპირებთ დაბრუნებას?

_ ჩემი ქმარი ყოველ წელს გეგმავს სამუდამოდ წამოსვლას, თუმცა ფაქტია რომ უკვე 21 წელია აქ ვართ. ალბათ პენსიაში გასვლის შემდეგ თუ დავბრუნდებით. როგორც გითხარით სახლი კრედიტით ვიყიდეთ და ასე უცებ ვერ მივატოვებთ ყველაფერს. ღმერთმა ქნას ისე წავიდეს საქართველოში ცხოვრება, რომ ყველა დაბრუნდეს სამშობლოში, ბიჭები თუ მოინდომებენ მანდ ცხოვრებას,  ეს უკვე მათი ნებაა.

_ როგორც ვიცი თქვენი მეუღლე შეგნებულად არ იღებდა წლების განმავლობაში ბელგიის მოქალაქეობას, ახლა რა აზრისაა ამაზე?1781103_829664217060776_1327968180_o

_აიღო ბოლო ბოლო მოქალაქეობა, ძაანაც არ უნდოდა მაგრამ  სხვანაირად შეუძლებელი იყო აქ დარჩენა. ახლა კი, რადგანაც შესაძლებელი გახდა, საქართველოს მოქალაქეობასაც  მოვითხოვთ.

_ რას ეტყვით საქართველოდან  წასულ  ემიგრანტებს და ასევე აქ მყოფ ბოლნისელებს?

_ ყველაფრის მიუხედავად ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება, უბრალოდ ძალა უნდა მოგცეს ღმერთმა, ყველა ემიგრანტს ვუსურვებ სულიერი და ფიზიკურ სიძლიერეს. ბოლნისელებს კი გულითადად მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. ყველა მენატრებით და ძალიან მიყვარხართ.

_ დიდი მადლობა ქალბატონო ნონა, გისურვებთ წარმატებებს და უფლის წყალობას.

 

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.