„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“

0

ჩვენს სინამდვილეში არსებობს თითქოსდა ყველასთვის უწყინარი, სახუმარო და ლამის აუცილებელი ტყუილი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს. ეს არის საპირველაპრილო ტყუილი: დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და ოფიციალური ორგანოებიც კი ეგებიან საპირველაპრილო ტყუილის ანკესზე და ბრიყვდებიან!

ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა! ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!

როგორც მოგეხსენებათ, გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს უნათლესი დღესასწაულთა დღესასწაული, რომელიც გარდამავალია, ანუ მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეზე მოდიოდა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით, თუ რა საზიზღარი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც!

„პირველი აპრილის ტყუილის დღედ გამოცხადება წრუმორწმუნეობის და არასწორი დამოკიდებულების ნიშანია, ყოველი დღე უფლისაა და ტყუილი ყოველთვის ცოდვაა. დაუშვებელი და არაქრისტიანულია პირველი აპრილის ტყუილის დღედ მიჩნევა“ -აღნიშნა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/arastsori.htm


Share.

Comments are closed.