გვიყვარდეს მიწა ქართული, წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“ ქართულად

0

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. ამათაც თუ არ ვუპატრონეთ, რაღა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენი მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა. მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.

ეს სიტყვები შეუფასებელია ქართველი კაცისთვის, ქართულის ენის მოყვარულ, დედაენის პატივისმცემელ, დამფასებელ ქართველთათვის,  ეს სიტყვები ერის სულიერ მამას ეკუთვნის. ის სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა, სიკვდილით დაისაჯა, მაგრამ სიწმინდე, სიყვარული, ქართული ენის სიყვარული დაგვიტოვა ანდერძად. ამ სიტყვების დაწერიდან გავიდა თითქმის საუკუნენახევარი, ამ ხნის მანძილზე იყო ბრძოლა, „მიწასთან გასწორება“, „მსახვრალი ხელით შეხება“ და ვინ იცის, რამდენი ტანჯვა და წამება დატრიალდა „ენაზედ, მამულზედ და სარწმუნოებაზედ“… ქართველი ერის ისტორია ერთი დიდი გრძელი წამების გზაა, გზა ეკლიანი, კლდიან-ქარაფიანი, გზა უსასრულო ტანჯვა-წამებისა.

„არც ერთ თემურ ლენგს, არც ერთ შაჰ აბასს იმდენი ტაძარი, სავანე და სარწმუნოებრივი სალოცავი არ დაუნგრევია საქართველოში, რამდენიც დაანგრიეს სოციალური რევოლუციით დაღლილებმა“ (რობესპიერი ამბობდა ასე _ რევოლუციით დავიღალეო).

დიახ! ასეა… ამ ყოველივეს მოჰყვა, „ცოდვიანი ხელყოფა“ დედაენისა, მშობლიურის ენისა, გაჩაღდა ბრძოლა ყოველივე ქართულის წინააღმდეგ. დაიწყო დევნა ქართული მეტყველებიდან ქართულის, მამა-პაპურის, სახელი შეეცვალა ბევრ რამეს. „ლომს, სახელწოდება ლომი რომ წავართვათ და მას კატა დავარქვათ, ქართულმა ფიქრთმეტყველებამ საუკუნეები შეიძლება ისე იწვალოს, ვერც ლომი აღიდგინოს ლომად და ვეღარც კატა _ კატად“, ანუ ლომი დაკნინდეს, დაპატარავდეს და კატა გახდეს, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია, ლომის, კატის და საერთოდ მთელი კაცობრიობის…

არა და „არ არსებობს არავითარი გამართლება, არავითარი დასაბუთება ეროვნული ისტორიის ასეთი „ცოდვიანი ხელყოფისა“, გნებავთ შეურაცხყოფისა და აბუჩად აგდებისა“.

„არც რომაელ პომპეუსს, არც არაბ მურვან ყრუს, არც ბიზანტიელ ბასილი კეისარს, არც მონღოლ ჩინგის ყაენს, არც თურქმან თემურლენგს და არც სპარსელ შაჰ-აბასს _ ყველა მათგანისაგან საქართველოს დაპყრობათა ჟამს, ისეთი რამე არ უქნიათ საქართველოსთვის, რაც ჩვენ თავადვე ჩაგვიდენია თანდათან, ნელ-ნელა, მისხალ-მისხალ ვკარგავთ, მამულს, ენას, სარწმუნოებას…“

არადა, რა ტანჯვით და წამებით მოვიდა იგი ჩვენამდე. გამოსტაცეს მურვან ყრუს, პომპეუსს, ჩინგის ყაენს და „მრავალთა სხვათა“, დავითმა, თამარმა, გიორგი ბრწყინვალემ, ილიამ, აკაკიმ, გამოსტაცეს მსხვერპლის და სისხლის საფასურად, მოიტანეს და დიდი რუდუნებით ჩაგვაბარეს. მოვუაროთ, მივხედოთ მას, ვუპატრონოთ და მოვეფეროთ ჩვენს ტკბილხმოვან ენას, გალაკტიონის, შოთას ენას, ენას ჩვენი იაკობისას, რომელმაც გამოსცა ქართული საანბანო წიგნი _ „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, ხოლო რაღაც 10 წლის შემდეგ კი მან დასტამბა ჩვენი ხალხისთვის უკვდავ და წმინდა წიგნად წოდებული „დედაენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“. იაკობი თავის სიცოცხლეში ამ წიგნის 32 გამოცემას მოესწრო. იაკობის „დედაენაზე“ გავიზარდეთ ჩვენ, იზრდებიან ჩვენი შვილები და ღმერთმა ქნას შვილთაშვილნიც ეზიარონ ამ სიბრძნეს, ისწავლონ „აი ია“ და ასე ლამაზად დაიწყონ ცხოვრების რთულ ლაბირინთებზე სვლა.

„ქართული ენის, წიგნის, ცოდნის დიდების ძეგლს წარმოადგენს უჩა ჯაფარიძის ქმნილება „დედაენა“ _ ზეცაში აჭრილი ყმაწვილი, ცოდნისაკენ, სწავლისაკენ, სინათლისაკენ, ჩვენი ხალხის მარადიულ, უბერებელ ლტოლვას გამოხატავს არა ზოგადი, სიმბოლური საზომებით, არამედ ხორცშესხმული ქანდაკური ხატოვნებით.

ეს ყმაწვილი თითქოს მღერის კიდეც _ მასწავლეთ წიგნი, მასწავლეთ, მასწავლეთ დედაენაო. სწორედ ესაა შემოქმედის დიდი გამარჯვება“.

ასე იმარჯვებდნენ ქართველნი ოდითგან, ამღერებდნენ თვით რკინასაც. ასაუბრებდნენ მას ყველა ენაზე, ეს სიდიადე უცხოტომელს უკვირს, ისინი ხომ სადღაც გუშინ შეიქმნენ და ჩამოყალიბდნენ. (ჩამოყალიბდნენ კი?!) ქართულ ენაზე, დედა ენაზე ამეტყველდა სიბრძნე და სიდიადე…

აქ, საქართველოში „აქ, აი ამ ქვეყანაში“, გალაკტიონის ქვეყანაში არავის  ძალუძს იმის უარყოფა, თუ რა სიძნელე გადაიტანა ქართველმა ერმა ენის შენარჩუნებისათვის, დედამიწის ზურგზე ვის არ სურს და ვინ არ ელტვის „თავი თავისი თვით ეყუდვნოდეს“, მითუმეტეს საქართველოს, რომელიც გმინავდა და მეფის რუსეთის უღელქვეშ იყო უფლებებს მოკლებული, მაგრამ არასოდეს, არასოდეს სხვისი ნასუფრალით არ გამოკვებილა, გმინავდა მაგრამ ღირსებას ინარჩუნებდა, ენას უფრთხილდებოდა, მამულს და სარწმუნოებას ეფერებოდა. ასე იყო ოდითგან, ამან მოგვიყვანა დღემდე, განუმეორებელი იყო თამარის და დავითის დრო. მასთან შედარებით დღეს თითქოს ცუდად გამოიყურება ყველაფერი, მაგრამ მე ვიტყოდი: არა, უფრო სწორად თითქოს დავკნინდით, მაგრამ თუ ჩვენს საუკუნეს შევადარებთ XVII-XVIII-XIX საუკუნეებს, მაშინ არც ისე უიმედობაა, მართლაც არ დავბეჩავებულვართ, თუმცა დაგვიკარგავს ბევრი რამ, მაგრამ მოგვიპოვებია კიდეც, მაგალითად XIX საუკუნეში ქართულ ენას პატივი აჰყარეს, დღეს კი განათლებას ვიწყებთ იაკობის მადლიანი, ქართული დედა ენით და უმაღლესშიც ამ ენაზე ვაგრძელებთ სწავლას, ეს ქართველი ხალხის გაუტეხელი სულის ნაყოფია.

1500 წლოვანი ისტორია ენისა, მრავალ ათას ენათა შორის 14 სამწერლო ენაა, მათ შორის ქართული- რაოდენ საამაყოა ეს.

რა მაგის პასუხია და, საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, ჩვენ მეგობრულად ვექცევით საქართველოს  ტერიტორიაზე მცხოვრებთ, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ ჩვენი ენა, ეზიარონ ჩვენს კულტურას _ „ადამიანი, რომელიც ჩვენს მიწაზე ცხოვრობს, მაგრამ არ სწავლობს  ენას და არ ინტერესდება ჩვენი კულტურით, ვერ ჩაითვლება  მეგობრად“ ცალმხრივი მეგობრობა კი შეუძლებელია, პატივისცემა ცალმხრივი, მეტი რომ არ ვთქვათ, უნამუსობაა ფრიად. ქართული მიწა მწვანილის, ციტრუსებისა და სხვა ბარაქისთვის კი არ უნდა უყვარდეთ მხოლოდ, უნდა უყვარდეთ სისხლხორცეულად, დიადი ისტორიით, დამარცხებულიც და გამარჯვებულიც, ანთებულიც და ჩამქრალიც, დაკნინებულიც და აღზევებულიც. იცოდეთ, ისწავლეთ ენა ქართული. წაიკითხეთ „ვეფხისტყაოსანი“ ქართულად, პატივი ეცით „მამულს, ენას, სარწმუნოებას“.

ბელა ონიანი


Share.

Leave A Reply