გამარჯვება დრამატული ფინალით

0

ბოლნისის “ყოჩებმა” კიდევ ერთი საოცარი თამაში ჩაატარა, ამჯერად ბედნიერი დასასრულით. ორი კვირის წინ ბოლო წამზე “არმიასგან” მიღებული არელნით განცდილი მარცხის შემდეგ, თბილისის “ლოკომოტივთანაც” თითქოს იგივე სცენარი მეორდებოდა. თუმცა, ამჯერად ბექა წიკლაურის არეკნის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და გუნდის კაპიტანმა თემურ სოხაძემ მეტოქეს შორეული არეკნითვე უპასუხა!

მოკლედ, საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასკვნითი მატჩი მართლაც რომ საიცარი აღმოჩნდა. “ყოჩებს” პლეი ოფში ქუთაისში მგზავრობისაგან თავის ასაცილებლად, “ლოკომოტივთან” მხოლოდ გამარჯვება ჭირდებოდა და საწადელს მიაღწია. თუკი ქუთაისში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები 70-30-ზე იქნებოდა მეტოქის სასარგებლოდ, ახლა ეს შანსები გათანაბრდა და “აიას” საკუთარ მოედანზე ისევე შესაძლებელია, როგორც ეს ერთი თვის წინათ მოხდა.

“ყოჩები” ახლა საუკეთესო ფორმაშია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს – უკანასკნელ 10 მატჩში 8 გამარჯვება და მხოლოდ ორი მარცხი, ორივე მინიმალური სხვაობით და ბოლო წუთზე მიღებული, ან ვერგატანილი 3-ქულიანი დარტყმის გამო. და ეს გუნდით, რომელსაც არ აქვს გრძელი სათადარიგო სკამი, მაგრამ არსებულ რესურს რულად იყენებს და მეტოქეთა ძალის გათვალისწინებით თამაშობს სწორი ტაქტიკით. სწორედ სწორმა სათამაშო ტაქტიკამ და მორაგბეთა უდიდესმა თავდადებამ მოიტანა ეს გამარჯვებაც, რომელმაც პლეი ოფის პირველი ეტაპის დაძლევის შანსი მნიშვნელოვნად გაზარდა.

თამაშამდე ცოტა ხნით ადრე წვიმა დაიწყო და ამან თამაშს თავისი დაღი დაასვა. “ლოკომოტივი” ჩვენს გუნდს შერკინებაში სჯაბნიდა, მაგრამ სხვა მხრივ “ყოჩები” უკეთ გამოიყურებოდა ღია თამაშში და ტაქტიკურადაც უკეთ მოქმედებდა. ჩვენმა გუნდმა ანგარიში მე-8-ე წუთზე გახსნეს, როდესაც მთავარმა ბომბარდირმა თემურ სოხაძემ კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. “ლოკომოტივმა” გასატანი ჯარიმა აუტში გაიტანა და იქიდან სცადა ბედი, ამას სამი 5-მეტრა შერკინება მოყვა, მაგრამ “ყოჩებმა” კარგი დაცვა ითამაშა და მეტოქეს ძალისმიერი უპირატესობის გამოყენების შანსი არ მისცა, მერე კი, სოხაძემ დიდებული დარტყმით სიტუაცია განმუხტა.

ტაიმის შუაში “ყოჩებმა” შეტევა წამოიწყო და ჯერ ნიკოლოზ ჩხიკვაძემ და მერე რატი ურუშაძემ იარეს კარგად, სოხაძემ მომენტი შეარჩია და ანგარიშის გაზრდა არეკნით სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მალევე გიორგი ბეგაძემ ითამაშა ფეხით კარგად და თავისი ნახევრიდან ბურთი აუტში, ზედ ალამთან გადაიტანა. 25-ე წუთზე “ლოკომოტივი” დაჯარიმდა და კარიდან დაახლოებით 15 მეტრში, პირველ ჯერზე “ყოჩებმა” ლელოზე თამაში გადაწყვიტა, მაგრამ მეტოქე მეორედაც რომ დაჯარიმდა, სოხაძემ ანგარიში 6:0 გახადა.

ამას კიდევ ერთი კარგი კონტრშეტევა მოყვა: ირაკლი გეგენავა საკუთარი ლელოს დაახლოებით 15 მეტრიდან დაიძრა, სამ მცველს ფინტებით დაუსხლტა და 45 მეტრი ირბინა, მაგრამ ბოლო მცველს ვეღარ გასცდა. ტაიმის ბოლოს ჩხიკვაძემ შერკინებიდან წამოიწყო იერიში და ბურთი შავლეგ მახარაშვილს გაატანა, რომელზეც მცველები დაჯარიმდნენ და სოხაძემ 45 მეტრიდანაც უშეცდომოდ დაარტყა. შედეგად, “ყოჩებმა” ტაიმი 9:0 მოიგო, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ჯარიმა თავად გაუშვა.

9-ქულიანი უპირატესობა მალევე აღდგა, რადგან სოხაძემ კარიდან მარჯვნივ 36 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ უპირატესობის გაზრდის შანსი კვლავ ჩვენს კლუბს ჰქონდა. პირველ ჯერზე ცენტრალურ ხაზთან მეტოქეს ბოჭვისას ბურთი გაუვარდა, მას ფეხი წაკრეს და ერთბაშად სამი ჩვენიანი მიყვა, მაგრამ მცველმა მისი საკუთარ ჩათვლის მოედანში დამიწება მოასწრო. 50-ე წუთზე შანსი უფრო რეალური იყო, მაგრამ მანამდე შორი დისტანციებიდან ასპროცენტიანმა სოხაძემ, ახლო მანძილიდან გასატანი ჯარიმა გააფუჭა.

ამასობაში წვიმა გაძლიერდა და ამან ბოლნისელებზე უარყოფითად იმოქმედა. 54-ე წუთზე წიკლაური ფეხით გადაკიდებულ ბურთს თავადვე დაეუფლა, გოდერძი ჭინჭარაულმა ხაზი გაჭრა და იერიში მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა, ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში “ყოჩებმა” შეტევის შეჩერება მოახერხა, მაგრამ ბურთი მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშდა და წიკლაურმა თავისი დაწყებული იერიში ლელოთი დააგვირგვინა, მერე კი, გარდასახვაც გაიტანა – 10:12. შერკინები გარდა დაკიდებული ბურთების დაკარგვა იყო ის კომპონენტი, რომელშიც იმ დღეს “ყოჩები” მოიკოჭლებდა და კიდევ ერთი, ხშირად იჭრება ხაზი ცენტრში და პლეი ოფის თამაშებამდე მათი გამოსწორება აუცილებელია.

წიკლაურს 51 და 33 მეტრიდან ჯარიმები გაუცუდდა, მაგრამ 64-ე წუთზე 27 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და “ლოკომოტივი” 13:12 დაწინაურდა. წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა, დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ახლა უკვე “ყოჩებმა” შეუტია დაკარგული უპირატესობის დასაბრუნებლად. ჩვენმა უკანახაზელებმა კარგად კომბინაცია გაითამაშეს და ფლანგზე გაქცეულმა გეგენავამ სალელოვე პასიც გააკეთა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა იერიში შეაჩერა – პასამდე გვერდით ხაზს ფეხი დააბიჯაო. მერე მახარაშვილმა შორიდან არეკნის გატანა სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, 74-ე წუთზე “ლოკომოტივი” რომ დაჯარიმდა და ლევან გენებაშვილი სინბინით დაისაჯა, სოხაძემ 45 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და გუნდი დარჩებილ დროში კაცნაკლულ მეტოქესთან გამარჯვებას მიუახლოვა.

თუმცა, განახლდა თუ არა თამაში, პირველი ბურთის აღება ისევ ვერ მოხერხდა, წიკლაურმაც 40 მეტრიდან მოულოდნელად არეკნი დაჰკრა და ბურთმა ქვედა ძელს ზევით რამდენიმე სანტიმეტრში გაიარა – 15:16. “ყოჩებმა” 78-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და თითქოს პოზიციაც ხელსაყრელი იყო, მაგრამ ამჯერად სოხაძეს დარტყმა გაუცუდდა. ისე ჩანდა, რომ აქ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ბიჭებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს და ლევან გოგოლაშვილმა ჭინჭარაულს არეკნზე დაუფარა. სალელოვე შეტევა არასწორი გადაწყვეტილების გამო ჩაიშალა, მაგრამ “ლოკომოტივმა” ბურთი დაკარგა. “ყოჩებმა” ძალა მოიკრიბეს და შერკინებაში შორი დისტანციიდან ჯარიმის შესრულების უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მანამდე სოხაძემ 48 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და ბურთმაც ძელებსშუა გაიარა. მსაჯის საფინალო სასტვენიც იქვე გაისმა და “ყოჩებმა” 18:16 იმარჯვა!

ამრიგად, მომავალ კვირას ბოლნისი, ან თბილისის, პლეი ოფის პირველ ეტაპზე “ყოჩებისა” და ქუთაისის “აიას” მატჩს უმასპინძლებს, ამ წყვილის მოგებული კი, შემდეგ ეტაპზე “ლოკომოტივსა” და “ჯიქებს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი 

XVIII ტური (ბოლო) 

26 აპრილი

თბილისი. “შევადრენი”. 200 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი) 16:18 (0:9)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (ელოშვილი 56), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ზარიძე 56), 4. გეგია, 5. ხულუაშვილი, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი (ბალიაშვილი 77), 8. თავბერიძე (კიკვაძე 72).

1 ლელო: წიკლაური

1 გარდასახვა: წიკლაური

2 ჯარიმა: წიკლაური

1 არეკნი: წიკლაური

1 სინბინი: გენებაშვილი

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. კვარაცხელია (გოგოლაშვილი 59), 13. გარუჩავა, 12. ხარშილაძე (აბდუშელიშვილი 72), 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 60), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 50), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ტვილდიანი 66), 6. გუგეშაშვილი (ხვისტანი 60, მაისურაძე 76), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

5 ჯარიმა: სოხაძე

1 არეკნი: სოხაძე

 

თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი

არმია (თბილისი) – ლელო (თბილისი) 19:10 (12:3)

 

1. არმია 18 13 1 4 454-268 63

2. ლელო 18 12 0 6 476-241 59

3. ლოკომოტივი 18 13 0 5 403-314 58

4. ყოჩები 18 12 1 5 389-307 56

5. აია 17 10 0 7 349-240 48

6. ჯიქები 17 8 2 7 302-257 43

7. არმაზი 17 8 0 9 281-400 35

8. ხარები 17 4 0 13 214-404 19

9. აკადემია 17 2 0 15 236-390 17

10. ბათუმი 17 3 0 14 257-540 16

 

27 აპრილი

ქუთაისი. “დინამო”. 16:30 საათი

აია (ქუთაისი) – აკადემია (თბილისი)

თბილისი. “შევადრენი”. 16:30 საათი

არმაზი (თბილისი) – ხარები (რუსთავი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი

ჯიქები (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი)

 

3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი

I. ლოკომოტივი (თბილისი) – ჯიქები (თბილისი)

II. ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი)

10-11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი 

I გამარჯვებული – II გამარჯვებული

არმია (თბილისი) – ლელო (თბილისი)

 


Share.

Comments are closed.