ბოლნისში ბიბლიოთეკების კვირეული გრძელდება

0

1907294_1448936672018114_2540300172642218534_n„უნდა წაიკითხო წიგნები, რომ განსაჯო სად არის კეთილი და სად ბოროტი“ უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ეს სიტყვები ლაიტმოტივად  გასდევს ბიბლიოთეკების კვირეულს. საბავშვო ბიბლიოთეკა, როგორც ყოველთვის, წელსაც საინტერესოდ და შინაარსიანად შეხვდა კვირეულს. „ხე-ყვავილნარის წალკოტი წიგნის სამყაროს ნაკრძალში“ ასე უწოდეს ღონისძიებას და ნორჩი მკითხველები მოიწვიეს. მონაწილეობას  ქალაქ ბოლნისის და სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. ბავშვებმა  ბუნებას და გაზაფხულს ხოტბა შეასხეს და ჩვენი საყვარელი მგოსნები კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.

„იას უთხარით ტურფასა…“, „აღმოაცენა უფალმან ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი…“ „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამაჩემი მევენახეა…“ ეს ის მარგალიტებია, რაც ბავშვებმა ნასწავლიდან და ნააზრევიდან, საყვარელი მწერლების შემოქმედებიდან წარმოგვიდგინეს.

ლია ბუბუტეიშვილი, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორი:

„მშვენიერი ღონისძიება ჩატარდა. ბავშვებმა არაჩვეულებრივად წარმოგვიდგინეს გაზაფხულის და ბუნების დღესასწაული. დიდი მადლობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს,  ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და განსაკუთრებით სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ ქართულ ენაზე მშვენივრად იმეტყველეს, რაც მასწავლებლის დიდი შრომის ნაყოფია. კვირეულის ფარგლებში ჩვენი ბიბლიოთეკები კიდევ მრავალ საინტერესო სანახაობას შემოგვთავაზებენ. დასკვნითი ღონისძიება  კი 7 მაისს  მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდება“.

„გილოცავთ გაზაფხულის დამკვიდრებას ჩვენს მადლიან მიწა-წყალზე. მოგეხსენებათ საქართველოში ბიბლიოთეკების კვირეული ტარდება. ჩვენი ღონისძიებები მიმართულია წიგნიერების პროპაგანდისკენ და ახალგაზრდების  ბიბლიოთეკაში მოზიდვას ემსახურება. ამის დასტურია დღევანდელი დღეც. ნორჩმა მკითხველებმა მშვენიერი დღე გვაჩუქეს“. – აღნიშნა საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერმა თამარ მღვდელაძემ.

თათული უდესიანი, პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე:

– ამ ბიბლიოთეკის მკითხველები ვართ და ძალიან  გვიყვარს აქაურობა. ეს ღონისძიებაც ბიბლიოთეკის კვირეულს მივუძღვენით და ჩვენი პოეტების შემოქმედება წარმოვადგინეთ“.

ნათია ჭყონიძე, მეხუთე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე:

– ჩვენი პოეტების შემოქმედება გავაცოცხლეთ, ეს გაზაფხულის და ბუნების დღესასწაული იყო, ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის  და მე მგონი კარგად გამოგვივიდა.

შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკების კვირეული საქართველოში 2002 წლიდან ტარდება – ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. კვირეულის მიზანია წარმოაჩინოს ქართული ბიბლიოთეკების მიღწევები და პრობლემები, უკეთ გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებას. ანალოგიური ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში „ბიბლიოთეკების კვირეულების ან „ბიბლიოთეკების დღეების“ სახელწოდებით.

10177943_1448935538684894_3858918676435487849_n 10305054_1448935542018227_7898455849415513496_n

10257356_1448935495351565_116814061609362216_n

Share.

Comments are closed.