ბოლნისს განათლების მინისტრის მოადგილე სტუმრობდა

0

მინისტრ.მოადგილე 1 დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ რეგიონული სასწავლო ცენტრი გახსნა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ახორციელებს. სასწავლო ცენტრის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

„პირველ რიგში სრულიად საქართველოს ვულოცავ დედაენის  დღეს, რაც შეეხება ცენტრის გახსნას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გაივლიან ქართული ენის ხარისხიანი სწავლების კურსს. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიზანია, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრირება, რადგანაც ყველა საჯარო მოხელე ემსახურება საზოგადოებას და აუცილებელია მან იცოდეს სახელმწიფო ენა. დღეს დაიწყო სწავლების პროცესი, რომელიც მოიცავს ენის შესწავლას. შემდეგ კი იქნება მეორე ეტაპი, რისი საშუალებითაც გაივლიან  სახელმწიფო მართვის კურსებს. ვულოცავ მათ ამ ცენტრის გახსნას და ვუსურვებ წარმატებებს“. _ აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

დღეიდან სამი თვის განმავლობაში ბოლნისის თვითმმართველობაში და ცენტრალური სტრუქტურების ადგილობრივ ორგანოებში დასაქმებული, ეთნიკური უმცირესობის 32 წარმომადგენელი სახელმწიფო ენის საბაზისო პროგრამის კურსს გაივლის.  სასწავლო პროცესის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ობოლაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.

მოადგილე4

„სიმბოლურია, რომ დღეს არის დედაენის დღე და  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იწყებენ ქართული ენის საბაზისო კურსის გავლას. სწავლების პროგრამაში ძირითადად ჩართულები არიან მუნიციპალიტეტის  აზერბაიჯანელი  სპეციალისტები და რწმუნებულები, რომლებსაც ნამდვილად უჭირთ ქართულ ენაზე მეტყველება. სახელმწიფო ყველანაირად ზრუნავს მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე. ამიტომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დაიწყო ენის შემსწავლელი კურსების განხორციელება, სწორედ მათი საშუალებით შეისწავლიან სახელმწიფო ენას იმისათვის, რომ შემდგომში ჩვენს შორის კომუნიკაცია მოხდეს ქართულ ენაზე“. განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

სამთვიანი საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები და საშუალება მიეცემათ გაიარონ სახელმწიფო მართვის სრული სასწავლო კურსი ქუთაისში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში.

„ამ პროგრამის მიზანია მსმენელებმა შეისწავლოს სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე, მარტივი ტექსტური შეტყობინებების, საქმის წარმოების მიზნით წერილების და დოკუმენტების შედგენა. ჩვენ დღეს სწორედ ამ მიზეზით გავხსენით სასწავლო ცენტრი და დავიწყეთ ენის შესწავლა. სასწავლო პროცესში ჩართულია ქართული ენის ორი პედაგოგი. ვიმედოვნებ რომ ჩვენი პროგრამა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“. _აღნიშნა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის იურისტმა ხათუნა არველაძემ. დღეს ბოლნისის პარალელურად სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სწავლება განაახლა ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, მარნეულში, გარდაბანსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში.

2014 წლის მანძილზე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ 2000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის გადამზადებას გეგმავს.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დაარსდა 2005 წელს. სკოლის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით და მათი საჯარო ადმინისტრირების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.


Share.

Comments are closed.