ბოლნისს ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა ექნება

0

პირველ აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია თემაზე „ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა“, რომლის შემუშავებაც წარმოადგენს პროცესს, აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. პროექტის ორგანიზატორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის  წევრმა ქეთევან ცხაკაიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამოქმედო გეგმის ნიმუში, თუ რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა შევიმუშავოთ ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა.

„ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენას სტრატეგიული დაგეგმარების გრძელვადიან პროცესს, რომელიც მიმართულია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისკენ, აღნიშნული პროგრამის ძირითადი პრინციპია ადგილობრივ დონეზე საზოგადოების აქტიური მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაშია ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ღებულობენ საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. პროექტში ჩართულობით მოქალაქეები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, თუ როგორ შეიტანონ წვლილი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების პროცესში და დაიცვან საკუთარი უფლებები.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (BWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის“ (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციასაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

დღეს უკვე მეორე შეხვედრაა ამ პროექტის ფარგლებში, გვექნება კიდევ რამოდენიმე შეხვედრა, რის შემდეგაც შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც საკრებულოს წარვუდგენთ. ბოლნისი უკვე მეხუთე რეგიონია, სადაც ეს გეგმა შემუშავდა და საკმაოდ კარგ შედეგზეც გავედით. ბოლნისში მხარს გვიჭერს ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი, სწორედ მათთან ერთად ვახორციელებთ ამ შეხვედრა-ტრენინგებს. პირველი შეხვედრიდან განსაზღვრულია ოთხი ძირითადი პრობლემა, ესენია: სასმელი წყლის  დაბალი ხარისხი, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, მდინარე მაშავერას დაბინძურება და მწვანე საფარის მდგომარეობის გაუარესება. სწორედ ამ ოთხ პრობლემას დავაკონკრეტებთ დღეს და დავსახავთ მიზნებს, რასაც შემდგომ შეხვედრებზე განვიხილავთ, შევიმუშავებთ ღონისძიებებს და შევქმნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას, რომელიც წაადგება ქალაქს და გარემოს“._ აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში პროექტის ორგანიზატორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის წევრმა ქეთევან ცხაკაიამ.


Share.

Comments are closed.