აღმოჩენილია მონეტა, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება – ბოლნისის სიონში არქეოგეოფიზიკური კვლევები დაიწყო

0

სიონი3კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით გეოფიზიკური კვლევების პროექტი V საუკუნის ტაძრის ბოლნისის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.  წინასწარი გეოფიზიკური კვლევის შედეგად შეიქმნება სურათი, რომლის მიხედვითაც დადგინდება ის კონკრეტული ტერიტორიები, სადაც დაიგეგმება და განხორციელდება არქეოლოგიური კვლევები, რომელიც საბოლოოდ ქვეყნისა და ტაძრის შესახებ კიდევ უფრო მეტ საინტერესო და მნიშვნელოვან ისტორიას გაგვაცნობს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ კომპლექსებს და არქეოლოგიურ ძეგლებს შესწავლის მიზნით, წინასწარი გეოფიზიკური კვლევები ჩატარდება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში  ვიმყოფებით დღეს ქვეყნის უძველესი ტაძრის სიონის ტერიტორიაზე, სადაც უკვე დავიწყეთ წინასწარი კვლევები, რაც ხელს შეუწყობს არქეოლოგიური კვლევების სწორ დაგეგმვას და  შეამცირებს ძეგლის შესწავლის პროცესების ხანგრძლივობას. გეორადიოლოკაციური კარტირებით მიღებული მასალები არქეოლოგებს საშუალებას მისცემს სამუშაოები კონკრეტულად იმ მონაკვეთებში აწარმოონ, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული დღემდე უცნობი არტეფაქტების არსებობის შესახებ“. – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ბოლნისის სიონში არქეოგეოფიზიკური კვლევების დაწყებას ბოლნისის ეპარქიის მთავარიეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ესწრებოდა.

„ჩვენ არაერთი წელია ვითხოვთ, რომ საფუძვლიანად იყოს შესწავლილი და შემდგომ განახლებული ბოლნისის სიონის მიმდებარე ტერიტორია და მადლობა ღმერთს, რომ დაინტერესდა ჩვენი მთავრობა ამ საკითხით და დღეს უკვე დაიწყო წინასწარი კვლევები. მოგეხსენებათ რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ეს ტაძარი. სწორედ ბოლნისის სიონის უძველესი კედლები ინახავს და ადასტურებს ქართული ენისა და წერის უძველეს ნიმუშებს. ბოლო წლების განმავლობაში კი სხვადასხვა სახის წარწერიანი თუ ორნამენტული ქვები აღმოვაჩინეთ სიონის ეზოში. ასევე ნაპოვნია მონეტა, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება. დღეს უმნიშვნელოვანესი საქმე დაიწყო და  უახლოეს წლებში საბოლოოდ იქნება დადგენილი ყველა ინფორმაცია სიონის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ გვეცოდინება ჩვენი წარსული სწორად მომავალს ვერ გავაგრძელებთ“. –აღნიშნა ბოლნელმა ეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.

სიონი4

სიონი 2


Share.

Comments are closed.