ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფლების რატევანის და ბალიჭის მოსახლეობას შეხვდა

0

852028_235552606645969_44406322_oსოფელ რატევანში,  სადაც 380 ოჯახი ცხოვრობს, წლებია სასმელი წყლის პრობლემაა. სოფელს დღე-ღამეში 2 საათით მიეწოდება წყალი, მოსახლეობას  კი გადასახადის გადახდა 24 საათიანი გრაფიკით უწევთ.   ვინაიდან წყალი აზერბაიჯანული სოფლების გამოვლით    თვითდინებით მოედინება,  მოსახლეობა წყალს სარწყავად ხმარობს, ამიტომ რატევნამდე  სასმელი წყალი მცირე რაოდენობით აღწევს, რაც მოსახლეობის სამართლიან გულის წყრომას იწვევს. გარდა სასმელი წყლისა, სოფელში არც სარწყავი წყალია და საძოვრების პრობლემაც დგას, რადგან მინდვრები კერძო მესაკუთრეებს აქვთ შემოღობილი.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობას მომავალ კვირას შეხვდება და სასმელი წყლის პრობლემას   წყალმომარაგების კომპანიასთან დააყენებს. სოფელ რატევნის მოსახლეობამ საჯარო სკოლის წინ სიჩქარის შემანელებლის დამონტაჟებაც ითხოვა. ალექსანდრა ობოლაძე ამ პრობლემის გადაწყვეტასაც უახლოეს მომავალისთვის დაჰპირდა.

რატევნის შემდეგ გამგებელმა სოფელ ბალიჭის მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა. სოფელში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, ადგილობრივები  ნაგვის ბუნკერების დამატებას ითხოვენ, რადგან ურნების სიმცირის გამო სოფელში ხშირია ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელები. მოსახლეობას შიდა გზების, გარე განათების და სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს. მოსახლეობის ნაწილს კვირაში სამჯერ, 2 საათით მიეწოდება სასმელი წყალი, ნაწილს კი საერთოდ არა.  გასულ წელს სოფლის განვითარების პროგრამით ჭაბურღილი დამონტაჟდა. იმისათვის რომ წელს მოხდეს მილების დაქსელვა, საჭიროა გეოლოგიური დასკვნა, ამოვა თუ არა ჭაბურღილიდან საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი. გამგებლის დავალებით შედგება სოფელში მცხოვრები გეოლოგების  ხუთკაციანი ჯგუფი და ერთად იმსჯელებენ, თუ როგორ მოხდეს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა.

„შევხვდი ამ ორი სოფლის მოსახლეობას, მოვისმინე მათი პრობლემები.  სოფელ რატევანში სასმელ წყალთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ამ ადამიანების ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს. სანამ რატევნამდე წყალი მივა, აზერბაიჯანელი მოსახლეობა მას სარწყავად იყენებს, ამიტომ უნდა მოხდეს ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება, რაც წყლის უყაირათოდ ხარჯვას შეამცირებს. მაგრამ \ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სარწყავ წყალსაც, არ შეიძლება ერთი პრობლემის აღმოფხრვით, მეორის წინაშე დავდგეთ. რაც შეეხება სოფელ ბალიჭს, აქაც ბევრი პრობლემაა, კომუნალური  მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გადავწყვეტთ, როგორ მოხდეს ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელების დასუფთავება და  დავამატებთ ასევე ნაგვის ურნებს.

მნიშვნელოვანი თემაა სასმელი წყალი.  ვთხოვე მოსახლეობას, სპეციალისტებისგან შედგეს კომისია და ერთად გადავწყვიტოთ, როგორ მოგვარდეს ამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა, დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რაშიც დაიხარჯება წლევანდელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა.“ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

10245088_235551673312729_949085706_o 10252902_235550863312810_1095086687_o


Share.

Comments are closed.