ბოლნისის წითელი ჯვრის ხანდაზმულთა დღის ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ჩამოსული იყვნენ კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები, რომლებმაც უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს მოსახლეობას. აქციის ფარგლებში უფასო გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. საჭიროებისამებრ პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური, ოფთალმოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები.
„აქცია, ჩვენი კლინიკის და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის პოპულარიზაციას და გაცნობას ემსახურება, დღეს ბოლნისელებს მოვემსახურებით, პაციენტებს სრულიად უფასოდ გასინჯავენ ჩვენი კლინიკის სახელოვანი ექიმები:
ანგიოქირურგი, გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ნერვოპათოლოგი. ჩვენმა მხარდამჭერმა კომპანიამ ავერსი რაციონალმა კი გამოგვიყო მედიკამენტები და ექიმის დანიშნულების შესაბამისად ურიგდებათ პაციენტებს. პროგრამის ფარგლებშივე ვაცნობთ კლინიკის შესახებ ინფორმაციებს, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ამ აქციას. გასულ წელს დასავლეთ საქართველო მოვიცავით. წელს აქცია ბოლნისიდან დაიწყო, ერთი დღე ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სრულიად უანგაროდ მოვემსახურებით“. _აღნიშნა ქირურგიის
ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო ცენტრის თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა.
ნანა ლაზარეშვილი, პაციენტი:
_ ჩავიტარე გამოკვლევა, ნერვოპათოლოგსა და ტრავმატოლოგსაც გავესინჯე, კმაყოფილი ვარ, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ექიმები არიან. გულდასმით გამსინჯეს, მოისმინეს ჩემი პრობლემებიც. მადლობელი დავრჩი, დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებიც მომცეს. კარგი იქნება ასეთი სახის უფასო გამოკვლევები წელიწადში ორჯერ რომ ჩატარდეს.