ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება

0

ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში ორშაბათიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება. კვირეული დევიზით „ჩემი ბიბლიოთეკა _ ჩემი სამყარო“ 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით გაიმართება. კვირეული საქართველოში   2002 წლიდან, საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით აღინიშნება.

ბოლნისში კვირეულს გახსნის მთავარი ბიბლიოთეკა თემით „დიდი ადამიანები საქართველოში“. მისი  მიზანია ბიბლიოთეკების პოპულარიზაცია და ბავშვებში წიგნის სიყვარულის გაღვივება. „ტრადიციულად 11 ბიბლიოთეკაში ჩავატარებთ საინტერესო ღონისძიებებს. გვაქვს შედგენილი სპეციალური გრაფიკი და გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ. მოეწყობა მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, შეხვედრები პოეტებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და საინტერესო პიროვნებებთან, გაიმართება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. კვირეული წარმოაჩენს ბიბლიოთეკის პრობლემებს, მიღწევებს და მისწრაფებებს, ღია დიალოგით გზების დასახვას, მათი პოტენციალის ოპტიმალური გამოყენების გზებს. დღეს ბიბლიოთეკა  არა მარტო წიგნების გამოყენების ადგილია, არამედ  ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის, კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლების, განათლების, მსჯელობის ასპარეზია“. _ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორმა ლია ბუბუტეიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს 11 ბიბლიოთეკა და 31 თანამშრომელი ემსახურება, აქედან სამი _ მთავარი, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკა ქალაქში მდებარეობს. წიგნის ფონდი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა დღეს მოთხოვნა თანამედროვე და ილუსტრირებულ წიგნებზე გაიზარდა და მკითხველის რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

ბიბლიოთეკარების მიერ ყოველდღიურად ხდება მკითხველის აღრიცხვა, გაცემული წიგნების აღრიცხვა და   ჟანრობრივად დაყოფა. წიგნების შეძენა  მოთხოვნის შესაბამისად ხდება. მკითხველის რაოდენობამ  მას შემდეგ უფრო მოიმატა, რაც ქალაქის ბიბლიოთეკების ინტერნეტით აღჭურვა მოხდა და ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი ინფორმაციების მოძიება.  სოფლის ბიბლიოთეკებშიც იგეგმება ინტერნეტის შეყვანა.  მკითხველისთვის თბილი გარემოა შექმნილი, თუმცა დაბა კაზრეთისა და თამარისის ბიბლიოთეკებს სახურავთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, სისველემ წიგნის ფონდამდე მოაღწია, ინფორმაცია ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისათვის ცნობილია და სახურავის შეკეთება უახლოეს დროში მოხდება. როგორც  საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორი აღნიშნავს, ბევრი სიახლე იგეგმება ბიბლიოთეკებში. მალე  მთავარ ბიბლიოთეკაში განთავსდება აუდიო წიგნები, რომელიც შემდგომში რაოდენობრივად გაიზრდება, ასევე  ეტაპობრივად მოხდება სოფლებში წლების წინ დაკეტილი ბიბლიოთეკების გახსნა და აღდგენა.


Share.

Comments are closed.