74 წლის ასაკში ღვაწლმოსილი ბოლნისელი, ცნობილი ლოტბარი და მომღერალი ზაურ ხუჯაძე გარდაიცვალა

0

1501576_710778318955176_890968167_o

 

ბოლნისელთათვის ცნობილი პიროვნება და საზოგადო მოღვაწე, ქართული კულტურის ღვაწლმოსილი ადამიანი, ლოტბარი და მომღერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, უამრავი სახელმწიფო ჯილდოსა და წოდების მატარებელი ზაურ ხუჯაძე 74 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

„კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ – ასეთი შეფასება გაუკეთა მის გარდაცვალებას ხათუნა ქარაიამ.

„ეს მართლაც დიდი დანაკლისია… ვწუხვარ… დღევანდელი ბოლნისი კარგახანს ვერ მიხვდება მის ფასს… რა ბედნიერებაა ასეთ პიროვნებას რომ ვიცნობდი… მადლობა ბატონო ზაურ, ჩემმა თაობამ ბევრი კარგი რამ ისწავლა თქვენგან“ – იზოლდა ნიავაძე.

ბატონი ზაურის ოჯახი ბოლნისში დიდი სამამულო ომის წლებში ჩამოსახლდა. აქ გაატარა მან ბავშვობა და ბოლნისის ჭეშმარიტ პატრიოტად ჩამოყალიბდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის კულტსაგანმანთლებლო სასწავლებელში. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა უპრობლემოდ ჩაირიცხა კონსერვატორიაში და მაშინვე მიიპყრო პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ყურადღება. მას ყველა ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდა. კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, დაბრუნდა ბოლნისში და საყვარელ საქმეს მოჰკიდა ხელი, ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი და პარალელურად ათეული წლების მანძილზე თავკაცობდა რაიონის სამუსიკო სკოლას.

დიდია მისი ღვაწლი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების აღორძინებისა და პოპულარიზაციის კეთილშობილურ საქმიანობაში. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ, ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას საქართველოს  ძირძველ მიწაზე – ბოლნისში.

1961 წელს ჩამოაყალიბა სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი „სიონი“, რომელმაც მრავალ წარმატებას მიაღწია, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მისი ინიციატივით ბოლნისის რაიონში შეიქმნა რამდენიმე სტუდია, სოფელ კაზრეთში დააარსა სამუსიკო სკოლა, საფუძველი ჩაუყარა ბოლნისის მოსწავლე-ახალგაზრდობის თვითმოქმედ ინტერნაციონალურ კაპელას და ასე შემდეგ. ვრცელია მისი საქმიანობის ჩამონათვალი, რაზეც დაწვრილებით bolnisi.ge უახლოეს ხანში გიამბობთ.

Share.

Comments are closed.