აქციის მონაწილეებმა საყდრისის ტერიტორიას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს

0

DSC_0959სტუდენტების საპროტესტო აქცია „დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა”, რომელიც დაბა კაზრეთის გადასახვევიდან დაიწყო და საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა გზა საყდრისამდე ფეხით გაიარეს, შეძახილებითა და ბანერებით: „სოლიდარობა გაფიცულ მუშებს”,  „დაიცავი საყდრისი” და ასე შემდეგ. სტუდენტებს დაბის მოსახლეობის, სოფელ ბალიჭისა და გათავისუფლებული მუშების ნაწილი შეუერთდა. აქციაზე იმყოფებოდა მარინა მიზანდარი სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად.

აქციის მონაწილეები კომპანია RMG-ის დაცვის სამსახურმა ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაძაბული სიტუაცია მალე განიმუხტა, აქციის წევრებმა გარე პერიმეტრზე, საყდრისის მისასვლელთან გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი.

 მარინა მიზანდარი კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე:

– სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია დღევანდელი მშვიდობიანი აქციის შესახებ. მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, ჩამოვედით ჩვენი მტკიცე პოზიციის გამოსახატავად, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. ყველა მოქალაქის უფლება-მოვალეობაა დაიცვას თავისი მემკვიდრეობა, მითუმეტეს როცა სახელმწიფო ჯეროვნად ვერ აფასებს ამ არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობას. გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან არ გვიშვებენ  ძეგლთან. ვითხოვთ, რომ არ განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობა, აქ არ უნდა მოხდეს არანაირი  სამუშაოს წარმოება, დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს ძეგლს სტატუსი, ასევე მოვითხოვთ ბათილად იქნას ცნობილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 13 მარტის გაყალბებული დასკვნა. სასწრაფოდ მოხდეს საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება საზოგადოების წარმომადგენელთა, ჟურნალისტთა და იმ არქეოლოგთა თანხლებით, რომლებიც ობიექტს იცნობენ და ნდობას იმსახურებენ. მოწვეული იქნას სამთო არქეოლოგიის სპეციალისტთა საერთაშორისო კომისია.

გიორგი აზარაშვილი RMG გოლდის განთავისუფლებული თანამშრომელი:

– შეუერთდით სტუდენტების აქციას, ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ, ჩვენი უფლებების აღდგენას ითხოვენ, სანამ არ იქნება ჩვენი პირობები დაკმაყოფილებული არ დაუშვებენ საყდრისზე სამუშაოების დაწყებას. გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები.

ნორიკ ადოიანი სტუდენტი: 

– შევიკრიბეთ იმისთვის რომ ხელისუფლებას გაუგზავნოთ გზავნილი, დაიცვას ხალხის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობა დანგრევას გადაარჩინონ. ხალხში პროტესტი არ წყდება, ვიბრძოლებთ ბოლომდე. გვინდა იმ ადგილის ნახვა სადაც საყდრისია, ვცადეთ შესვლა, პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა პირადად ხელიც კი მომხვდა.

დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით კომპანია RMG-იმ  განცხადება გაავრცელა:

„კომპანია RMG როგორც ყოველთვის მოქმედებს კანონის ფარგლებში და აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს ყველა საჭირო ნაბიჯს საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ყველენაირი სახის სამუშაოები შეჩერებულია.“ – ნათქვამია განცახადებაში.

DSC_0993

DSC_0981

DSC_0967

DSC_0964 DSC_0966


Share.

Comments are closed.