ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2014 წლის შემოდგომიდან სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას გეგმავს. ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება. ყველა ძველი სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა 2030 წლამდე იქნება.

სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. შსს-ს მომსახურების სააგენტო მათ, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვთ აღებული, ძველი სანომრე ნიშნის იგივე ფასიან ახალ სანომრე ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს.

მომსახურების სააგენტო განახლებული დიზაინის სანომრე ნიშნების დამზადება-შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მასში მონაწილოების მიღება შეუძლიათ როგორ ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE) იქნება გამოსახული. შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის იქნება განლაგებული სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს ექნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა – სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ასევე გამოყენებული იქნება ევროსტანდარდების შესაბამისი სხვა დამცავი მექანიზმები.

საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები.

ცვლილებები შეეხება მისაბმელ სატრანსპორტო საშუალებებსაც. სანომრე ნიშნების ამოწურვის მიზეზით, ნომერში დაემატება ერთი სიმბოლო და შეიცვლება მათი დიზაინიც.


Share.

Comments are closed.