“ყოჩები” ახალგაზრდული ნაკრებების გაფართოებულ შემადგენლობებში

0

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრებები აპრილში მნიშვნელოვან ტურნირებზე მიემგზავრებიან. 18-წლამდელებს 11-19 აპრილს პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროპის ჩემპიონატი ელით, ხოლო 20-წლამდელები ჰონკონგში 7-19 აპრილს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფაზე მიიღებენ მონაწილეობას.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც “ექვსი ერის” ახალგაზრდულ გუნდებთან ერთად (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია და იტალია) ქვედა დონის ორი ნაკრებიც მონაწილეობს, ბოლო დროს ტრადიციულ ტურნირად იქცა. ბოლო ორი წელია “უმცროსი ბორჯღალოსნები” იტალიას ამარცხებენ, ბობოლებთან გამართული დანარჩენი ორი მეტოქიდან ერთ-ერთს ბოლო წუთამდე ებრძვიან, მცირედით მარცხდებიან და ჯამში მე-6-ე ადგილს იკავებენ. შედეგად, წელს პირველად, საქართველოს ნაკრები ტურნირზე შესარჩევი ეტაპის გარეშე დაუშვეს, რაც დიდი პატივია.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც დავით ჩავლეიშვილი ავარჯიშებს, 11 აპრილს მეოთხედფინალში ირლანდიას ეთამაშება და მოგების შემთხვევაში ნახევაფინალში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ირლანდიასთან წაგების შემთხვევაში, ბრძოლა მე-5-ე ადგილისთვის გაგრძელდება და აქ ქართველთა მეტოქე ზემოთნახსენებ წყვილს შორის დამარცხებული გუნდი იქნება.

18-წლამდელების გაფართოებული, 36-კაციანი შემადგენლობა ტურნირისთვის მზადებას 21 მარტს შეუდგა და თბილისში 26 და 28 მარტს ფრანგული “კლერმონის” თანატოლთა გუნდთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გაფართოებულ შემადგენლობაში ბოლნისის “ყოჩებიდან” მხოლოდ ერთი მორაგბე – გიორგი მელაძე მოხვდა.

21 მარტიდან გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგებით მსოფლიოს “ალაფაზე” თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც ამავდროულად 20-წლამდელთა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ამ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

დავით ვართანიანის გუნდში “ყოჩებიდან” გიორგი ხვისტანი მოხვდა და ამავე გუნდს ავარჯიშებს ბოლნისური კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი აკაკი ცინცაძე. ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი და გამარჯვებულები ფინალში პირველი ადგილისთვის ითამაშებენ, მეორე ადგილოსნები ჯამში მესამე, მესამეადგილოსნები მეხუთეს, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მეშვიდე ადგილს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ტონგას, აშშ-სა და ჰონკონგის ნაკრებებთან მოხვდა, ხოლო B ჯგუფში კანადის, იაპონიის, ნამიბიისა და ურუგვაის ნაკრებები ითამაშებენ. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 7 აპრილს, თბილისის დროით 13 საათზე ტონგას ეთამაშებიან, 11 აპრილს 11 საათზე აშშ-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო 15 აპრილს, 09 საათზე მასპინძელ ჰონკონგს დაუპირისპირდებიან. 19 აპრილს გადამწყვეტი მატჩების დრო დადგება და იქ გუნდები ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდებიან.

სარაგბო კლუბი “ყოჩები” წარმატებებს უსურვებს საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს.

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home%2Fnews&news_id=43


Share.

Comments are closed.