სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია ISO 17025 მიიღო

0

moa-lmaსოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებს შეხვდა და ლაბორატორიის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, როცა საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსის მისაღებად და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის რეალურ პერსპექტივას შექმნის, მნიშვნელოვანია აკრედიტებული, მაღალი დონის ლაბორატორიის არსებობა.

სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი უმთავრესია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე შეუფერხებელ გასვლას. სახელმწიფომ ქვეყანაში სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების გატარებასთან ერთად,  უნდა უზრუნველყოს კეთილსაიმედო ეპიზოოტიური ფონის შექმნა, რაც თანამედროვე ლაბორატორიული კვლევების გარეშე შეუძლებელია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული კვლევითი დაწესებულებაა.ლაბორატორიაში დანერგილია ISO 9001:2008 მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.

თანამედროვე ლაბორატორია, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს  შესაძლებლობას აძლევს აწარმოოს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია; ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს რეალური ტექნიკური რესურსი დაიცვას თითოეული მომხმარებელი და  სამომხმარებლო ბაზარი უვნებელი სურსათით უზრუნველყოს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება:

  • 18 ვეტერინარული დაავადების დიაგნოსტიკა, მათ შორის, 10 განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელთა დიაგნოსტიკაც ხდება ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონეზე – საქართველოს მასშტაბით განლაგებულ 3 ზონალურ დიაგნოსტიკურ და 8 საველე ლაბორატორიაში.
  • სურსათისა და წყლისანალიზი 8 ქიმიური ელემენტის შემცველობაზე.
  • სურსათისა და წყლის  უვნებლობის შეფასება  8 მიკრობიოლოგიური პარამეტრით.
  • რადიაქტიული ელემენტების (Sr-90  და Cs-137) შემცველობის დადგენა წყალსა და სურსათში.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო და   ISO 17 025 სტანდარტი დაინერგა, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ჩაატარებს.აღნიშნულ აკრედიტაციას გასცემს აშშ-ს სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ACLASS-ANSI), რომელიცსაგამოცდო/საკალიბრაციო ლაბორატორიებისათვის მსოფლიოსერთ-ერთი წამყვანისააკრედიტაციოორგანოა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თბილისის განყოფილება დღეში,  საშუალოდ, 20-30 ნიმუშის კვლევას ატარებს. ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ განყოფილებებში დღიურად  70-80 ნიმუშის კვლევა ხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში ინფექციური  დაავადებების სახელმწიფო კონტროლის პროგრამებში, რომლის  ფარგლებში 2014 წლის მანძილზე დაგეგმილია 304,065 ნიმუშის კვლევა თურქულზე, ბრუცელოზზე, ცოფზე, ჯილეხზე, ფრინველის მაღალპათოგენურ გრიპზე.


Share.

Comments are closed.