სიღარიბეში მყოფი ოჯახები დახმარებას ითხოვენ

0

DSC_0946ოქროს გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახები სიღარიბეს ებრძვიან. შენობა, სადაც ძნელი დასაჯერებელია ვინმე ცხოვრობდეს, 15 წელია უსახლკაროთა თავშესაფრად იქცა. ხუთსართულიანი კორპუსი, სადაც  სტუდენტები ცხოვრობდნენ, ადრე მადნეულს ეკუთვნოდა, დღეს კი  ერთი მხარე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უკავია,  მეორე მხარეს კი სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ.  კორპუსს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რამდენად ძველი და ავარიულია,  არც კარ-ფანჯარა აქვს და ოჯახები სრულ სიღატაკეში ცხოვრობენ. კედლები ჩამონგრეული და ნესტით გაჟღენთილია,  იატაკი ბეტონისაა.  შესახლებული დმანისელი ოჯახები ყოველდღიურად ებრძვიან, როგორც პირად გაჭირვებას, ისე შენობაში არსებულ სიტუაციას, სიბინძურეს და ანტისანიტარიას. მოშლილია კანალიზაციის მილებიც, აქ მცხოვრებთა აღნიშვნით, მხოლოდ სასმელი წყალი აქვთ, რომელიც ოცდაოთხი საათი მოდის, მაგრამ ონკანების უქონლობის გამო, წყალი პირდაპირ სარდაფში გროვდება და აზიანებს შენობას.  ისედაც უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს ის გარემოებაც ემატება, რომ მათ ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ, რაც გაჭირვებული ოჯახების ბნელ ცხოვრებას, უფრო მეტად აბნელებს.

DSC_0937

ციცი მგალობლიშვილი ამ შენობაში 13 წელია ცხოვრობს. 6 სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალურად დაუცველთა თანხაა, რომელსაც თვიდან თვემდე ვერ ანაწილებს და ხშირად მშივრები არიან. მათი ქონება ერთი პატარა ოთახი და ორი საწოლია, საწოლი პირობითად, სინამდვილეში კი ბეტონზე დამაგრებული ზამბარაა, რომელსაც არც ლეიბი აქვს და არც საბანი.  „როგორც კი შებნელდება, გარეთ გამოსვლა შეუძლებელი ხდება, შუქი არასდროს ყოფილა. ისეთი სიბნელეა, ვერ გაარჩევ მტერს და მოყვარეს. პირველყოფილებივით ვცხოვრობთ. უსინათლო მეუღლე მყავს, ხელმოკიდებული დამყავს. მიწას ვჩიჩქნი, კონსერვის ქილებს ვეძებ, შემდეგ ვაბარებ პურის ფული რომ ვიშოვო და შიმშილით არ დავიხოცოთ. აქ ცხოვრება  გაუსაძლისია „ოთახებს ვერ ვათბობ. შუშები არ აქვს, არც კარები უვარგა, წვიმამ მთლიანად ჩამოშალა ისედაც დაბზარული კედლები“. შენობა კიდევ ერთი მრავალშვილიანი დედის თავშესაფარია. მისი შვილი ახლახან გამოვიდა ციხიდან, რომელიც გვერდში უდგას ოჯახს, თუმცა იმის გამო, რომ ნასამართლევია, დასაქმება უჭირს, ის ჯართის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. მანანას მეუღლე, ოჯახში პურის ფული რომ მოეტანა, ჯართს თხრიდა, მიწა ჩამოწვა და მოიყოლა შიგ, ოჯახს თავს  უდიდესი ტრაგედია დაატყდა, რადგან ერთადერთი მარჩენალი ხელიდან გამოეცალათ. ცრემლნარევი თვალებით კიდევ ერთხელ გაიხსენა მანანა ავალიშვილმა თავისი უმძიმესი ცხოვრება „დავიღალეთ სიღარიბით, ხშირად  ბავშვებს ეზოში ვატარებინებ მთელ დღეს თამაშში, რომ ჭამა გადაავიწყდეთ. სიღარიბეს შენობის მდგომარეობაც ემატება, ანტისანიტარიაა, კანალიზაცია მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული, თავდაუხურავია საკანალიზაციო ჭაც, საშინელი სუნია, ფეკალური მასები პირდაპირ ჩადის სარდაფში. ყველანაირად ჩამორჩენილ პირობებში გვიწევს ცხოვრება, სიბინძურისგან ალერგია გვემართება. ვირთხებითა და ქვეწარმავლებით არის სავსე აქაურობა“. მდგომარეობას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ შენობა, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, უმისამართოა, რის გამოც პირადობის მოწმობების აღება უჭირთ, შენობის დაკანონებას ითხოვენ.  იმის გამო, რომ ტანსაცმლის ყიდვას ვერ ახერხებენ, ბავშვები სკოლაში არ დადიან. გიგო და კარინა სოლომონიანებს დაბადების მოწმობაც არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე საკმაოდ დიდები არიან, არც სკოლაში უვლიათ და არც წერა-კითხვა იციან. ისინი დეიდასთან ცხოვრობენ. როგორც საერთო საცხოვრებლის კიდევ ერთი ბინადარი გიული მახარაშვილი გვიამბობს, მისი 16 წლის გოგონა  მერვე კლასიდან გამოვიდა. „დახეული ტანსაცმლით სიარულის რცხვენოდა, გაჭირვების გამო გამოვიდა სოფიკო სკოლიდან, ელემენტარულს ვერ ვყიდულობთ, დიდი გოგოა და დახეული ტანსაცმლით როგორ ივლიდა? ათი წლის მყავს ბიჭი, ის დადის სკოლაში, მაგრამ რომ ნახოთ როგორი დახეული ტანსაცმელი აცვია, აგეტირებათ“. საერთო  საცხოვრებელში მცხოვრები ბავშვების ოცნება ერთია, მათ უნდათ რომ ჰქონდეთ თბილი სახლი, სათამაშოები, რაც არასდროს ჰქონიათ. ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის საერთო საცხოვრებელში შექმნილი სიტუაცია ცნობილია. მოგვარდება თუ არა შენობაში არსებული პრობლემები და რა ბედი ელით აქ შესახლებულ მოსახლეობას, აღნიშნულ თემაზე დაბა კაზრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს  ჯემალ მაქაძეს ვესაუბრეთ.  ერთი წელი ხდება რაც რწმუნებულად დავინიშნე, მას შემდეგ არა ერთხელ მოვსულვარ ამ კორპუსში, ვიცი მათი საცხოვრებელი პირობები, რაც შეგვიძლია ვეხმარებით, უყურადღებოდ ნამდვილად არ ვტოვებთ, რამდენჯერმე მივეცით ერთჯერადი მატერიალური დახმარება. საცხოვრებელს რაც შეეხება, ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურს  გადავეცით ინფორმაცია, მოხდა შესწავლა, ამ შენობის რემონტი დაჯდება  ორი მილიონი, რადგან  ადგილობრივი ბიუჯეტი დამოკიდებულია ოქროს მომპოვებელ საწარმოზე,  სანამ კომბინატში მდგომარეობა არ გამოსწორდება, ვერ მოხდება რეაბილიტაცია. როგორც კი გვექნება თანხა, აუცილებლად მიექცევა ამ შენობას ყურადღება. ელექტრო ენერგიას რაც შეეხება, ამ ხალხს კერძო კომპანიის დავალიანება აქვთ, ვერ იხდიან, ამიტომ ჩაუჭრეს სინათლე.

DSC_0901DSC_0932DSC_0934

საერთო საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ხშირად დადიოდნენ მათთან წინა მთავრობის წარმომადგენლები და პირობებს ეცნობოდნენ, აძლევდნენ დაპირებას,  თუმცა უშედეგოდ. გაჭირვებულ ოჯახებს ახალი მთავრობის იმედი აქვთ და დაპირების შესრულებას ელოდებიან.

 მაგდა დევნოზაშვილი.


Share.

Comments are closed.