სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები, შესაძლებლობები და უპირატესობები

0

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თსუ დესპანის“ ფარგლებში #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო სახის პრეზენტაცია მოეწყო. უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბოლნისელმა ნანა შეითნიშვილმა, სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაცია წარმოუდგინა, სადაც ასახული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები, შესაძლებლობები და უპირატესობები. პრეზენტაციის მიზანია, მომავალი სტუდენტები გაეცნონ „თსუ დესპანის“ პროექტს, რომელსაც ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია საქართველოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს.„ამ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ვაწყობთ საინფორმაციო სახის პრეზენტაციებს, ვაცნობთ  ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, პროექტებს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე უნივერსიტეტთან აქვს პარტნიორული ხელშეკრულება დადებული, რომელიც წარმატებით ხორციელდება, ამიტომ ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უცხო ენის ცოდნას. „თსუ დესპანი“ კი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში და მასში 800-ზე მეტი მოხალისე სტუდენტია ჩართული. მეც დიდი სიამოვნებით ჩავერთე მასში და დღეს ბოლნისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარმოვუდგინე პრეზენტაცია. დაინტერესებაც დავინახე მოსწავლეების მხრიდან, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის“. – აღნიშნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ნანა შეითნიშვილმა.


Share.

Comments are closed.