„საფუტკრე მეურნეობის შენახვა იაფი რომ ჯდებოდეს, ფუტკრის ოჯახს 200-მდე გავზრდიდი“

0

ferm.3საქართველოს ყველა კუთხეში მეფუტკრეობა გავრცელებული დარგია, ფუტკრის პროდუქტები კი ყველაზე მრავალფეროვანი. ამ დარგს ქვემო ქართლში, მათ შორის ბოლნისშიც, არაერთი ადამიანი მისდევს. აფხაზეთიდან დევნილი გურამ ფარჯიანი ათი წელია მეფუტკრეობით არის დაკავებული.
თავიდან მოყვარულის დონეზე მეგობრის ნაჩუქარი ერთი ოჯახით  დაიწყო, თუმცა მამაც მეფუტკრეობით ყოფილა დაკავებული და ცოტა რამ იქიდანაც ჰქონდა ნასწავლი. როგორც თავად გვიამბობს, ფუტკრების ცხოვრება საინტერესოა  და კარგად იცის მათი ფსიქოლოგია. მეფუტკრის აღნიშვნით, ბოლნისის თაფლი სხვა რაიონების პროდუქტებისგან განსხვავებულია გემოთი და ხარისხით, მეტი სიტკბოთი გამოირჩევა.

„ძირითადი აქცენტი გაკეთებული მაქვს ბუნებრივ ნაყარის მიღებაზე, გამოზამთრებისთვის სპეციალურ სტანდარტებს ვეყრდნობი, ვუტოვებ სკაში სასაქონლე მარაგს, რომ იკვებოს. ზამთარში არსად  გამყავს, ადრე გაზაფხულზე ვაძლევ  ქანდს, ეს შაქრის პუდრის და თაფლის ნაზავია. უნდა იცოდე როგორ მოუარო, როდის რა  უწამლო, რომ არ გაწყდეს,  ხშირია გადამდები ინფექციური დაავადებებიც, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო“.

დღეს მეფუტკრის ოჯახში 60 სკაა, როგორც გურამ ფარჯიანი აღნიშნავს, საფუტკრე მეურნეობის შენახვა იაფი რომ ჯდებოდეს და თაფლის რეალიზება არ ჭირდეს, 200 ოჯახამდე გაზრდიდა. ბოლნისში ძირითადად გავრცელებულია ქართული რუხი ფუტკარი.  ბევრს ბარის ფუტკარიც ჰყავს. რუხი ფუტკარი ადრე მიფრინავს თაფლის მოსატანად და გვიანობამდე მუშაობს, ხოლო ბარის ფუტკარი უფრო ზარმაცია, სანამ მზე არ ამოვა სამუშაოდ არ გადის და ადრეც ბრუნდება. მეფუტკრე თაფლს წელიწადში ორჯერ წურავს.  გაზაფხულზე და შემოდგომით.  ხდება სკების გამთაბარება და მთაში მიჰყავს. ფუტკარს სხვადასხვა სახეობის 70-მდე ყვავილიდან შემოაქვს თაფლი.  ძირითადად  ეტანება იმ ყვავილს, რომლის შაქრიანობაც 40%-ზე მეტია.  მთის და ბარის თაფლი გემოთიც განცხვავებულია და ფერითაც. ამჟამად მეფუტკრე სკების გაფართოებით არის დაკავებული, ჩარჩოებს ამატებს იმისთვის, რომ  ფუტკარმა მეტი თაფლი შემოიტანოს.  ყველა სკაში სტანდარტული 12 ჩარჩოა, ხდება სკის დამატებაც, ანუ მეორე სართულის დადგმა.

„მეტი ღალა რომ შემოაქვს ფუტკარს ეს ნიშანია, რომ უნდა გაფართოვდეს. ჩანაწერებს ვაწარმოებ,  ჰყავს თუ არა სკას  დედა  და რა სიძლიერისაა,  რომ ივსება, ზარმაცდებიან, შეიძლება გაგექცეს  კიდეც ოჯახი, ამიტომ ხდება მეორე სართულის დადგმა. უნდა იმუშაო სწრაფად და ფრთხილად.  ერთ სკაზე საშუალოდ 10-12 კილოგრამს ვიღებ ხოლმე, გააჩნია ყვავილობას. ცაცხვის და ფიჭვის თაფლი განსხვავებულია, ის მაღალ კრისტალიზებული, სუფთა თაფლია,“. _ აღნიშნა მეფუტკრემ.

თაფლის რეალიზებას ადგილზე ახდენს, რაც ძალიან ჭირს. 1 კილოგრამის ფასი 15-დან 20 ლარამდეა, განსხვავებული ფასი აქვს მთის და ბარის თაფლს. როგორც მეფუტკრე აღნიშნავს, კარგი იქნება თაფლის გატანა საზღვარგარეთ რომ ხდებოდეს. გურამ ფარჯიანი ხშირად აძლევს რჩევებს დამწყებ მეფუტკრეებსაც და უზიარებს გამოცდილებას. მას სადედე გუნდში დედა ფუტკარიც თავად გამოჰყავს. ბოლნისში ძირითადად ფუტკრისგან თაფლს მოიპოვებენ, თუმცა მეფუტკრეს შეუძლია მიიღოს  სხვადასხვა სამედიცინო საშუალებები: ჭეო, რომელიც დამამშვიდებელიცაა და კუჭნაწლავის დაავადების დროსაც გამოიყენება; ფუტკრის მტვერი – იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება, ასევე შეიძლება მიიღო ფუტკრის შხამიც, რაც საუკეთესო საშუალებაა მედიცინაში მოხმარების კუთხით.

ferm1

ferm4

ferm5ferm6

ferm2

 

  

მაგდა დევნოზაშვილი 


Share.

Comments are closed.