როგორ ცხოვრობენ სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარები

0

DSC_0330სოციალურ საცხოვრისში, რომელიც გასულ წელს აშენდა, 12 ოჯახი დასახლდა. წლების მანძილზე მძიმე პირობებში მცხოვრებნი, რომლებსაც ხშირად თავშესაფრის ძიება უწევდათ, მეშვიდე თვეა უკვე კეთილმოწყობილ ბინებში ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ კომფორტულად მოწყობილი შენობა 2013 წლის 26 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ დღეს დიდი ხანი ელოდა გაუსაძლის პირობებში მცხოვრები არაერთი ოჯახი.

bolnisi.ge  დაინტერესდა, ერთ დროს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბედით და სოციალურ საცხოვრისს ესტუმრა. შენობაში ექვსი ადგილობრივი სოციალურად დაუცველი და ექვსი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, არის ერთი და ორ ოთახიანი ბინები, რომლებიც ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. ბენეფიციართა საცხოვრებელი განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში აშენდა,  ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით  მოხდა ავეჯის შეძენა. ყველა ბინაში მოწყობილია სველი წერტილები, გარდა ამისა ფართი გათვლილია ღია ტიპის პატარა სამზარეულოზე და საძინებელზე.

DSC_0340

„მრავალი წელი ვცხოვრობდით საავადმყოფოს მიტოვებულ შენობაში, სადაც გაუსაძლისი პირობები იყო. განცხადება მქონდა დაწერილი, მოვხვდი ამ პროგრამაში, კომისიამ შეისწავლა ჩვენი მდგომარეობა და მოგვცეს ორ ოთახიანი, სადაც 5 სული ვცხოვრობთ, ეს დროებითი საცხოვრებელია, ხელშეკრულებით ვართ, კარგი იქნება თუ საკუთრებაში გადმოგვცემენ. ვუფრთხილდებით საცხოვრებელს, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ხშირად გვაკითხავს და ყურადღებას გვაქცევს“. – აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ლუიზა საღლიანმა.

ბენეფიციართა საცხოვრებელში მცხოვრებთ  კომუნალურ გადასახადს ადგილობრივი ბიუჯეტი  დაწესებული ზღვარის ფარგლებში უხდის, გადაჭარბების შემთხვევაში კი თავად უწევთ ნაშთის გადახდა, ეს ოჯახები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფის სტატუსითაც სარგებლობენ.

„12 წელი ნაქირავებში ვცხოვრობდი, დიდი წვალებისა და ლოდინის შედეგად  მივიღე საცხოვრებელი, კარგი პირობებია, კმაყოფილები ვართ. გადასახადს გვიხდიან, ეს უდიდესი შეღავათია, ვიღებთ სოციალურსაც, ზოგი მუშაობს კიდეც, გვეზოგება ეს ფული და შვილების კეთილდღეობას ვახმართ. ვემადლიერებით მუნიციპალიტეტს. ჩაგვიტარდა სპეციალური ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ბინებს“. – აღნიშნა სოციალური საცხოვრისის მკვიდრმა.

როგორც სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ მოხდა ბინაში გაყვანილობების დაზიანება, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ხდება მისი შეკეთება, მეთვალყურეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის სპეციალისტები უწევენ, ისინი თვეში ერთხელ მიდიან, ამოწმებენ და ეცნობიან მათ პრობლემებს.


Share.

Comments are closed.