როგორ პირობებში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი

0

22 წლის წინ საკუთარი სახლ-კარიდან აყარეს, იძულებით გადაადგილებულის სახელიც ორი ათეული წლის წინ დაერქვათ. ავბედითმა ხვედრმა ისინი  ბოლნისში მოახვედრა, გეოლოგების ყოფილ შენობაში დასახლდნენ და ამ დღიდან არანაკლები ტანჯვა-წამების და უქონლობის გადატანა უწევთ. განცხადებას განცხადებაზე წერენ, 6 ოჯახი საარსებოდ წყალს, ელქტრო გაყვანილობის გაკეთებას, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და ფართის დაკანონებას ითხოვს. როგორც ამბობენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხშირად მიმართავენ, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ ისმის.

ზაირა ზარაქუა, დევნილი:

–         22 წელია აქ ჩემოვედით, მას შემდეგ  გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. 20 წელი წყალიც კი არ გვქონდა, ბოლო ორი წელია რაც სასმელი წყალი ეზოში შემოგვიყვანეს და ხელების დასაბანადაც ეზოში გვიწევს გასვლა. მოშლილია ელექტრო გაყვანილობაც, ბავშვები ღამით ოთახიდან ოთახში ვერ გასულან,  ისეთი სიბნელეა. ერთადერთი, რასაც მთავრობიდან ვიღებთ,  ეს სოციალური დახმარებაა. ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ისეთი ნესტიანი კედლებია, ბავშვები დაავადმყოფდნენ. ვის მივმართოთ არ ვიცით, ჩვენი პატრონი არავინაა.

ციცინო უგრეხელიძე, დევნილი:

–         ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ამ ბინაში ვცხოვრობთ უკვე რვა წელიწადია, განცხადებას განცხადებაზე ვწერთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. 25 წლის ვიყავი მეუღლე რომ დამეღუპა, ექვსი თვის განმავლობაში კი ორი  ძმა მომიკლეს ომში. სამი შვილით ქუჩაში დავრჩი. მას შემდეგ ასე ტანჯვა-წვალებით მოვდივარ. საკუთარი შრომით ერთი ბინა შევიძინე, მაგრამ იქ ჩემი ბიჭი ცხოვრობს ოჯახით. ათი სული ერთ სახლში ხომ ვერ ვიცხოვრებთ? ვის აღარ მივმართეთ, ჩვენი პატრონი არავინ ჩანს.  გაგვცეს პასუხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, მოვიდნენ და ნახონ ასეთ პირობებში თუ შეიძლება ცხოვრება და არსებობა.

მასალა მომზადებული გვქონდა როდესაც ამ ადამიანებმა დახმარების თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ მუნიციპალიტეტის გამგებელი ეკონომიკის სამინისტროსთან ფართის დასაკანონებლად შუამდგომლობას დაჰპირდა. შეხვედრას ესწრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ლალი ციხელაშილიც.

„ე.წ. გეოლოგების დასახლებაში არის ძველი გეოლოგების შენობა, სადაც  აფხაზეთიდან დევნილი 6 ოჯახი ცხოვრობს, მათ საკმაოდ მძიმე სოციალური პირობები აქვთ. როგორც ჩანს ამ ხალხმა ბევრჯერ მიიღო დაპირება,  რომ დაუკანონდებოდათ შენობა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ეს ადამიანები შეხვდნენ გამგებელს, სთხოვეს შუამდგომლობა გაუწიოს ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ როგორმე დაუკანონდეთ ეს შენობა.“- აცხადებს სოციალური სამსახურის უფროსი.


Share.

Comments are closed.