როგორ მუშაობენ სოფლის ექიმები

0

მთავრობის ინიციატივით 2014 წლის თებერვლიდან სოფლის ექიმებსა და ექთნებთან სოციალური მომსახურების სააგენტო პირდაპირ კონტრაქტს დებს, აღნიშნული პროცესი აპრილის თვეში დასრულდება.

პირველი მაისიდან სოფლის ექიმებს საკუთარი ანაზღაურებიდან ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ, სამინისტრო მათ სამედიცინო დოკუმენტაციას თავად მიაწვდის: ფორმა 100, ამბულატორიული ბარათი, რეცეპტი, ლაბორატორიული გამოკვლევების, პაციენტის რეგისტრაციისა და ბინაზე გამოძახების ჟურნალები.  ასევე სამინისტრო შეისყიდის ექიმის ჩანთას და უზრუნველყოფს განახლებისათვის შესაბამისი მედიკამენტების შეღავათიან ფასში მიწოდებას. სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, რომ ამით ექიმის მიერ ჩანთაზე გასაწევი ხარჯი 50 % -ით შემცირდება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაიხვეწება ანგარიშგებისა და მონიტორინგის მექანიზმები. ასევე მუშავდება სოფლის ექიმების დამატებითი ფინანსური მოტივაციის სქემები.

„სოფლის ექიმი ახორციელებს უწყვეტ სამედიცინო მეთვალყურეობას, ნებისმიერი (მწვავე) ქრონიკული და ტერმინალური დაავადების მქონე პაციენტზე, განურჩევლად მისი ასაკისა და სქესისა. იგი ემსახურება პაციენტს ან ოჯახს ამბულატორიულად, სახლში და ზოგჯერ კლინიკაში. მისი მიზანია დაავადებათა თავიდან აცილება ან ადრეული დიაგნოსტიკა, პაციენტის ფსიქოლოგიური, ოჯახური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით გამოკვლევისა და მკურნალობის გეგმის დასახვა, საჭიროების შემთხვევაში კოლეგის ჩართვა. ოჯახის ექიმი პაციენტისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების გარანტია. ოჯახის ექიმის საქმიანობა ეყრდნობა ჰოლისტიკურ (მრავალმხრივ) მიდგომას, რაც პაციენტისთვის ფინანსურად დამზოგველია, ოჯახის ექიმის მზრუნველობის პერიოდში პაციენტი თავს დაცულად გრძნობს.“ – ეს მოკლე ამონარიდია იმ ვალდებულებებიდან რაც სოფლებში მომუშავე ოჯახის ექიმებს ევალებათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 სოფელს ექვსი ამბულატორია ემსახურება. ამბულატორიები, რომლებიც ერთ ოთახშია განთავსებული,  რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. პროგრამით თითოეული ოთახის კეთილმოსაწყობად ორი ათასი ლარი გამოიყო.

იმის გასარკვევად თუ როგორ მუშაობს სოფლის ექიმის ინსტიტუტი bolnisi.ge ახლო მდებარე ამბულატორიებს ესტუმრა. შევხვდით რატევნისა და რაჭისუბნის მოსახლეობას.

ციცი მჭედლიძე, სოფელ რატევანის მცხოვრები:

_ სოფელს ემსახურება ოჯახის ექიმი, ამბულატორიაც გვაქვს,  კარგი ექიმი გვყავს. აცრები ადგილზევე ხორციელდება, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა პირობები გასაუმჯობესებელია, ოთახში არ არის გათბობა, ელექტროღუმელი დგას, მაგრამ დენი ხშირად ითიშება და სიცივეში უწევს პაციენტების მიღება. პატარა ოთახია, არც მოსაცდელი აქვს, პაციენტებს ლოდინი გარეთ უწევთ. ავადმყოფებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ,  ექიმი სახლში ემსახურება. ამჯერად კვირაში ერთი დღე იმყოფება სოფელში, კარგი იქნება თუ კიდევ დაამატებენ ერთ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ პირობები არ არის, ექიმის მომსახურებით კმაყოფილები ვართ.

მზია რეხვიაშვილი, სოფელ რაჭისუბნის მცხოვრები:

_ კმაყოფილები ვართ, კარგი ინიციატივაა  რომ სოფელს ექიმი ჰყავს, მას თითოეული მცხოვრების ჯანმრთელობა აინტერესებს. თუ გაუმჯობესდება ამბულატორიაში პირობები, კარგი იქნება.

ლამზირა მიქელაძე, სოფელ რატევანის მცხოვრები:

_სახლში მოხუცი მყავს, მიჭირს მისი ტრანსპორტირება, სოფელში რომ  ექიმია  ძალიან მოსახერხებელია. ის ძალიან ყურადღებიანია, ყველა კმაყოფილია.  ამბულატორიის პირობებს რაც შეეხება ერთი პატარა ოთახია, არ არის მოსაცდელი,  თუ გამოსწორდება პირობები, კარგი იქნება.

ოჯახის ექიმის დაფინანსება იანვრიდან სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო თებერვლის თვიდან არსებული პრობლემების განხილვა და ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოებს დაევალათ. აქამდე ექიმების დასაფინანსებლად  50% სახელმწიფო, ხოლო დანარჩენს სადაზღვევო კომპანიები იხდიდნენ. ხშირად ექმნებოდათ პრობლემები, რადგან კომპანიები ვერ უხდიდნენ კუთვნილ ანაზღაურებას. როგორც ოჯახის ექიმები აღნიშნავენ, სადაზღვევოს რამდენიმე თვის ხელფასის დავალიანება დღემდე აქვს. ექიმებს საკუთარი ანაზღაურებიდან უწევთ ფორმა 100-ის, ამბულატორიული ბარათის, რეცეპტის, ლაბორატორიული გამოკვლევების, პაციენტის რეგისტრაციისა და ბინაზე გამოძახების ჟურნალების  შეძენა. ასევე ოჯახის ექიმი ყიდულობს ექიმის ჩანთაში შემავალ მედიკამენტებს. ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცხადებულ სიახლეებს ოჯახის ექიმები კმაყოფილები შეხვდნენ.

მანანა ისიანი, სოფელ რაჭისუბნის ოჯახის ექიმი:

_ ერთი ოთახი გვაქვს, სადაც ყველაფერი კეთდება. შეიძლება მოვიდეს ნებისმიერი ტიპის ავადმყოფი, ეს არ შეიძლება, თუმცა ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით და ვახერხებთ პაციენტების მომსახურებას. ხელფასებიდან გვიწევს ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა, მედიკამენტების შეძენა, გვპირდებიან, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება ამ ყველაფრის შეძენაში, ეს დიდი შეღავათი იქნება ექიმებისთვის. რაჭისუბნის ამბულატორიაში არც გათბობა გვაქვს, ელექტროენერგიაც კი არ არის, ცივ ოთახში ძნელია პაციენტის მიღება.

მანანა მიქელაძე, სოფელ რატევანის ოჯახის ექიმი:

_ კულტურის სახლში გამოგვიყვეს ერთი ოთახი, რომელიც იქნა გარემონტებული. პირობები, რა თქმა უნდა არ არის მისაღები,  არ არის ცალკე ასაცრელი ოთახი, ჯანმრთელ და ავადმყოფ პაციენტს ერთად ვიღებთ. ხელების დასაბანად გამდინარე წყალი არ გვაქვს,  ელექტროღუმელით ვცდილობთ ოთახის გათბობას, მიუხედავად ამ ყველაფრისა მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ არ მოაკლდეს ყურადღება პაციენტს. დაგვირიგეს ნეთბუქები, თუმცა შენობაში ინტერნეტის პრობლემაც გვაქვს, ელექტრონული ვერსიით ვაწვდით სამინისტროს მონაცემებს. ჩვენი ხელფასიდან ვყიდულობთ ექიმის ჩანთაში შემავალ ყველა საჭირო ნივთსა და მედიკამენტს. თუ ამოქმედდება ეს სიახლეები, კარგი იქნება.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.