როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე

0

სასარგებლო რჩევები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იწყებსსაკონსულტაციო ბარათებისგამოქვეყნებას, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია.

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს განეკუთვნება ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენება ხდება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიზნით. ასეთია: საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საძოვარი, სათიბი, სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე მიწის ნაკევეთები.

იმისათვის, რომ კონკრეტულ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდეს/წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია მოხდეს ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მესაკუთრე განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ) მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მესაკუთრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

ეს დოკუმენტებია:

1)       განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2)       მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3)       საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად/სათანადო წესით დამოწმებული ასლი (საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი, ცნობა/ინფორმაცია სახელმწიფო არქივიდან, რეფორმის შედეგად გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ამონაწერი საკომლო წიგნიდან, საგადასახადო სია, საკუთრების მოწმობა და სხვა);

4)       მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები).

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება (გარდათვითმმართველიქალაქების  ადმინისტრაციულსაზღვრებშიდარეკრეაციულტერიტორიებზემდებარესასოფლოსამეურნეოდანიშნულებისმიწისნაკვეთებისა) წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 4 სამუშაო დღის ვადაში.

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ასეთ შემთხვევაში, მომსახურების საფასური და ვადები შემდეგია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

 სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღე იქნება მომდევნო სამუშაო დღე.

 დამატებითი ინფორმაცია

  • თუ მესაკუთრეს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის.

 


Share.

Comments are closed.