რა სამუშაოები უნდა განახორციელონ იმ არენდატორებმა, რომლებსაც მოჰყავთ საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურები

0

სპეციალისტის რჩევა

მუნიციპალიტეტის არენდატორებმა, რომლებსაც მოჰყავთ საშემოდგომო მარცვლეული კულტურები (ხორბალი, ქერი, შვრია), იმისათვის, რომ მოსავლის რაოდენობა გაიზარდოს, საჭიროა ადრე გაზაფხულზე  ჩაატარონ ნათესების აზოტიანი სასუქით საგაზაფხულო გამოკვება,  უმჯობესია სასუქთან ერთად შეიტანონ მიკროელემენტების შემცველი სასუქი-კრისტალონი, იგი ხელს უწყობს მცენარეთა ოპტიმალურ განვითარებას და მისი საერთო გამძლეობის ამაღლებას.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ ნიადაგში აზოტიანი სასუქების შეტანა ხდება მცენარის მთელი ვეგეტაციის განმავლობაში სამჯერ: პირველად ძირითადი ხვნის წინ, მეორედ ვეგეტაციის განახლებისას (ბარტყობის ფაზა), მესამედ დათავთავების ფაზაში.

ნიადაგში სასუქის შეტანის საუკეთესო საშუალო დოზა ასეთია: N-80-90 კგ/ჰა, P-80-90 კგ/ჰა, K- 60-80 კგ/ჰა.

საჭიროა აგრეთვე სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდის შეტანა. წინასწარი პროგნოზირების საფუძველზე უნდა გამოვიყენოთ შერჩევითი პრეპარატები.

ერთლებნიანი-ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ გამოვიყენოთ ტოპიკი ან პუმა სუპერი.

ორლებნიანი-ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ გამოვიყენოთ 2-4 დე ჯგუფის პრეპარატები, ან პრეპარატი ლოგრანი, დიამინი, დიალენი, ესტერონი და სხვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წინასწარი პროგნოზირების საფუძველზე, ყველაზე გავრცელებული სარეველებია: ნარი, ღიჭა, ბურჩხა, ძურწა, შალაფა, ჭანგა, გლერტა, მდელოს მელაკუდა, ბეგიაური (ხოვერა), ძაღლყურძენა, ბირკა, ჩვეულებრივი ჯიჯილაყა, ჩვეულებრივი მატიტელა, ჟუჟრუკი, მინდვრის მდოგვი, ნაცარქათამა, გაზაფხულის თავყვითელა, ღორის ქადა, ხვართქლა, დანდური, სამკურნალო მატრიკარია (გვირილა), შავტარა, შვრიუკა, ლელი.”აღნიშნა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის მცენარეთა დაცვის მთავარმა  სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა

დაწვრილებითი ინფორემაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე _ სულხან-საბას ქ.№220, ტელეფონი: 591 91 48 55.


Share.

Comments are closed.