რა ბედი ეწევა გერმანული არქიტექტურით ნაშენ შენობას

0

სომხურ.სკ.1
რეაბილიტირებულ გერმანულ უბანში ყურადღებას იპყრობს გერმანული არქიტექტურით ნაშენი შენობა, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ნაგებობა თაღოვანი გოთური სტილისაა, რომელიც გერმანელების დროს კოლმეურნეობის „კანტორა“ ყოფილა, შემდეგ სომხური სკოლის ფუნქცია მოირგო.  7 წელია შენობა დაიკეტა და მოსწავლეები ქალაქში არსებულ რუსულ სკოლაში გადაიყვანეს. მას შემდეგ ყოფილი სომხური სკოლის შენობა უფუნქციოდ დარჩა. ხშირად გამხდარა უსახლკაროთა თავშესაფარი. ერთ დროს კაპიტალურმა ნაგებობამ იერსახე დაკარგა, განადგურდა კარ-ფანჯრები, მოიშალა კანალიზაციის გაყვანილობა, დაზიანდა იატაკი.

„ახლა ეს შენობა სანაგვედ არის ქცეული, რას არ ნახავთ აქ, შედიან ახალგაზრდები, სვამენ, ყრიან ბოთლებს, ჩამოხსნეს კარ-ფანჯარა, იატაკიც კი აყრილია, აუტანელი მდგომარეობაა, ლოთების თავშესაფრადაა ქცეული“._ აღნიშნა ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრებმა თალიკო კვესელავამ.

რატომ ნადგურდება ერთ დროს კაპიტალურად ნაშენი შენობა და რა ბედი ელის გერმანული სტილის ნაგებობას პასუხი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურს ვთხოვეთ, როგორც გაირკვა შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მოთხოვნა, რომ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდეს. გასულ წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტისგან იყო მოთხოვნა, რომ 2014 წელს  ყველა მუნიციპალიტეტში უნდა მოხდეს ახალგაზრდული ცენტრების გახსნა, რომელშიც იქნება არაფორმალური განათლების ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, საოფისე ოთახები. აღნიშნული ინფრასტრუქტურა  საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მიიღონ არაფორმალური განათლება, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე, განავითარონ საკუთარი ინიციატივები. „ახალგაზრდული დეპარტამენტისგან დაგვევალა შესაბამისი ფართის მოძიება,  არჩევანი ყოფილი სომხური სკოლის შენობაზე შევაჩერეთ, ნაგებობა ამ ეტაპზე ავარიული არ არის, კარგ მდგომარეობაშია. გადავუღეთ სურათები, გავუგზავნეთ შენობის აღწერილობა. პირველი სართული მათ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, თუ ნამდვილად განხორციელდება დეპარტამენტის მიერ ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა, გეგმაში გვაქვს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მეორე სართულის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. ეს შენობა ადმინისტრაციული იქნება და საგანმანათლებლო დატვირთვას მიიღებს“._ განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებში დაიწყება სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვება სფეროების ახლიდან შესწავლა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, შენობა-ნაგებობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა.

სომხურ.სკ.2

სომხურ.სკ.3

მაგდა დევნოზაშვილი

 

Share.

Comments are closed.