პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი პროგრამა „მწვანე მომავალი“ ამოქმედდა

0

ქალაქ მარნეულის შემოსასვლელში, მარაბდის ველზე დღეს გამწვანების აქცია, სახელწოდებით „მწვანე მომავალი“ მოეწყო. აქციაში მონაწილეობა მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალ პროგრამას ჩაეყარა საფუძველი „დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო“,  _ქვემო ქართლის რეგიონში მოხდა პროექტის ამოქმედება, რადგან რეგიონი მწვანე ნარგავების სიმცირით გამოირჩევა, აქცია „მწვანე მომავალი“ ტყის საერთაშორისო დღეს დაემთხვა, რომელიც 1971 წლიდან აღინიშნება. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შვილებთან ერთად დარგეს მწვანე ნერგები. დღეს 400-მდე ფიჭვის, იფნის და საპნის ხე დაირგა.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

_ დღეს დავიწყეთ საინტერესო პროგრამა, გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“. წლების განმავლობაში სამწუხაროდ ტყეს არ ექცეოდა ყურადღება, უკონტროლოდ იჩეხებოდა, რაც ქვეყნისთვის, ეკოლოგიისთვის დამღუპველი პროცესია. დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამ პროცესის გამოსწორება. გამოვედი ინიციატივით, რომ დავიწყოთ ხეების დარგვის კამპანია. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს  ჩაერთონ ამ პროგრამაში. არ უნდა მოხდეს ტყეების გაჩეხვა, ხოლო იმ ტერიტორიებზე, სადაც უკვე განადგურდა მწვანე ნარგავები, ახალი სიცოცხლე უნდა დაირგას. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა“, რაც გულისხმობს გასამწვანებელი ადგილების აღწერილობას. სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება ტერიტორიების იდენტიფიცირება და ნაკვეთებად დაყოფა. გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და შესაბამის ადგილებზე გამწვანების ზოლში მათი გამრავლება.

 ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის მინისტრი:

_ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად თერთმეტი მილიონი ჰექტარით მცირდება ტყის ფართობები,  რაც მოსახლეობის ზრდის ფონზე არასახარბიელო მაჩვენებელია. სამწუხაროდ,   ნარგავებთან დაკავშირებით საქართველოშიც არასახარბიელო მდგომარეობაა. პრემიერის ეს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს, ეხმიანება ამ პროგრამას. დღევანდელი დღე არის საწყისი ამ მნიშვნელოვანი აქციის. გაზაფხულის სეზონზე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით სამასი ათასი მწვანე ნერგი დაირგვება, რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება შემოდგომაზეც.  ჩვენ არ გვინდა აქციას ისეთი სახე მიეცეს, რომ მარტო ნერგების დარგვა მოხდეს და შემდეგ გახმეს. ნარგავებს ეყოლება მომვლელი, სამომავლოდ უნდა მივიღოთ გამწვანებული გარემო.

კახი კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი:

_ პრემიერის ინიციატივით მივიღეთ აქციაში მონაწილეობა, დავრგეთ ნერგები, ამ რეგიონში გამწვანების პრობლემაა და სწორედ აქედან დაიწყო პროგრამის ამოქმედება. დაირგო ახალი სიცოცხლე, რომლებიც ჩვენს პატარებთან ერთად გაიზრდებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გარემოს პირობების გაუმჯობესებისათვის.

გიორგი მღებრიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი:

_ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია დაიწყო. სწორედ ამ ისტორიული ადგილიდან, მარაბდის ველიდან დაიწყო პრემიერის ინიციატივით პროგრამის ამოქმედება. მე მჯერა ჩვენი მწვანე და ნათელი მომავლის.


Share.

Comments are closed.