„მინდა ვუთხრა ოკუპანტ რუსეთს: არა, შორს ხელები ჩემი სამშობლოდან“

0

DSC_0797„ჩემი ოცნებაა ჟურნალისტი გავხდე, ერთხელ მაინც მოვხვდე რუსთავი 2-ში, გავიცნო დიანა ჯოჯუა, წავიყვანო კურიერი და სტუდიაში შალვა ნათელაშვილი მივიწვიო, მე აუცილებლად მივიღებ კარგ განათლებას, რადგან ჩემს ქვეყანას განათლებული თაობა სჭირდება“

ასე ფიქრობს ბოლნისელი 16 წლის დავით რეხვიაშვილი, რომელიც ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობისაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნიჭიერი, ხალისიანი და მონდომებულია. დავითი მეგობრებთან ერთად ყოველ დილას დღის ცენტრ „განთიადში“ მიდის და  ოთხ საათამდე დროს სწავლა-განათლებას უთმობს. ამავდროულად №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეა და იქაც ახერხებს დაესწროს გაკვეთილებს.

DSC_0742დღის ცენტრი „განთიადი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და  გაეროს ბავშვთა ფონდის მოთხოვნით 2009 წელს გაიხსნა და ყოველდღიურად 30 ბავშვი დადის, როგორც ქალაქიდან, ისე  სოფლებიდან. მათ შორის ათი აზერბაიჯანელი  მოზარდია. ბავშვებს ინდივიდუალურად ასწავლიან პედაგოგები სხვადასხვა საგნებს, სიარულს, მეტყველებას, წერას, ხატვას, ძერწვას და ა.შ. ცენტრს თამარ გვიდიანი ხელმძრვანელობს.

დავით რეხვიაშვილის დილა ასე იწყება, პედაგოგის სამარშრუტო დღის ცენტრში ტაქსით მიჰყავს, შემდეგ კი მისი საყვარელი გაკვეთილები იწყება: როგორც თავად აღნიშნავს, DSC_0793განსაკუთრებით ქართულის გაკვეთილი და ლექსები უყვარს. მეც სწორედ ქართულის გაკვეთილზე გავიცანი ის და მისი მეგობრები. დღის ცენტრში მისულს თვალში მომხვდა სისუფთავე, იდეალური გარემო, სიმყუდროვე და მზრუნველი პედაგოგები,  რომლებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებენ თითოეული აღსაზრდელისათვის. დავითი, ნიკოლოზი, დავითი და ვალერი _ ასეთი შემადგენლობით დამხვდნენ ქართულის გაკვეთილზე 16 წლის უფროსკლასელები, გაუხარდათ სტუმრის დანახვა, თუმცა ცოტა დაიმორცხვეს.

„ძალიან მიყვარს ქართულის გაკვეთილი, ჩუმად ვწერ ხოლმე, ვგიჟდები ფიროსმანზე, რადგან  მისი სახელი მქვია. მეც ვაპირებ ყველაფერი გავყიდო  ფიროსმანივით და ჩემს შეყვარებულ თამუნას მილიონი წითელი ვარდი ვუყიდო, ძალიან მაგარი იქნება, ახალი ფიროსმანი ვიქნები“. _ აღნიშნავს ნიკოლოზ ვეფხვაძე და მეგობრებს ამაყად უყურებს, რადგან ის ახალი ფიროსმანია.

„ძალიან მიყვარს მუსიკა, სულ ვმღერი, ჩემი საყვარელი  მომღერალია დათო ხუჯაძე. ხატვაც მიყვარს, საერთოდ ეს სკოლა ყველაზე მეტად მომწონს“ _ ასე ფიქრობს 16 წლის ვალერი გოგოლაძე.

„ხშირად ვლოცულობ, მწამს უფლის, დიდება მის სახელს. მიყვარს ჩემი მამაო, რომელთანაც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. ჩვენი ცენტრიც მამა ნიკოლოზმა აკურთხა. ძალიან მომწონს აქ ყოფნა, დღეს ცოტა მოწყენილი ვარ, თავი მტკივა, მაგრამ თქვენმა გამოჩენამ გაგვახალისა მე და ჩემი მეგობრები. სტუმრები ხშირად მოდიან ხოლმე, ჟურნალისტები კი არა“. _ ამბობს 16 წლის დავით ელოშვილი და მიგვანიშნებს, რომ თუ ხშირად ვესტუმრებით, ძალიან გაუხარდებათ.DSC_0761

შემდეგი რესპონდენტი დავით რეხვიაშვილია, რომელსაც უკვე იცნობთ.

_ როგორ მოგწონს დღის ცენტრი დავით?

_ ძალიან მომწონს, ვერ ვძლებ მეგობრების გარეშე, მიყვარს კითხვა, წერა.

_ საყვარელი წიგნი თუ გაქვს?

_ რა თქმა უნდა, ყველა ქართველისათვის შეუდარებელი „ვეფხისტყაოსანი“.

_ ვინ გინდა გამოხვიდე?

_ ჟურნალისტი, ტელევიზიაში მინდა ვიმუშაო.

_ რომელი ტელევიზია გიყვარს?

_ რუსთავი 2, რადგან ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტები მანდ მუშაობენ, ყველაზე ძლიერი სიუჟეტები აქვთ და მაგარი გადაცემები.

_ რომელ გადაცემას უყურებ ყველაზე ხშირად?

_ კურიერს. დიკო ჯოჯუა მომწონს, ძალიან მინდა გავიცნო და მასთან ერთად წავიყვანო კურიერი. ჩემი ოცნებაა ერთხელ მაინც მოვხვდე რუსთავი 2-ში.

_ ვითომ უკვე კურიერის წამყვანი ხარ, ვის მიიწვევდი სტუდიაში?

_ შალვა ნათელაშვილს.

_ ესეიგი შალვა ნათელაშვილი გიყვარს, როგორც პოლიტიკოსი?

_ რა თქმა უნდა, ყველაზე მართალი კაცია, მაგრამ არავინ უჯერებს.

_ ძალიან პოლიტიზირებული ადამიანი ხარ, ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვს?

_ ტელევიზიიდან, კომპიუტერიდან. სოციალურ ქსელებს ვსტუმრობ ხშირად, მაქვს ჩემი ფეისბუქ გვერდიც, რადგან საშუალება მაქვს გეტყვით, მინდა ვუთხრა ოკუპანტ რუსეთს არა, შორს ხელები ჩემი სამშობლოდან. მინდა ვუთხრა პრეზიდენტს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დაიცვან საქართველო, ნუ დაუშვებენ უკრაინის მოვლენებს ჩვენთან, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. ვიცი, მალე უკეთესობა იქნება ჩემს ქვეყანაში, ცოტაც მოვითმინოთ, როგორც ვხედავთ პროცესები დაიძრა.

_ ყოჩაღ დავით, ცრემლები მომგვარა შენმა შემართებამ, კომპიუტერი ახსენე ზემოთ, ვიცოდი რომ არ გქონდა, გაჩუქა ვინმემ?

_ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ საახალწლოდ მაჩუქა, ძალიან გამიხარდა, მინდა მადლობა ვუთხრა საჩუქრისთვის.

_ საყვარელი მწერალიც გეყოლება.

_ ნოდარ დუმბაძე.

_ შენი ოცნება რა არის დავით, რაზე ოცნებობ ხშირად?

_ მინდა ვიყო განათლებული ადამიანი, ყველაფერი ვიცოდე და ჩემს ქვეყანას ვემსახურო.

დავითთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მას უძლიერესი შინაგანი ბუნება აქვს, მიზანდასახულია და აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც სურს. მან და მისმა მეგობრებმა ტამტამებზეც დაუკრეს და იმღერეს,  კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამ ბავშვებთან ერთი დღის გატარება ჩემთვის უდიდესი ჯილდო იყო. მათი კეთილი თვალები, გულუბრყვილო გამოხედვა და სიყვარულით მფეთქავი გულები მხოლოდ სიყვარულს, სიყვარულს და კიდევ ერთხელ სიყვარულს მამცნობდნენ.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.