მე მოვედი ჩემს სამშობლოში, ჩემს კურთხეულ მიწაზე და აქ ახლად აღმოვაჩინე საქართველო

0

meufeeeმანამდე კი ბოლნელ  მთავარეპისკოპოსს ბოლნისზე მხოლოდ წაკითხული ჰქონდა. სიმბოლურია, რომ ბოლნისის უძველეს სიონში პირველი წირვა შობას ჩაატარა. მიხვდა რომ აქ სასიცოცხლოდ საჭირო იყო ქართველობის, რწმენის, ქრისტიანობის გაძლიერება. გული სტკიოდა, რომ წინაპრების ნაფერებ-ნალოლიავები სიწმინდეები ნადგურდებოდა. მიტოვებული ეკლესია-მონასტრები, რომელთა  რიცხვიც  ორასს აღემატებოდა, ფეხით მოიარა, ჩაინიშნა, აღრიცხა, მოეფერა და მიესიყვარულა უპატრონოდ შთენილ სიწმინდეებს.. და დაიწყო გზა  ფიტარეთისკენ, სახუნდარასკენ, ფოლადაურისკენ, ცურტავისკენ…. ეს შვიდი წლის წინ იყო, მას მერე მეუფე ეფრემი ბოლნელი მღვდელმთავარია და მის სახელს სხვა მრავალთან ერთად, ელიას წმინდა მთაზე გრანდიოზულად შერაცხული ეკლესიის მშენებლობაც უკავშირდება.

მეუფე ეფრემი, ერისკაცობაში გამრეკელიძე დაიბადა 1975 წელს  ბათუმში, 20 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. რამდენიმე თვეში კი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა დიაკვნად. 1996 წლის ნოემბრიდან მსახურობდა რუისისა და ურბნისის ეპარქიაში. 1997 წელს კი ეკურთხა მღვდლად. 1997-98 წლებში მსახურობდა იტრიის ღვთისმშობლის  მიძინების მონასტერში. 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური. 2000 წლის 25 დეკემბერს  კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 2001-2004 წლებში იყო ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ლექტორი ხოლო 2004-2006 წლებში ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი. 2006 წლის 10 ნოემბერს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვეს. 2006 წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით გამოირჩიეს ბოლნელ მღვდელმთავრად, 31 დეკემბერს კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა ხელდასმა ეპისკოპოსად. 2012 წელს, პატრიარქის ბოლნისის ეპარქიაში სტუმრობის დროს, მისმა უწმინდესობამ მეუფე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და პანაღეა გადასცა.

_ მეუფევ, რამ მოახდინა გავლენა ჭეშმარიტი გზის არჩევაში?

_ ამ ქვეყნად ყველაფერი ღვთის ნებაა, მთავარია ადამიანმა იპოვოს თავისი ჯვარი და ნიჭი, იპოვოს გზა, რითაც უნდა ემსახუროს ღმერთს და ქვეყანას. ჩემი ცხოვრების გარიჟრაჟზე, როდესაც სკოლას ვასრულებდი და ვფიქრობდი, რა გზა უნდა ამერჩია, ღვთის წყალობით და არა ჩემი დამსახურებით, შემოვიდა ჩემში რწმენა უფლისა. მივხვდი, რომ მთელი არსებით მსურდა მხოლოდ და მხოლოდ უფლისთვის მეცხოვრა. ამის შემდგომ მოხდა  მონათვლა და კიდევ უფრო ჩავუღრმავდი ყველაფერს. საეკლესიო პირების და ეკლესიის ხელშეწყობით შევუდექი სასულიერო მოღვაწეობის გზას, ეს ყველაფერი ბათუმში ხდებოდა. შემდგომში გადმოვედი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, სადაც მიტროპოლიტი იობი მოღვაწეობდა.  სამრეკლო ეკლესიაში გახლდით მონასტრის წინამძღვარი. 2006 წლის მიწურულს, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სინოდის განჩინებით ამომირჩიეს ბოლნელ მღვდელმთავრად.

_ 2012 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა ბოლნისს სტუმრობდა, თქვენ მთავარი ეპისკოპოსის ხარისხში აგიყვანათ და პანაღეა გადმოგცათ.

_ დიახ, ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა, ამას საკუთარ თავს არ მივაწერ, ეს პატრიარქის ჯილდო, ხედვა და  დამსახურებაა. ნამდვილად დიდი მოვლენა იყო, მისი უწმინდესობა 15 წელია არ ჩამობრძანებულა ბოლნისში, თუმცა მისი ყურადღება ყოველთვის მომართული იყო ჩვენსკენ.  ეს ერთგვარი სტიმული და ნუგეშია, მაგრამ კმაყოფილების საბაბს ნამდვილად არ იძლევა. რაც შეეხება ხარისხს, უფლის წყალობით გვაძლევენ ჯილდოს, რომ მეტი ძალა მოგვეცეს. არის მღვდელმთავრობაში რამდენიმე წოდება, მღვდელმთავარი ჯერ ეპისკოპოსი ხდება, მერე მთავარეპისკოპოსი და შემდგომ კი მიტროპოლიტი. დღიდან ჩემი ბოლნისში დადგინებისა, წოდებით ვიყავი ეპისკოპოსი,  ამ ჯილდოთი მომემატა წოდება და გავხდი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ნიშნად ამისა გადმომეცა პანაღეა ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც მღვდელმთავარი ყოველთვის ატარებს გულზე. უწმინდესის ხელით სიონის ტაძარში ბოძებული ჯილდო ჩემთვის ძალიან ფასეულია. ეს მთელი ეპარქიის ჯილდოა, რადგან ჩვენ ერთად ვქმნით, ერთად ვაშენებთ, ერთად ვლოცულობთ. მე მარტო ვერაფერს ვიზამ, რომ არ მედგეს ასეთი გუნდი ღვთისმსახურთა, სასულიერო პირთა კრებული და ბერმონაზვნები, რომელთა რიცხვი ნელ-ნელა,  მაგრამ მაინც იზრდება.

_ თითქმის შვიდი წელია ბოლნისის ეპარქიას ემსახურებით, მეუფეო, რა დაგხვდათ და რა ხდება დღეს აქ?

_ ჩემთვის დაუვიწყარია ის დღე, შობის წინა დღეები იდგა.   ამ რანგში  პირველად ჩამოვედი და აქაურობა ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.  მეუფე იეგუდიელი გახლდათ ეპარქიის მმართველი. მადლობა მინდა ვუთხრა მას და პატივისცემით მოვიხსენიო, მართალია მცირე ხანი მოღვაწეობდა, მაგრამ მის გაკვალულ გზაზე მაინც მეტნაკლებად გამიადვილდა  მსახურება.

ბოლნისის ეპარქია ისტორიული მხარეა. ქვემო ქართლი, როგორც მას უწოდებენ _ საბარათიანო, საორბელიანო, მრავალტანჯული, მრავალსისხლდაღვრილი კუთხე, ერთ-ერთი კერაა ჩვენი სულიერი, საგანმანათლებლო აღმავლობისა, ამის უპირველესი მოწმეა ბოლნისის უძველესი სიონი, პირველი ქართული წარწერით დამშვენებული. ეს ეპარქია პირველთაგანია, რომელიც წმინდა ვახტანგ მეფემ ჩამოაყალიბა და როდესაც საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და თორმეტ საეპისკოპოსოდ დაიყო საქართველო, მნიშვნელოვანია  რომ ბოლნისი ამ თორმეტში ერთ-ერთი იყო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ   მას  დიდი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა ჰქონია. 16 საუკუნე გავიდა მას მერე, ბევრმა ქარტეხილმა, ნგრევამ და მტრობამ გადაიარა და  ქრისტიანობა და ქართველობა ამ მხარეში სამწუხაროდ, უმცირესობა აღმოჩნდა. მაგრამ უდიდესი ღვთისწყალობაა, რომ ქართველობის, სარწმუნოების, ეროვნული ღირსების, სიმამაცის და სულიერების უდიდესი ნიშანსვეტი და იმედია ის, რომ ბოლნისის სიონი ამაყად დგას ამ გარემოში. ეს არის ეპარქიის სულიერი ცენტრი. ვაღიარებ,  ბოლნისზე მხოლოდ გაგებული, წაკითხული მქონდა, მაგრამ შეხება და განცდა სხვა რამეა. მე მოვედი ჩემს სამშობლოში, ჩემს კურთხეულ მიწაზე და აქ, ახლად აღმოვაჩინე საქართველო. ჩამოსვლისთანავე სიონს მივაშურე, იქ ჯვრით ხელში ჩვენი ღვაწლმოსილი სასულიერო პირი, ამოქმედების დღიდან სიონის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონი დამხვდა. ასე მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა სიონთან, რამაც მშფოთვარე წუთებში მადლი და ნუგეში მომფინა. მოგეხსენებათ რთული რეგიონია, ძალიან ბევრი რამ იყო აღსადგენი და  ხალხამდე მისატანი. აქ არ შეიძლება მშვიდად ყოფნის და მოცლის უფლება მოსცე თავს. ძალიან ბევრია საზრუნავი, როგორც სარწმუნოების, ისე ეროვნული მდგომარეობის გაძლიერების მხრივ.  ეკლესია ყოველთვის იყო მედროშე ეროვნული სულისკვეთების გაძლიერების და საზოგადოებაში ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის დამკვიდრების. ბუნებრივია დღესაც ამ მისიას ვხედავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოგეხსენებათ აქ ქართველობა უმცირესობაა, საჭიროა ვიყოთ რწმენით და სიყვარულით შემართული, მუხტი და გამაერთიანებელი საძირკველი კი სწორად ეკლესიაში უნდა იპოვოს ქართველობამ, ეს არის ჩვენი მოწოდება.

პირველი წირვა სიონში ჩავატარეთ ღამისთევით. ტაძარი მრევლით იყო სავსე. დიდი ძალა, შემართება და პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ აქ უფრო მეტად საჭიროა ქართველობის, რწმენის, ქრისტიანობის გაძლიერება. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ეკლესია-მონასტრების შენება, სასულიერო პირების რიცხვმაც თანდათან იმატა. ფეხით შემოვიარე მთელი ეპარქია, აღვრიცხეთ, ჩავინიშნეთ ყველა ნატაძრალი. სამწუხაროდ ბოლნისში მხოლოდ 10 სოფელია, სადაც ქართველები ცხოვრობენ. პირველ რიგში მიზნად დავისახეთ, რომ მათ ჰქონოდათ ეკლესია-მონასტრები. დღეს ყველა ქართულ სოფელში ტარდება საკვირაო წირვა-ლოცვა და ჰყავთ სულიერი მოძღვარი. სიცარიელე და ნაკლებობა რელიგიურ-სულიერი მოთხოვნილებებისა აქ ნამდვილად არ იგრძნობა, ტაძარი ღიაა, რწმენა ნებაყოფლობითია, ახლა ჯერი ადამიანზეა, მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი ტრანსპორტიც დადის და მორწმუნე ადამიანს ყველანაირი პირობა აქვს, რომ იაროს ტაძარში.

აქ მოსვლის დღიდან ჩვენი უპირველესი მიზანი იყო, აღგვედგინა და სიცოცხლე დაგვებრუნებინა  მიტოვებული ეკლესია-მონასტრებისთვის. მათი რიცხვი კი ორასს აღემატებოდა. გული მტკიოდა, რომ ჩვენი წინაპრების ნაფერებ-ნალოლიავები სიწმინდეები უპატრონოდ  ნადგურდებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ უფალი არასოდეს მიგვატოვებს და გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები. ერთობლივად, რწმენით და ლოცვით, პირველი ხუთი წლის განმავლობაში ოცდაათამდე ეკლესია-მონასტერი იქნა აღდგენილი. ეს ეკლესიები უკვე მოქმედია და ჰყავს სულიერი პატრონი. ქართულ სოფლებში ადამიანები უმწყემსოდ იყვნენ დარჩენილები, არ იცოდნენ სასულიერო პირები, ამჟამად ყველგან ჰყავთ მოძღვრები და თუკი ადამიანს უნდა სულის გადარჩენა, სათქმელი და საძებარი არ ექნება, საით წავიდეს.

_ სასულიერო პირთა რიცხვმაც  იმატა, მეუფევ.

_ ბუნებრივია, ამის გარეშე შეუძლებელია, მარტო ეპისკოპოსი ვერაფერს იზამს, თუ არ ჰყავს საყრდენი ძალა. მადლობა ღმერთს, მრავლდებიან სასულიერო პირები, როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსულები, რომლებიც ამ ეპარქიაში, კონკრეტულად სიონის საკათედრო ტაძარში იქნენ ნაკურთხნი. არიან ბერები, მონაზვნები, ერის სამღვდელოება, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ და დავლოცო. თითოეული მათგანი ცდილობს იმოღვაწეოს ღირსეულად. მოგეხსენებათ, როდესაც ჩამოვედი ეპარქიაში სულ სამი-ოთხი ტაძარი იყო მოქმედი, მამა ბესარიონის მხრებზე გადაიარა ფაქტიურად ბოლო 20 წლის სიმძიმემ და ამ რთულ წლებში ტაძარი არ დაკეტილა და წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა, ღირსეულად იმოღვაწევა და დღეს ახალგაზრდა დასი შემოუერთდა მას.

_ ეს ბოლო წლები მონასტერთა სიმრავლითაც გამოირჩევა.

_ დიახ, გვაქვს შვიდი მონასტერი, ოთხი მამათა და სამი დედათა, მათი ლოცვა და მოღვაწეობა სულიერი მუხტის, ძალის და მაგალითის მომცემია საეროთათვის. ფიტარეთში, თევდორეწმინდაში, სიონში, სახუნდარაში, ფოლადაურში, ცურტავში, გზას მოწყვეტილ, მიუვალ ადგილებში მუხლჩაუხრელად მოღვაწეობენ, შემაჯამებლად იმის თქმა მინდა, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში მოხდა სულიერი ათვისება, მთელი ეპარქია მოიცვა ეკლესია- მონასტრებმა და სასულიერო პირების მოღვაწეობამ. შემდგომი ეტაპი კი უნდა იყოს კიდევ უფრო გაძლიერების და სრულყოფის. ეს წლები იყო ერთგვარი ამოქმედების, აღძვრის და გაცოცხლების წლები. ახლა კი ზედნაშენი უნდა  დამყარდეს, რომლის მიზანიც იქნება მოსახლეობაში რწმენის განმტკიცება, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და რითაც ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი. არ კმარა მარტო გარეგნული რწმენა, ეკლესია გვასწავლის სულის გადარჩენისთვის ლოცვას, მარხვას, ზიარებას, ამისათვის კი საჭიროა ჩვენი ტაძრები იყოს სავსე. მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას რწმენისკენ და ეს საქმით გამოვხატოთ.

_ მეუფევ,  ბოლნისის ეპარქიაში თქვენი მოღვაწეობის მთავარ გვირგვინად სასულიერო გიმნაზიას მიიჩნევენ…

_ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით  საქართველოს თითქმის ყველა ეპარქიაში მოქმედებს სასულიერო სასწავლებლები. მათ შორის ჩვენთანაც და მას მამა პეტრე კვარაცხელია უდგას სათავეში. სკოლის ფუნქციაა აღზარდოს ზნეობრივად ჯანსაღი, სულიერი, ეროვნული  და ამავე დროს რწმენით, ცოდნით, მეცნიერებით აღჭურვილი ახალგაზრდები. ეს არის სულიერი და ინტელექტუალური განათლების ცენტრი. არ ვიცი, ყველას თავისი შეფასება აქვს, მომავალი ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ  ვფიქრობ, ეს უდაოდ დიდი შენაძენია არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ მთელი ერისთვის, ვინაიდან ამ ეპარქიას მდიდარი სულიერი და კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციები ჰქონდა. გავიხსენოთ იოანე ბოლნელი, უდიდესი მქადაგებელი და სულიერი  მოღვაწე, რომლის სახელიც მიენიჭა სასულიერო გიმნაზიას. ასევე სულხან-საბა, რომელიც მაშინდელ საქართველოს საგანმანათლებლო, კულტურულ მიმართულებას აძლევდა. ამიტომაც, ეს ისტორიული ხაზი სასულიერო საგანმანათლებლო  მოღვაწეობისა, ვფიქრობ რომ აღსდგა. მეშვიდე წელია გიმნაზია არსებობს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორგანიზმი ჩამოყალიბდა, როგორც მოსწავლეებით, ისე პედაგოგებით. თუმცა ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. სამწუხაროდ, უკვე რამდენი წელია გვიწევს იმაზე ხაზგასმა, რომ პირობები ძალიან მწირია, ყველგან ვცდილობთ ხმა მივაწვდინოთ, მაგრამ ამაოდ. კონტინგენტი მზარდია, საგანმანათლებლო ლიცენზიით კი  მხოლოდ 90 ბავშვის მიღების საშუალება გვაქვს. მსურველი ბევრია და რაოდენ სამწუხაროა, რომ უარს ვეუბნებით. ოფიციალურად  გვაქვს შენობა საპატრიარქოს კუთვნილებაში, ძველი პროფტექნიკური სასწავლებელი უნიკალური ეზოთი და მდებარეობით, მაგრამ ცარიელი კედლებიღაა და მის აღდგენას დიდი თანხები სჭირდება. ეს ერთად საფიქრალია საზოგადოების და ხელისუფლების. ქართუ ფონდსაც მივმართეთ წერილობით, სადაც დეტალურად ავხსენით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ რეგიონში სასულიერო სკოლის არსებობა, მაგრამ ეტყობა ჯერ ვერ მიაღწია ადრესატამდე, პასუხი არ ჩანს. დღესდღეობით კი, რბილად რომ ვთქვათ, არა სახარბიელო პირობებში სწავლობენ ბავშვები, მუშაობენ მასწავლებლები და მშობლებს დიდი სურვილი აქვთ, რომ მათი შვილები სულიერებას  ეზიარონ,  ეს უკვე დიდი მიღწევა და პირველი ნაყოფია 7 წლის თავზე.

_ 21-ე საუკუნის გვირგვინს ეძახიან ბოლნელები ელიას მთაზე მშენებარე ეკლესიას…

_ ეს ტაძარი იმდენად თვალსაჩინოა,  თვალიც რომ დახუჭო, არ დაიფარება, ყველა ბოლნისელის აივნიდან, ეზოდან, ყველა კუნჭულიდან ჩანს ელიას მთაზე გვირგვინად აღმართული ეს დიდებული ტაძარი. დღეს ყველას  ამ მშვენიერებისკენ გაურბის თვალი. დღეში უკვე შვიდგზის ირეკება ზარი, რაც თითოეული ბოლნისელის გულს სიხარულით ავსებს. ეს არის ღვთის ნება, თავად ადგილს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა.  ჯერ გზის გაყვანა დავიწყეთ,  შემდგომ ჯვარი აღიმართა, რომლის სიმაღლეც 27 მეტრია, მისი ატანა ტექნიკასაც კი გაუჭირდა. ჯვრის აღმართვამ ერსაც და ბერსაც ახალი იმედი შეგვძინა და დავიწყეთ ტაძარზე ფიქრი, შედგა პროექტი, მოსწორდა ადგილი, საოცარია რომ იქ  ერთი ნატეხი ქვაც არ აგვიტანია, რაც ტრაქტორმა მოასწორა და სამშენებლო მტკიცე ქვა ამოვიდა, იმით მოხდა ამ გრანდიოზული ტაძრის აშენება.   2008 წელს დაიწყო მშენებლობა, 5 წელი გავიდა და ფაქტიურად ტაძარმა დასრულებული სახე მიიღო. ისეა ნაგები ამ კლდოვანი ქვით, გეგონება ძველი სახე აქვსო, ზუსტად ასე მინდოდა, გარეგნული მხარე მისადაგებული ყოფილიყო მაქსიმალურად იმ ძველთან, იმ ლანდშაფტთან, სულიერ მემკვიდრეობასთან და მდგომარეობასთან, რაც გააჩნია ბოლნისს. ტაძარი დასრულებულად და სრულყოფილად  ჩაითვლება მაშინ, როდესაც შიგნიდან ფრესკებით დაიფარება. ახლა მიმდინარეობს საკურთხევლის მოხატვის პროცესი. ხატწერის ოსტატი და მორწმუნე მიქაელი სულ რამდენიმე თვეა შეუდგა ამ საქმეს,  წელს ალბათ საკურთხეველი დასრულდება.  ვგეგმავთ მოვიწვიოთ ჩვენი პატრიარქი და ტაძარი მის მიერ იყოს ნაკურთხი. ვფიქრობ, ეს ალბათ ნააღდგომევს მოხდება.   აშენდა სამრეკლო, რუსეთში   დამზადდა უნიკალური ზარი, ის  ძმებმა საგანელიძეებმა შესწირეს ტაძარს. არ მინდა გამოვყო ვინ მეტი წვლილი შეიტანა და ვინ ნაკლები, ყველამ მიიღო მონაწილეობა.  ყველა მინდა დავლოცო, ყველას შეეწიოს პეტრე და პავლე მოციქულები.  შრომის პროცესს რაც შეეხება, როგორც ჩვენი წინაპრები შრომობდნენ, ზუსტად იმ პირობებში შრომობდნენ აქაც, ყველაფერი  ხელით კეთდებოდა და მთელი ბოლნისის საზოგადოება იყო ჩართული. ამას მინდა ხაზი გავუსვა, ტაძარი შენდება, მაგრამ მთავარია ვინ აშენებს, როგორ მიდის პროცესი. ეს იყო არა მარტო მატერიალური კედლების და ნაგებობის მშენებლობა, ეს იყო რწმენის, შინაგანი სამყაროს მშენებლობა.  ამაში კი მთელი ბოლნისი იყო ჩართული,  ამან ახალი სიცოცხლე შესძინა, სიახლე გააჩინა ბოლნისელთა  ცხოვრებაში, თურმე ჩვენც შეგვძლებია წინაპრებს მივბაძოთ, თურმე 21-ე საუკუნეშიც შესძლებიათ ადამიანებს მოკრძალებული აგური  დადონ ტაძრის მშენებლობაზე. რომ არა ასეთი შემართება, ალბათ ეს ტაძარი ვერ აშენდებოდა ასე მოხდენილად და მშვენივრად, სწორეს ეს არის კარგი, რომ მრავალი ათასი ადამიანის შრომა და სულისკვეთება,  რწმენა და ოფლი დევს. ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის თანხით თუ შენაწირით აშენებული. თანხა ვერ ააშენებს ტაძარს, ტაძარს რწმენა და ადამიანის გული,  სიყვარული და შემართება აშენებს.  ასე აშენდა სვეტიცხოველი, გელათი და ბოლნისის სიონიც. ეს ტაძარი, რომელიც ყველას  ეამაყება არის 21-ე საუკუნის სიტყვა, რწმენის და ეროვნული შემართების სიტყვა ბოლნისის უახლოეს ისტორიაში.

_ იწყება დიდი მარხვა, მეუფევ, რა არის მისი არსი და მიზანი?

_ დიდი მარხვა მოგეხსენებათ ეძღვნება აღდგომას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. მარხვის არსი და მიზანი არის ადამიანი დააფიქროს და აპოვნინოს საკუთარი თავი. უნდა ჩავიხედოთ ჩვენს სულში, სამწუხაროდ ხშირად გარეთ ვიყურებით,  ვინც თავს  უცოდველად თვლის, ის ყველაზე ცოდვილია. ეფრემ ასური ბრძანებს მის ლოცვებში: „მომანიჭე მე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“, ზოგს მარხვა ჰგონია რაღაც ჭამო და რაღაც არა, ეს ყველაზე ნაკლები პირობაა მარხვის, მისი არსია გამოასწორო ის, რა ნაკლიც გაქვს. ამიტომაც მარხვის წინ მორწმუნეები ერთმანეთისგან შენდობას ვითხოვთ. თვით პატრიარქიც მუხლმოდრეკით ითხოვს შენდობა-პატიებას. ერთმანეთს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ და ასე შევუდგეთ მარხვას. პირველი კვირა შედარებით მძიმეა, აღესრულება სპეციალური ლოცვები  ტაძრებში. არ შეიძლება ადამიანმა თვითონ დაიწესოს მარხვის წესები, ეს აუცილებლად მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს. რამდენად ბედნიერი იქნება ერი როდესაც ყველა მივა ტაძარში, ილოცებს, აღსარებას იტყვის და ეზიარება. მარხვა ჩვენთვისაა, ჩვენი სულის გადასარჩენად. ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდება ვნების შვიდეულით, ჩვენ უხილავად უფალთან ერთად გავდივართ იმ გოლგოთის გზას, სადაც ქრისტე ჯვარს ეცვა. ამას მოჰყვება უფლის ბრწყინვალე აღდგომა, რომელიც არის ენით აუწერელი სასწაული, დიდი ხსნისა და გამარჯვების დღე, დიდი მადლისა და სიხარულის მომტანი. ყველას გისურვებთ, რომ ეს მარხვა ყოფილიყოს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა, როგორც განიწმინდებით, ისეთივე სიხარული მოვა აღდგომის დღეს. კიდევ ერთხელ მინდა პატრიარქის მოწოდება გავიმეორო „ ქართველნო ერთად ღვთისაკენ“ სხვა გზა ჩვენ  არ გაგვაჩნია.

_ მეუფევ, ამ დღეებში ქართველი ხალხი დიდი მადლის მომსწრე ხდება, იხსნება მამა გაბრიელის საფლავი.(ინტერვიუ ჩაწერილია გაბრიელ ბერის საფლავის გახსნამდე ბ.ო.)

_ მოგეხსენებათ მამა გაბრიელი ჩვენი ეპოქის უდიდესი წმინდანია, მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ,  მამა გაბრიელი მცხეთის სამთავროს მონასტერშია დაკრძალული. ბევრი ადამიანი მიდის მასთან გულწრფელად. უამრავი შემთხვევაა სასწაულებრივი კურნებისა მის სიცოცხლეშიც და მერეც, რადგან წმინდანები არ კვდებიან. წმინდა სინოდის განჩინებით და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით იხსნება მამა გაბრიელის საფლავი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ეკლესიის ცხოვრებაში, ხდება წმინდა ნაწილების აღმოყვანა _ ესეც დღესასწაულია, სხვათა შორის მამა გაბრიელის ნაწინასწარმეტყველები. შესაბამისი წესით მოხდება საფლავის გახსნა და სამთავროში, წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადაბრძანება. იმავე საღამოს  წმინდა ნაწილებს საზეიმოდ გადაასვენებენ სვეტიცხოველში. ჩატარდება საზეიმო ღვთისმსახურება წირვა-ლოცვისა, შემდგომ ამისა მოხდება წმინდანის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენება და ყველას შეეძლება იქ მისვლა. წმინდანი ყოველთვის ჩვენთანაა. მისი სახელობის ხატია უკვე დაწერილი, ვინც მივა და რწმენით შესთხოვს, მამა გაბრიელი ყველას თხოვნას აასრულებს _ შეეწიოს მამა გაბრიელი ბოლნისს და სრულიად საქართველოს.

_ და ბოლოს მეუფევ, რას ეტყოდით ბოლნისსა და სრულიად საქართველოს?

_ რაც შეეხება ბოლნისელებს, საოცარი ხალხია. მართლა გულით შევიყვარე ისინი. ბოლნისი მთელი საქართველოა, ყველა კუთხის ნაკრები, ყველა ხასიათის ადამიანი ვიპოვე და ვცდილობ ყველასთან ურთიერთგაგება და კონტაქტი დავამყარო, ძალიან ადვილია ადამიანს ზურგი აქციო და გაეთიშო, მაგრამ სცადე და მასში იპოვე ის მაკავშირებელი, რომელიც საერთო ხიდს გაპოვნინებს ადამიანებთან. ამიტომ ვცდილობ ყველა კუთხიდან  მივუდგე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც დადებითი, თავისი ხიბლი და საინტერესო რამ  არ ჰქონდეს. ამიტომ მე ყველგან ვგრძნობ ამ სითბოს და სიყვარულს. მათ უხარიათ ჩემი სიახლოვე და მიხარია მეც. ეს სურვილი მინდა გადაიზარდოს ნამდვილ, ჯანსაღ, ეკლესიურ ცხოვრებაში.

_ დაგვლოცეთ მეუფევ.

_ ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

ბელა ონიანი


Share.

Comments are closed.