მერაბ ტოგონიძე: „ჩემს ქვეყანაზე სუფთა ჰაერი და წყალი არსად მეგულება, მე ქართველი ვარ და ამაყი ვარ ამით“

0

DSC_0178„მე უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ საქართველოზე ლამაზი, თბილი და ნათელი მზე არსად შემხვედრია, ჩემს ქვეყანაზე სუფთა ჰაერი და წყალი არსად მეგულება, მე ქართველი ვარ და ამაყი ვარ ამით“_ ეს სიტყვები ცნობილ  ბოლნისელს მერაბ ტოგონიძეს ეკუთვნის. ის ბოლნისის კოლორიტ ადამიანთა სიაშია და უამრავ კეთილ საქმესთან ერთად, საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ულამაზესი ოჯახი აჩუქა. ოჯახი, სადაც ხელოვნების ნიჭმა ერთიანად დაიბერტყა კალთა. მერაბ ტოგონიძე ცნობილი მოცეკვავე, წლების მანძილზე უამრავი თაობის აღმზრდელი და საყვარელი მასწავლებელი.შვილი ბესიკ ტოგონიძე მამის საქმის გამგრძელებელი, „ერისიონის“ ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ „სიონის“ ქორეოგრაფი. შვილიშვილი გიორგი ტოგონიძე, მოცეკვავე, მომღერალი, მხატვარი და მოქანდაკე. შვილთაშვილი, პატარა დაჩი იმედია გააგრძელებს ტოგონიძეების მიერ თაობიდან-თაობას გადაცემულ ტრადიციებს.

მერაბ ტოგონიძე, დაიბადა 1931 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ თელავში, სადაც რამოდენიმე წელი იცხოვრა. 1940 წლიდან მისი ოჯახი საცხოვრებლად ბოლნისში ჩამოდის და მერაბიც №1 საშუალო სკოლაში აგრძელებს სწავლას. 1950 წელს ირიცხება მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ძერწვა-ქანდაკების განხრით. სწავლის პარალელურად ცეკვავს თბილისის გაერთიანებულ ანსამბლში. ამავდროულად ბოლნისში აყალიბებს პირველ ქორეოგრაფიულ წრეს, სადაც შაბათ-კვირას ატარებს გაკვეთილებს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს წყალტუბოს სანატორიუმში ჩუქურთმაზე, არც იქ ღალატობს ჩვეულებას და პარალელურად ცეკვავს წყალტუბოს ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1955 წელს კი ბოლნისს უბრუნდება და 2009 DSC_0200წლამდე მუშაობს კულტურის სახლში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიონის“ ხელმძღვანელად.

მერაბ ტოგონიძე მშრომელი გლეხის ვანო და ქსენია ტოგონიძეების ოჯახში დაიბადა. მერაბის მამა კარგად ცნობილი მეპურე იყო და რადგან რაჭის ღარიბ სოფელში არაფერი გამოსდიოდა, თელავში წამოვიდა ბიძასთან, გახსნა თონე და დასახლდა ერეკლეს მოედანთან ახლოს. კახურ შოთებს აცხობდა რაჭველი კაცი.  მალე სამამულო ომი დაიწყო. ბოლნისიდან გერმანელების გასახლების ამბავი გახდა ცნობილი, მერაბის მამას დაჰპირდნენ თუ ბოლნისში გადავიდოდა საცხოვრებლად, ომში არ წაიყვანდნენ. ასე აღმოჩნდა ტოგონიძეების ოჯახი ბოლნისში, მაგრამ ვანო ტოგონიძე ომში მაინც წაიყვანეს.

მერაბ ტოგონიძე დედ-მამიშვილებში უფროსია და როგორც თავად აღნიშნავს, უჯერებდნენ ძმები. მამა ომში იყო, დედას კი პატარა ტოგონიძეები მხარში ედგნენ, შეშას, წყალს უზიდავდნენ.

„უმეტეს დროს ქუჩაში ვატარებდით ცეკვა-თამაშში, ომი იყო გაჩაღებული. ჩვენ კი ვმხიარულობდით, ალბათ იმიტომ, რომ ნახევრად მშივრებს შიმშილზე არ გვეფიქრა და როგორმე დღეები გადაგვეგორებინა“ – იხსენებს მერაბ ტოგონიძე სევდანარევი ღიმილით.

მერაბ ტოგონიძეს ცნობილი ბაბუა ჰყავდა, ლუკა ტოგონიძე, რომელიც მესტვირეთა დასში უკრავდა, არაერთი წიგნია დაწერილი, სადაც ლუკა ტოგონიძეა ნახსენები. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთხელ მეექვსე კლასელ მერაბისა და მის თანაკლასელს, ცნობილ დირიჟორ ჯანსუღ კახიძეს, მერაბის ბაბუამ ექსპრომტად გუდა-სტვირზე სიმღერა უმღერა, რომელიც შემდგომ ჯანო კახიძემ გუნდთან ერთად შეასრულა და ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო.

აი რას იხსენებს მერაბ ტოგონიძე ჯანსუღ კახიძეზე: „მე და ჯანო ერთ მერხზე ვისხედით, ერთად ვსწავლობდით და ვმეგობრობდით, თავიდანვე ნიჭიერი იყო, ისეთი წვრილი ხმა ჰქონდა ვგიჟდებოდით მეგობრები, მეც ვმღეროდი, მაგრამ ჯანო უკეთესად“.

მერაბ ტოგონიძეს შრომა არასდროს დაზარებია, ის ერთ საქმეს არასდროს აკეთებდა, როგორც მამამისი ვანო ღამე ცეკვავდა და qqqდღე პურს აცხობდა, ისევე მერაბიც ქანდაკებისა და ჩუქურთმის კეთებასთან ერთად ცეკვასაც ახერხებდა. გარდა ამისა, შაბათ-კვირას ბოლნისში ჩამოყალიბებულ ქორეოგრაფიულ წრეს უტარებდა ცეკვის გაკვეთილებს. თუ როგორ ისწავლა ცეკვა, ამაზე თავად გვპასუხობს:

„მიუხედავად იმისა, რომ მამა მოცეკვავე იყო არასდროს უსწავლებია ცეკვა ჩემთვის, სად ჰქონდა მაგის დრო, ღამე ცეკვავდა და მთელი დღე პურს აცხობდა. როცა თბილისში აკადემიაში ჩავაბარე, მეგობარს გავყევი ცეკვის გაკვეთილზე, რეპეტიციას რომ ვუყურებდი ნერვები მეშლებოდა ისეთ ადვილ ილეთებს როგორ ვერ აკეთებენ მეთქი. პედაგოგს ვთხოვე წრეში ჩამაყენე მეთქი, ჩამაყენა და კარგად გავაკეთე ყველაფერი. მითხრა სად ცეკვავო როცა ვუთხარი პირველად ვდგავარ წრეშითქო არ დამიჯერა. ასე დავიწყე ცეკვა, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა“.

მერაბ ტოგონიძეს თავის ანსამბლთან ერთად ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა აქვს ნანახი, მაგრამ სამშობლოსავით არცერთი იზიდავს მის გულს.

„მერაბი ყოველთვის ამაყობს რომ ქართველია, ეს არაერთხელ აღუნიშნავს უცხოეთში და ბევრი უცხოელი დაინტერესებულა საქართველოთი. უკვე 53 წელია ერთად ვცხოვრობთ, ოქროს ქორწილიც გვქონდა. გვყავს ორი შვილი ბესიკი და კობა, ოთხი შვილიშვილი გიორგი, ლანა, მერაბი, ანა და ერთი შვილთაშვილი დაჩი DSC_0197აქულაშვილი, რომელიც ცხოვრებას და სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს. ჩემი და მერაბის შეხვედრას განსაკუთრებული ისტორია აქვს, მე მისი მოსწავლე ვიყავი, 15 წლით დიდია ჩემზე, თვალი დამადგა, მოვეწონე, მოვიდა ოჯახში მამასთან, მაგრამ მამამ იუარა, პატარაა, ვერ გავათხოვებო. ამის გამო ლამის დაიჭირეს კიდეც. თუმცა მერე ისე მოხდა რომ დავინიშნეთ, ასე გავხდი მისი მეუღლე. ჩვენი ნიშნობა 1 აპრილს შედგა“_ იხსენებს ნათელა უგრეხელიძე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბოლნისში არსებული თითქმის ყველა ანსამბლის ხელმძღვანელები მერაბ ტოგონიძის გაზრდილები არიან. ამიტომ ამ ადამიანს ბოლნისში ქორეოგრაფიის მამად მოიხსენიებენ და დიდი პატივისცემით არიან განწყობილნი მისდამი. ხშირად დაუნახავთ მეზობლებს 83 წლის მერაბ ტოგონიძე, როგორ ჩააყენებს წრეში მისივე სახლის წინ მდებარე სტადიონზე პატარა გოგო-ბიჭებს და ცეკვაში ავარჯიშებს. მოუსმენიათ თუ როგორ არიგებს თითოეულ მათგანს, უყვება სამშობლოს სიყვარულზე, მის ისტორიაზე, ცეკვისა და ქართული ფოლკლორის დანიშნულებაზე. ეს ფაქტი კი მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ადამიანს შრომა და თავისი საქმის სიყვარული.

მერაბ ტოგონიძის ანსამბლს დღეს მისი შვილი ბესიკ ტოგინიძე ხელმძღვანელობს და ღირსეულად აგრძელებს მამის კვალს. ანსამბლ „სიონს“ არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული ბესიკ ტოგონიძის ხელმძღვანელობით.

ბაბუა მერაბის გზას აგრძელებს შვილიშვილი გიორგი ტოგონიძე, რომელიც ბაბუასავით არაჩვეულებრივად ხატავს, ძერწავს, ცეკვავს და მღერის, უკრავს ხალხურ საკრავებზე. როგორც ბაბუას, ისე შვილიშვილს  უამრავი მედალი, დიპლომი და პრიზი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი.

DSC_0175

dachiinnnnდღეს, მერაბ ტოგონიძე ცხოვრობს მეუღლესთან ნათელა უგრეხელიძესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, საიდანაც მუდამ მხიარულება, ჟრიამული და სიმღერა ისმის, რადგან დიდი ლუკა ტოგონიძის გზას აგრძელებენ მერაბი, ბესო, გიორგი და დაჩი, რომელიც ოთხი წლის ასაკში არცერთ ტოგონიძეზე ნაკლებად არ ცეკვავს. უფალმა დაგლოცოთ, მუდამ გემღერებოდეთ და გეცეკვებოდეთ, არასოდეს დავიწყებოდეს ბოლნისსა და ბოლნისელებს, რომ „ქართული სული როკვით განფენილი“ ბოლნისში ტოგონიძეებიდან მოდის.

დარეჯნ ოქრუაშვილი 


Share.

Comments are closed.