„მეზობლები ხშირად ვჩხუბობთ, ვაკონტროლებთ ერთმანეთს, ვინმემ რამე არ ჩართოს და მეტი ელექტროენერგია არ მოიხმაროს“

0

მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში უკვე დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი, სოფელ კიანეთში პრობლემას მაინც გახარჯულ ელექტროენერგიაზე მისული გადასახადის ქვითრები წარმოადგენს. კიანეთში ყველა ოჯახს საკუთარი (ძველი) მრიცხველი აქვს, თუმცა ადგილობრივებს მაინც საერთო კომუნალური მრიცხველით უწევთ თანხის გადახდა. თანხა მეზობლებზე თანაბარი რაოდენობით ნაწილდება რაც ხშირად დავის საგანი ხდება, რადგან ერთსულიანი ოჯახიც იმდენს იხდის, რამდენსაც მრავალსულიანი. მიუხედავად, იმისა რომ წლებია ასე გძელდება, მიზეზი ადგილობრივებისთვის მაინც გაურკვეველია, მათ არავინ უხსნით, თუ რატომ უწევთ საერთო კომუნალური მრიცხველით მოხმარებულ ელექტროენერგიაზე თანხის გადახდა.

„საერთოდ ჩვენი ინდივიდუალური მრიცხველების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ორჯერ მეტი იწერება, ამბობენ თქვენი თანასოფლელები დენს იპარავენო, ამას როგორ ახერხებენ და როგორ აჩერებენ მრიცხველებს, ვერ ვხვდებით. ყოველ თვე საერთო მრიცხველით გვიწევს თანხის გადახდა. ხალხი ჩივის, ვზოგავთ დენს და მაინც ბევრ თანხას ვიხდითო. თუ არ გადავიხდით, სოფელს შუქს გაუთიშავენ. მეზობლები ხშირად ვჩხუბობთ, ვაკონტროლებთ ერთმანეთს, ვინმემ რამე არ ჩართოს და მეტი ელექტროენერგია არ მოიხმაროს. ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს“?_ აცხადებენ სოფელ კიანეთის მცხოვრებლები.

ეთერ პაპიანოვა, სოფელ კიანეთის მცხოვრები:

_ არ შეიძლება თანხა თანაბრად ნაწილდებოდეს მარტოხელა ვარ, ეკონომიურად ერთ ნათურას ვხმარობ, რომ ბევრი არ დაიწეროს. ქუჩები ჩაბნელებულია, არც გარე განათებაა და რატომ გვიწევს ამდენის გადახდა, ვერ გავიგეთ.

თუ რატომ უწევს მოსახლეობას კვლავ საერთო კომუნალური მრიცხველით თანხის გადახდა ამაზე ენერგო კომპანიაში აცხადებენ რომ, ეს ძალიან ძველი პრობლემაა, რომელსაც ეტაპობრივად აგვარებენ.  „ენეგო პრო ჯორჯიას”-მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული 46 სოფლიდან გამრიცხველიანებულია 25 სოფელი. წელს გამრიცხველიანდება კიდევ 13, ხოლო 2015 წელს დარჩენილი 8 სოფელი. რაც შეეხება სოფელ კიანეთს, იქ გამრიცხველიანება მიმდინარე წელის ივნისი–ივლისის თვეში დაიწყება.


Share.

Comments are closed.