კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კომპანია RMG Gold-ს შორის მემორანდუმი გააფორმდება

0

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უახლოეს დღეებში კომპანია RMG Gold-თან მემორანდუმს გააფორმებს. 

საყდრისთან დაკავშირებით, დღეს კულტურის მინისტრის მვალეობის შემსრულებელი  დიპლომატებს შეხვდა. ალექსანდრე მარგიშვილმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილება გააცნო. კერძოდ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანია “RMG Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აწარმოოს მოპოვებითი სამუშაოები, მას შემდეგ რაც იქ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მონიტორინგს განახორციელებს.

“ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ რაიმე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებითი სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდება და აღმოჩენების კვლევა დაიწყება. ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს, რომ სამომავლოდ უფრო ადრე ჩავაყენოთ საქმის კურსში იმ პროცესების შესახებ, რაც მათ აინტერესებთ. შესაძლებელია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მოპოვებით სამუშაოებზე დაკვირვების კუთხით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელი ექსპერტებით დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი, როგორ შეირჩეს ეს ექსპერტები და რა უფლებამოსილება მიენიჭებათ მათ”, – აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, რაც შეეხება გერმანიის მხარის მიერ დასახელებულ ხუთი ინსტიტუტის ექსპერტს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისივე განცხადებით, პირველ რიგში, დიპლომატების მიერ შეთავაზებულ ექსპერტებს განიხილავენ და შემდეგ მათთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან მონიტორინგის ჯგუფში.
“ის, რომ მონიტორინგი ჩატარდება, გადაწყვეტილია. მაგრამ ვინ ჩაატარებს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. უახლოეს დღეებში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება სააგენტოსა და კომპანია RMG Gold-ს შორის, რომელსაც ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების ლიცენზია გააჩნია”, – აღნიშნა მარგიშვილმა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა მემორანდუმის დეტალებზე საუბრისგან. ასევე მარგიშვილმა დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესაბამისად, გასაჯაროვდება სამინისტროს ბოლო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც RMG Gold-ს სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა.

დღესვე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საყდრისი-ყაჩაღიანი ისტორიულ საბადოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, რომლებმაც შემდეგი პირობების შესრულება მოითხოვეს:  საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უზრუნველყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება საზოგადოების წარმომადგენელთა, ჟურნალისტთა და იმ არქეოლოგთა თანხლებით, რომლებიც ძეგლს იცნობენ და საზოგადოების ნდობას იმსახურებენ: გიორგი მინდიაშვილი, გიორგი გოგოჭური და გოდერძი ნარიმანაშვილი და  საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ შესრულდეს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის თაობაზე მადრიდის, ტულუზის, ინსბრუკის, კორკისა და სოფიას უნივერსიტეტებიდან და ამ ნუსხას დაემატოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სამთო არქეოლოგიის სპეციალისტი.

კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორის ნიკა ანთიძის განცხადებით: „მიზანშეწონილია, რომ საყდრისში მონიტორინგი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განახორციელონ”

ანთიძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომლებიც საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ ჟურნალისტებისა და არქეოლოგების მონაწილეობით. თუ როდის შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტზე მონიტორინგს განახორციელებს ნიკა ანთიძემ ვერ დააკონკრეტა. მას ასევე არ დაუკონკრეტებია გერმანული მხარის მოთხოვნით, თუ ვინ შედის ამ ჯგუფში. ნიკა ანთიძის განცხადებით, კულტურის საამინისტრო და სააგენტო ამჟამად მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურ დავალებას მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიმართ, თუ რა სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილზე.
“გერმანიიდან მიღებულ დოკუმენტში, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიის დამატებით კვლევას, აღნიშნული იყო, რომ არ ყოფილიყვნენ ჩართული გერმანელი და ქართველი ექსპერტები მონიტორინგში, რადგან ისინი მხარეებს წარმოადგენენ. ამიტომ იყო მოთხოვნა, რომ საყდრისში მონიტორინგი დამოუკიდებელ ექსპერტებს განეხორციელებინათ”, – განაცხადა კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დაწყებამდე, კულტურის სამინისტროსთნ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის” რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა ქართულ და ინგლისურ ენაზე დაწერილი პლაკატებით – “შეწყდეს საყდრისის ნგრევა”.  „ საყდრისი არ არის მხოლოდ საქართველოს მემკვიდრეობა, ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი”, – აცხადებდნენ აქციაზე. ახალგაზრდების განცხადებით, სამინისტროსთან მათი მისვლის მიზანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

Share.

Comments are closed.