კომპანია RMG gold საყდრისში სამუშაოებს განაახლებს

0

cms-image-000016104როგორც კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დადებითი დასკვნა საყდრისში სამუშაოების  განახლებაზე ინვესტორთან უკვე გაგზავნილია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ანთიძის განცხადებით საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება.
მისი განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჩართული იყო იმ პროცესებში, რომელიც 2013-2014 წლებში საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო მიმდინარეობდა.
“ჩემი დანიშვნის შემდეგ მოხდა უკვე იმ მთლიანი დოკუმენტაციის გაანალიზება, რაც საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო არსებობს და დადგინდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება”, – აღნიშნა ანთიძემ.

„საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ექნებათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ იმ სამუშაოებზე, რომელსაც ინვესტორი უახლოეს პერიოდში განახორციელებს.”- აცხადებს ალექსანდრე მარგიშვილი.
საყდრისს, 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნეოდა. 5 ივლისს კი, კულტურის მინისტრმა მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა 1 ოქტომბერს ეს სტატუსიც მოეხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით კი, ლიცენზიის მფლობელ კომპანიას კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ეკრძალება, წიაღისეული მოიპოვოს იმ ადგილას, სადაც არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს.

საყდრისში ოქროს უძველესი მაღაროს არ არსებობაზე ისაუბრა გუშინ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

“ის, რომ ოქროს მაღარო იყო, ეს არ არის დადასტურებული, ეს არის ვარაუდი. არ დასტურდება, რომ ეს არის ოქროს უძველესი მაღარო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

პრემიერის განცხადების შემდეგ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მარინე მიზანდარმა განცხადება გაავრცელეს.
“ჩვენ, კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და პირები არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ კომენტარს კულტურულ მემკვიდრეობასთან, კერძოდ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით. უდიდესი უსამართლობაა, 9-წლიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და იმ ფართო საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა, რაც არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის მიმართ.
პრემიერის კომენტარი ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც RMG Gold-ს ეძლევა ნებართვა, გააფართოვოს თავისი საქმიანობა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის სიახლოვეს.
ჩვენ, საქართველოს საზოგადოების სახელით, ვეწინააღმდეგებით ასეთ გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირების შესრულებას და საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით. ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის სიახლოვეს გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, გარემოს დაბინძურებას, და საფრთხეში ჩააგდებს გარშემო დასახლებული ადამიანების ჯანმრთელობას. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში არსებულ სოციალურ კრიზისს”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს “ICOMOS-საქართველოს”, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი–თბილისის, GEOAIR-ს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის, მწვანე ალტერნატივას, EMC-ს, ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორიის, “თბილისის ჰამქარის”, “ძეგლის მეგობარის” და “საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის” წარმომადგენლები აწერენ ხელს.


Share.

Comments are closed.