თემურ სოხაძე: “ამ გუნდით მხოლოდ პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა დასანანი იქნება”

0

ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს ჩემპიონატის მე-13-ე ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რეგულარული პირველობის საპლეიოფო ექვსეულში დასრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს გამარჯვება მთელი გუნდის თავდადებული თამაშის შედეგია, მაგრამ გუნდის კაპიტანი, მგეზავი თემურ სოხაძე იმ დღეს შეუდარებელი იყო და ყველამ ერთხმად აღიარა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. 15:9 მოგებულ შეხვედრაში ბოლნისელთა ყველა ქულა სწორედ 28 წლის კაპიტნის ანგარიშზე. მან ოთხი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა. გარდა ამისა, ის კარგად ასრულებდა ტაქტიკურ დარტყმებს და ფეხით მნიშვნელოვან მანძილს იგებდა.

თემურ სოხაძეს “არმაზთან” მოგებული თამაშის შემდეგ გავესაუბრეთ:

– დაძაბული თამაში იყო და ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. პირადი კონკურენტის დამარცხებით, პლეი ოფისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით და ახლა უკვე შეგვიძლია დანარჩენი თამაშები შედარებით მშვიდად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ჩავატაროთ. ყველანი უზომოდ გახარებულები ვართ. ამ თამაშამდე რამდენიმე თვე ვემზადებოდით და სასიხარულოა ჩვენმა შრომამ უქმად რომ არ ჩაიარა. ფიზმომზადებისა და ბურთით ვარჯიშმა შედეგი მოგვცა, მაგრამ ეს მოგება მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი გუნდის თავდებული გარჯის შედეგია.

– თქვენის აზრით, რა იყო გადამწყვეტი, რაც “არმაზის” დამარცხებაში დაგეხმარათ?

– სწორედ ზემოთნახსენები თავდადება. გუნდმა ხასიათი გამოავლინა. სამჯერ გვყავდა გაგდებული მოთამაშე და ნახევარ ტაიმზე მეტი კაცნაკლული, გარკვეული პერიოდით კი, მოედანზე ორკაცნაკლული დავრჩით. მიუხედავად ამისა, მთელმა გუნდმა მონდომება გამოავლინა, ენერგიის მაქსიმუმი გაიღო და გამოჩნდა, რომ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

– ერთ თამაშში სამი მორაგბის გაძევება ძალიან ბევრია. ამ პერიოდში “არმაზმა” ჯარიმები არ დაარტყა და ლელოზე ითამაშა. მეტოქეს მარტივი გადაწყვეტილებები რომ მიეღო და 3 ქულას დასჯერებოდა, შესაძლოა, შედეგი სხვაგვარი დამდგარიყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ “ყოჩებს” დისციპლინის მხრივ პრობლემები აქვს?

– დიახ, დისციპლინაში პრობლემები აშკარაა და მის გამოსასწორებლად აუცილებლად უნდა ვითამაშოთ. ამ თამაშის ანალიზს რომ ჩავატარებთ, სხვასთან ერთად, გაძევების მომენტებსაც განვიხილავთ და მწამს, მომდევნო თამაშებს სხვასთან ერთად ამ კომპონენტშიც უკეთ ჩავატარებთ.

– კარგი საწყისი 20 წუთის შემდეგ, “ყოჩები” შესვენებამდე და მატჩის განახლებიდან 20 წუთი თითქოს არეული თამაშობდა…

– ეს გარკვეულწილად კაცნაკლულმა თამაშმაც განაპირობა. გარდა ამისა, “არმაზი” ძალიან კარგი გუნდია, რომელის მიზანიც მხოლოდ პლეი ოფში გასვლა კი არა, იქ წარმატებული თამაშია და მოწინააღმდეგემ თავისი ძალა გამოავლინა. ღმერთის წყალობით, დღეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

– ზედიზედ ოთხი მოგებით და ორი პირადი კონკურენტის დამარცხებით (“ჯიქები” და “არმაზი”), პლეი ოფს მიუახლოვდით. “ყოჩების” საბოლოო მიზანი როგორია?

– კლუბის ხელმძღვანელობამ მიზნად პლეი ოფში დაგვისახა, მაგრამ მერე ბიჭებმა ვისაუბრეთ, კარგად ვართ მომზადებული და ვფიქრობთ, რომ დასანანი იქნება მხოლოდ ამ მიზანზე თამაში. მიგვაჩნია, რომ წელს მეტის მიღწევა შეგვიძლია და ვეცდებით, ფინალი ვითამაშოთ. მანამდე, რეგულარულ პირველობაში ოთხეულისთვის ვიბრძოლებთ, რათა პლეი ოფში, სადაც ერთი თამაშია, უკეთეს პოზიციაში ვიყოთ.

– პირადად თქვენთვის ბოლნისში თამაში რას ნიშნავს?

– სხვა გუნდებთან შედარებით, ეს სტადიონი უკეთ გვაქვს შესწავლილი. მისი ყველა მონაკვეთი ვიცით და აქ თამაში გვიადვილდება. პირადად მე, მოედანს უფრო კარგად ვხედავ და კარში დარტყმების გარდა, ფეხით თამაშიც მიადვილდება. სხვა გუნდებისთვის ეს სტადიონი უცხოა და ვგრძნობთ, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ.

– კონკრეტულად ამ თამაშში 15-ივე ქულა გუნდს თქვენ მოუტანეთ და სხვა კომპონენტებშიც კარგად ითამაშეთ. ეს თქვენი მაქსიმუმი იყო?

– არა! ვფიქრობ მეტი შემიძლია და ამას სხვა თამაშებში ვაჩვენებ. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ მომზადებული და მინდა ამ სეზონზე თამაშა უფრო მაღლა ავწიო.

http://kochebi.ge/index.php?run=home%2Fnews&news_id=28


Share.

Comments are closed.