დაბა კაზრეთის კულტურის სახლის დაზიანებულ სახურავს შეაკეთებენ

0

დაბა კაზრეთის კულტურის სახლში პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა დგას. დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის და ზიანდება კედლები. სისველემ და ნესტმა ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის სათავსოებამდეც მიაღწია,  ჩამოსულ წვიმას კულტურის სახლის თანამშრომლები საკუთარი ძალებით ებრძიან.  რამდენიმე წლის წინ კულტურის სახლს რემონტი  ჩაუტარდა: შეიცვალა სახურავი, დამონტაჟდა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, გარემონტდა დარბაზი, მოხდა სახურავის შეცვლა, მაგრამ სამუშაოები იმდენად უხარისხოდ განხორციელდა,  სახურავის ნაწილი მალევე დაზიანდა და სისველე გარდა ბიბლიოთეკისა, სამეცადინო ოთახებშიც  ჩადის.  ამას  ყინვებიც დაემატა და  წყლის მრიცხველიც დაზიანდა, რის გამოც გადაიკეტა სასმელი წყალი. კულტურის სახლში სველ წერტილებს ვეღარ ხმარობენ, რამაც სასწავლო პროცესი ფაქტიურად შეაჩერა. კულტურის სახლის მენეჯერმა ბოლნისის კულტურის ცენტრს განცხადებით მიმართა და დახმარება ითხოვა.

ილია ბალახაძე, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის მენეჯერი:კაზრეთის კულტ.სახლი

_ კულტურის სახლის ძირითადი პრობლემაა რომ სახურავის ნაწილი დაზიანებულია, წყალი ჩამოდის და წვიმის დროს ჭურჭელს ვუდგამთ, რომ იატაკი როგორმე გადავარჩინოთ. სახურავის 180 კვ.მ დაზიანებულია, გვეშინია წვიმა დარბაზშიც არ ჩავიდეს. გარდა ამისა წყლის მრიცხველიც გამოვიდა მწყობრიდან, გადაკეტილია მილები ვერ ვამეცადინებთ ბავშვებს.

კოტე ჩუმაშვილი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი:

_  შემოვიდა დაბა კაზრეთის კულტურის სახლის მენეჯერის წერილი, სადაც აღწერილი იყო სახურავის მდგომარეობა. ჩვენმა სამსახურმა ადგილზე შეისწავლა სიტუაცია, სამსახურის ბიუჯეტით გვინდოდა შეკეთება მაგრამ დავიანგარიშეთ და სამუშაოები ათას ხუთას ლარამდე ჯდება, ამდენის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. გავაგზავნეთ წერილი ინფრასტრუქტურის სამსახურის სახელზე და ვთხოვეთ  ჩაერთონ და მათ მიერ მოხდეს სახურავის რემონტი, თანხა  კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. იმედია ახლო მომავალში მოვახდენთ სახურავის შეკეთებას. რაც შეეხება წყლის მრიცხველს, მივმართეთ ბოლნისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომ მოხდეს მრიცხველის გამოცვლა სამსახურის მიერ.


Share.

Comments are closed.