გიორგი ხოსიტაშვილი: “ჩემპიონობის პოტენციალი გვაქვს”

0

ბოლნისის “ყოჩების” პირველხაზელი გიორგი ხოსიტაშვილი, რომელსაც ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, გასული სეზონი რუმინეთში გაატარა, ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და ჩვენს გუნდს იანვრიდან შეუერთდა.

მან ბოლნისში “არმაზის” წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი, გუნდთან ერთად 20 მარტს რუსთავში, “ხარებთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება.

გიორგი ხოსიტაშვილი: საქართველოში ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი და ჩვენი ჩემპიონატის დონე აშკარად ამაღლებულია. ყველა გუნდის მოტივაცია გაზრდილია, შემადგენლობები დაბალანსებული და გამორჩეული ფავორიტი არ არის, რაც, ვფიქრობ, ჩემპიონატის დონისთვის ძალიან კარგია. ვფიქრობ, ექვსეულში შესულ ყველა გუნდს, ჩემპიონობის თანაბარი შანსი ექნება.

– ექვსეულში ერთ-ერთი “ყოჩები” იქნება.

– დიახ, “ყოჩები” იქ აუცილებლად უნდა მოხვდეს. ჩემის აზრით, აქ კითხვის ნიშანი ზედმეტია. ჩვენი მიზანი მხოლოდ ექვსეულში მოხვედრა არაა. გვაქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.

– მაქსიმუმ რომელი ადგილის დაკავება შეგიძლიათ?

– რა თქმა უნდა ჩემპიონობა და ეს რეალურია. სანამ “ყოჩებში” ჩავირიცხებოდი, ამ გუნდის რამდენიმე თამაში ვნახე და “ლელოს” ორივე შემთხვევაში ისეთი თამაშები მოუგეს, რომ გამორიცხული აღარაფერია.

– რუმინეთის ჩემპიონობის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონობა ორმაგად გენდომებათ.

– დიახ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოს ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ და მოტივაცია გაორმაგებული მაქვს. შეძლებისდაგვარად, რაც შემიძლია მქსიმუმს გავიღებ.

– თქვენ ნაკრებშიც გითამაშით და როგორ შეაფასებთ ჩვენი გუნდის გამოსვლას?

– შედეგი სახეზეა. შეკრული, მობილური გუნდი გვყავს, უფრო სანახაობრივ თამაშს აჩვენებს და მხოლოდ ძალისმიერი სტილით აღარ გადიან ფონს. სამწუხაროდ, მე ამ გუნდის მაისურის მორგება ალბათ აღარ მომიწევს. ძალიან ძლიერი სამი ნომრები გვყავს და მე მათი გულშემატკივარი ვარ. წარმატებებს ვუსურვებ სულით და გულით.

– “ყოჩებში” რამდენ ხანს დარჩებით?

– კონტრაქტი წლის ბოლომდე მაქვს გაფორმებული და ვფიქრობ, მომავალშიც აქვე დავრჩები.

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home%2Fnews&news_id=39


Share.

Comments are closed.