,,გამიჭირდა ოჯახის დატოვება, მაგრამ წამოვედი და უკვე შვიდი წელია აქ ვარ.. ძალიან გამიგრძელდა სამშობლოში დასაბრუნებელი გზა“

0

ქართველები საზღვარგარეთ

1412751_458304677622859_864642575_oრუბრიკის მომდევნო სტუმარი ქართველი ემიგრანტი ქალია, რომელიც ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში, მუშაობს ერთ-ერთ ბერძნულ ოჯახში და   საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურადაა ჩართული.  საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარულმა გადააწყვეტინა ჩამოეყალიბებინა „თოჯინების თეატრი“, რომლის საშუალებითაც იქ მცხოვრებ ქართველ პატარებს აცნობს ქართულ-ხალხურ ზღაპრებსა და მის გმირებს. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად აწყობს  ღონისძიებებს, რისი საშუალებითაც ღებულობს იმ ქართულ საზრდოს, რაც იქ მყოფ ქართველებს ასე აკლიათ. ჩვენი რესპონდენტი საკუთარ სამშობლოზე, პროფესიაზე, ბავშვებზე უანგაროდ შეყვარებული, ქველმოქმედი, აქტიური, ბოლნისელებისთვის საყვარელი ნინო მასწავლებელია, რომელიც უკვე 7 წელია საკუთარი ოჯახის გარეშე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ალალბედად წასულს სამშობლოში დასაბრუნებელი გზა ძალიან გაუგრძელდა.

პროფესიით პედაგოგი ნინო ახვლედიანი 1963 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ბოლნისში დაიბადა. სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი დაბა კაზრეთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში, ბოლნისის ტელეკომპანია მეხუთე არხში საბავშვო გადაცემის რედაქტორად, ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად.  2006 წლიდან  კი ცხოვრობს საბერძნეთში.

_ როგორ ბრძანდებით ქალბატონო ნინო? მოგვიყევით სად ხართ ამჟამად და რას საქმიანობთ?

_ პირველ რიგში მოგესალმებით და მოვიკითხავ თითოეულ ბოლნისელს, ჩემს უსაყვარლეს სკოლას, ოჯახს და ოჯახის წევრებს. მე ვიმყოფები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. კარგად ვარ,  თუ არ ჩავთვლი ჩემს განცდებს, მონატრებას. მაწუხებს უსაქართველოობა და უოჯახობა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ვმუშაობ ერთ ოჯახში, ვუვლი მოხუც ბებიას. გარდა ამისა აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. გაწევრიანებული ვარ ქართულ დიასპორაში და თუ რაიმე ღონისძიება ტარდება, ყველა ერთად ვართ. გვყავს არაჩვეულებრივი ელჩი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩამოვაყალიბე თოჯინების თეატრი „ბაბილინა“, რომელიც უკვე ოთხი წლისაა.

_ რატომ გადაწყვიტეთ თოჯინების თეატრის ჩამოყალიბება და როგორია თქვენი რეპერტუარი?1661002_540136556102536_1339808057_n

_ მოგეხსენებათ პროფესიით პედაგოგი გახლავარ. 25 წელი ვმუშაობდი პედაგოგად, აქედან 13 წელი ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში. აქედან გამომდინარე ძალიან მიყვარს ბავშვები, ჩემთვის  დიდი ბედნიერებაა მათთან ურთიერთობა. თავიდან, როდესაც  მუშაობა დავიწყე ოჯახში, მხოლოდ კვირა დღე მქონდა თავისუფალი. ასეთ გარემოში ყოფნა გამიჭირდა. მაკლდა ბავშვებთან ურთიერთობა და  კვირაობით დავიწყე ბაღებში სიარული. ვცდილობდი ბავშვებთან ურთიერთობით მიმეღო სიამოვნება,  ჩემი შვილიშვილებისადმი მონატრება გადამქონდა მათზე. ბაღებში მისვლისას კი დამხვდა ჩემთვის სამწუხარო მდგომარეობა, ქართველ ბავშვებს ძალიან უჭირთ ქართულ ენაზე მეტყველება. არ იცნობენ ქართული ზღაპრების გმირებს, არ იციან ქართული ზღაპრები და ლექსები. ამიტომ გადავწყვიტე ჩამომეყალიბებინა თოჯინების თეატრი, რომ ზღაპრის გმირების საშუალებით მათთვის გვესწავლებინა ქართული და შეგვეხსენებინა თუ ვისი გორისანი არიან და ა.შ. უკვე ოთხი წელია აქტიურად მუშაობს ჩვენი თეატრი.  რეპერტუარი შემოიფარგლება ძირითადად ქართული-ხალხური ზღაპრებით.

_ ანუ, ძირითადად ბაღებისთვის ატარებთ თოჯინების თეატრს?

_ ვინაიდან  არ გვაქვს ოფიციალური საბუთები, რომ გავმართოთ ჩვენებები და მოვიწვიოთ მაყურებელი, ამიტომ ჩვენი თეატრი მოძრავია. იმ ბაღებში, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და მიგვიწვევენ, თვეში ერთხელ მივდივართ და ვატარებთ თეატრს.

_  მხოლოდ ქართველი ბავშვებისთვის მუშაობთ?

_  კი, მხოლოდ ქართულ ბაღებში დავდივართ.

_ რამდენი ქართული ბაღია ქალაქში  და ბავშვთა კონტინგენტი როგორია?

_  რაც მე ვიცი აქ  3, 4  ქართული ბაღია,  კონტინგენტიც საკმაოდ დიდია. 23-25 ბავშვია თითო ბაღში.  გარდა ამისა, ძალიან ბევრი  ქართველი ბავშვი დადის ბერძნულ სკოლებსა და ბაღებში. თუ არ ვცდები 22 000-მდე ქართველი ცხოვრობს აქ.

_ ეს ბავშვები ძირითადად ემიგრანტი ქართველების შვილები არიან თუ მანდ დაოჯახებულების?

_  ზოგი ემიგრანტის შვილია, ზოგი კი აქ დაოჯახებული შერეული ოჯახების.  ძირითადად დედით ქართველი და მამით ბერძენი მშობლების შვილები არიან.

_ რაც შეეხება  თეატრს, დაინტერესება როგორია მაყურებლის მხრიდან?

_ ძალიან დიდია დაინტერესება. სიხარულით გვხვდებიან ბავშვები, მშობლები.  დაინტერესდნენ და დამიკავშირდნენ თბილისის თავისუფალი რადიოდანაც, ჩაწერეს ინტერვიუ ჩვენი მუშაობის შესახებ. აქ არსებული ჟურნალ-გაზეთები სახელწოდებით „ელადა“ და „ემიგრანტი ქალი“ სისტემატიურად წერენ ჩვენზე.  მშობლები, რომლებიც ესწრებიან  ჩვენებებს, სიხარულის ცრემლებს ვერ მალავენ და მადლობას გვიხდიან ჩვენი საქმიანობისთვის. რადგანაც მონატრებული არიან ასეთ რამეს. მართალია ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მაგრამ თოჯინების თეატრი პირველად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ.

1396875_458297630956897_1409576157_o_ თოჯინების თეატრი  ბავშვებისთვის ფასიანია თუ უფასო?

_ ბილეთებზე კონკრეტული ფასი არ გვაქვს განსაზღვრული. იმ ბაღში, სადაც მივდივართ, მშობელი აკეთებს შესაწირ ყუთს და ვისაც რა საშუალება აქვს, იმდენს იხდის. შემოსული თანხით კი ვცდილობთ ქველმოქმედება გავწიოთ. პირველი  თანხა, რომელიც 100 ევროს შეადგენდა ჩავრიცხეთ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაზე.  შემდეგ კი დავეხმარეთ გარდაბანში მცხოვრებ გაჭირვებული ოჯახების შვილებს. გავუგზავნეთ მათ სასკოლო ნივთები და სათამაშოები. შემდეგი შემოსული თანხით კი აქ მცხოვრებ მარტოხელა დედას დავეხმარეთ, რომელიც ხელმოკლედ ცხოვრობს და ესაჭიროება გვერდში დგომა.  ასე  ვცდილობთ ვაკეთოთ კეთილი საქმე.

_ თქვენთან ერთად ვინ არის კიდევ ჩართული თოჯინების თეატრში?

_ ჩემი მეგობრები, ქართველი ქალები, ზოგი მღერის, ზოგი უკრავს, ზოგი კითხულობს და ა.შ. ერთობლივად ვმუშაობთ. ძალიან მეხმარება ასევე ქალბატონი მარინა გელოვანი, რომელიც აქ არის დაოჯახებული. აბსოლუტურად უანგაროდ და უსასყიდლოდ გვიმზადებს თეატრისთვის ბილეთებს, მოსაწვევებს, აფიშებს. ასევე გვერდში გვიდგას მისი მეუღლეც. აქ მყოფები  ერთმანეთს ვეხმარებით, ერთად ვართ ყველა ღონისძიებაზე. თოჯინების თეატრი კი ღონისძიებების მხარდამჭერია და აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქართველი ემიგრანტებისთვის მეგობრებთან ერთად მოვაწყვე ლადო ასათიანის საღამო, რამაც  დიდი სიხარული გამოიწვია ქართველებში. სამომავლოდ კი ალბათ სააღდგომოდ მოვაწყობთ ღონისძიებას, რომელსაც მივუძღვნით აფხაზეთში დაღუპულ ბოლნისელ ბიჭებს.

_ქალბატონო ნინო,  რამ განაპირობა სამშობლოდან თქვენი  წასვლა?

_ რომ გითხრა ძალიან მიჭირდა და იმიტომ წამოვედითქო, მოგატყუებ. უბრალოდ იმ პერიოდში სკოლებში ხშირად ხდებოდა  შტატების შემცირება. შემეშინდა უმუშევრად დარჩენის და ალალბედად გავაგზავნე საბუთები, გამიმართლა და თანხმობა მომივიდა ვიზაზე, წამოსვლა აღარ მინდოდა, ძალიან მიჭირდა ოჯახის დატოვება, მაგრამ წამოვედი და აგერ უკვე შვიდი წელია აქ ვარ,  როგორც იტყვიან, ძალიან გამიგრძელდა სამშობლოში დასაბრუნებელი გზა.

_ გაგიჭირდათ უცხო გარემოსთან შეგუება?

_ წამოსვლა და ჩემი ოჯახის მიტოვება ძალიან გამიჭირდა.  აქაურ ხალხს ადვილად შევეგუე, რადგანაც საუკეთესო ოჯახები შემხვდა,  ამ ხნის მანძილზე სამ ოჯახში მომიწია მუშაობა და ყველამ საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღო.  მეხმარებოდნენ და გვერდით მედგნენ ყოველთვის, თუმცა ძალიან განვიცდიდი სიშორეს, ვნანობდი რომ წავედი. მენატრებოდა  ოჯახი, სამსახური, მოსწავლეები,  შვილები, მაგრამ მაძლიერებდა მათი სიყვარული. ჩემი პატარა მოსწავლეებისგან, რომლებსაც ახალი ნასწავლი ჰქონდათ წერა-კითხვა, ყოველ თვეში ვღებულობდი წერილებს, ნახატებს, მისალოც ბარათებს, რაც  მაძლიერებდა და მახარებდა. შემდეგ ამ მონატრებამ დამაწყებინა ლექსების წერაც. როდესაც შემიპყრობს დარდი და სევდა, ვჯდები და ჩემი განცდები ფურცლებზე გადმომაქვს.

_ ძირითადად რაზე წერთ?

_ ძირითადად ვწერ სამშობლოზე, მონატრებაზე, ჩემს გულისტკივილზე.

_ ყველაზე მეტად რა გენატრებათ სამშობლოდან, ოჯახიდან შორს მყოფს?

_ მენატრება ყველაფერი ქართული. აქაც არის ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი უფერული და უგემურია ჩემთვის. ასე მგონია საქართველოში მზეც უფრო თბილია, ზღვაც უფრო თბილია, ყველაფერი უფრო ლამაზი და ნათელია.

_ თქვენს ოჯახზე რას მეტყვით?1014768_390730474380280_735043081_o

_ როდესაც აქ მოვდიოდი ზუსტად იმ დღეს გამოვიყვანეთ სამშობიაროდან ჩემი პირველი შვილიშვილი. ახლა ის უკვე მეორე კლასშია.  კიდევ სამი შვილიშვილი შემეძინა, რომლებსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ, რაზეც გული ძალიან მტკივა. არ ვიცნობ ჩემს რძალს. მათ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტები. მყავს არაჩვეულებრივი სიძე, რძალი, შვილები, ახლობლები, რომლებიც ძალიან მენატრებიან, მიჭირს მათ გარეშე ყოფნა. ალბათ მალე დასრულდება ეს გოლგოთა და დავბრუნდები  სამშობლოში, რათა ყველას მოვეფერო და გულში ჩავიკრა ჩემი უსაყვარლესი ადამიანები.

_ ქალბატონო ნინო, როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს ძალიან აქტიურად მუშაობთ, თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ მას?

_ თავისუფალი დრო მართლაც ნაკლებად მაქვს, თუმცა ვცდილობ რომ ეს დრო დავახარჯო ეკლესია-მონასტრების მოლოცვას. ჩამოვაყალიბე ჯგუფი და თვეში ერთხელ, კვირა დღეს დავდივართ აქ არსებული ეკლესია-მონასტრების მოსალოცად, უკვე ვიყავით რამოდენიმე ქალაქის ეკლესიებში.

_ ანაზღაურება როგორი გაქვთ, თუ გიღირთ მანდ ყოფნა და როდის აპირებთ დაბრუნებას?

_ ანაზღაურება როგორიც აქ არის,  ქართველებისთვის რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ბევრად მეტიც რომ იყოს,  ამდენი დარდისა და მონატრების ფასად მაინც არ ღირს აქ ყოფნა, თუმცა ამ წუთში მე სხვა გზა არ მაქვს. მოგეხსენებათ კაზრეთის ოქროს საბადოზე რა მდგომარეობაცაა,  რის გამოც ჩემმა მეუღლემ სამსახური დაკარგა, ჩემმა შვილმა და რძალმა ახლა დაიწყეს მუშაობა და ჯერ ისევ სჭირდებათ ჩემი დახმარება, ამიტომ აქ მიწევს ყოფნა და ზუსტად ვერც ვგეგმავ უკან დაბრუნებას.

_ დიდი მადლობა ქალბატონო ნინო სასიამოვნო საუბრისთვის.  თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ მანდ მყოფი ქართველებისთვის. ღმერთმა გაძლება მოგცეთ და მალე დაგაბრუნოთ თქვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ.

ნინო კარგარეთელი

Share.

Comments are closed.