ბოლნისის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

0

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას, (საჭიროების შემთხვევაში ცხოველთა სამარხში გადაყვანას) წელსაც ინდმეწარმე გიორგი მათიაშვილი განახორციელებს. მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულს მოეთხოვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მობილური ჯგუფების მიერ, არანაკლებ თვეში სამჯერ შესაბამისი რეიდის მოწყობა. თვის ბოლოს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებს ინდმეწარმესთან, რომელიც საკუთარი სპეციალური ტრანსპორტითა და სპეციალისტებით მოახდენს მაწანწალა ძაღლების დაჭერა-გაუვნებელყოფას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ძაღლების დაჭერა-გაუვნებელყოფა 2005 წლიდან ხორციელდება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. პირველად 24 იანვარს დაიდო ელექტრონულ სისტემაში ტენდერი, თუმცა არ მიიღეს მონაწილეობა პრეტენდენტებმა, ამიტომ საჭირო გახდა განმეორებით გამოცხადება. გაიმარჯვა ინდმეწარმე გიორგი მათიაშვილმა, რომელთანაც 31 მარტს გაფორმდება ხელშეკრულება. სატენდერო თანხა 25000 ლარს შეადგენს, რაც ერთ ძაღლზე 25 ლარია”. – განაცხადა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსმა გიორგი მათეშვილმა.

Share.

Comments are closed.