ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები სოფელ რატევანსა და ზვარეთს სტუმრობდნენ

0

გრძელდება სოფლებში კრებების ჩატარება, 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების გამოსავლენად. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები სოფელ რატევანსა და ზვარეთს ესტუმრნენ. დავით ასპანიძე და ლონგინოზ გასანოვი ადგილობრივების დღის წესრიგში არსებულ პრობლემატურ საკითხებს გაეცნენ. 
სოფელ რატევნაში, სადაც 394 კომლი ცხოვრობს, ყველაზე მეტად სარწყავი წყლის არარსებობა აწუხებთ. მათი თქმით, გლეხისთვის უმნიშვნელოვანესი მიწის დამუშავება და მასზე მოწეული პროდუქტებია. სარწყავის გარდა ასევე სასმელი წყლის განრიგის სიმცირესაც უჩივიან.
წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ რატევნისთვის 32 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის კრებაზე კი ადგილობრივები ერთხმად შეჯერდნენ, რომ ამ თანხით სოფელში არსებული რიტუალების სახლის სამზარეულოს გაფართოება მოხდეს.
რატევნის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ზვარეთში გადაინაცვლეს. მცირეკომლიან სოფელში მოსახლეობას სასმელი წყლის სიმცირე და ბუნებრივი აირის არარსებობა აწუხებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მათ შეხვედრაზე დააყენეს, სოფელთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობაა. გასულ წელს სოფელში რიტუალების სახლის მშენებლობა დაიწყო. სოფლის ცენტრში შეკრებილი მაცხოვრებლები კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით ამ დარბაზის ბოლომდე დასრულებას ითხოვენ.
,,ჩვენ დღეს უკვე ვიყავით ორ სოფელში და რამდენიმეში კიდევ მივალთ და ადგილზე გავეცნობით მათ პრობლემებს. აქაც, ისევე როგორც სხვა სოფლებში, ძირითადად სარწყავ და სასმელ წყალს ითხოვენ,რაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნაა. თუმცა სოფლის პროგრამის თანხები, სამწუხაროდ დიდ პროექტებს ვერ გასწვდება, ამიტომ სოფელ რატევანში, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, რიტუალების სახლის სამზარეულოს გაფართოება მოხდება. რაც შეეხება სოფელ ზვარეთს, სოფლის მაცხოვრებლებმა გასულ წელს დაწყებული რიტუალების სახლის მშენებლობის დასრულება და გზის კეთილმოწყობა მოითხოვეს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ასპანიძემ.

 


Share.

Comments are closed.