ახალ სასაფლაოზე წყლის პრობლემა აღდგომამდე მოგვარდება

0

DSC_0350უკვე მეორე წელია რაც გეოლოგების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სასაფლაო გაიხსნა, რომელიც მაშინვე შემოირაგვა და სასაფლაომდე მისასვლელი გზაც გაკეთდა. მოსახლეობა ითხოვს სასაფლაოზე მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა, გასწორდეს მიწა და დაიყოს ზონებად. გაკეთდეს საპირფარეშო და განათება.

„აუცილებლად მიმაჩნია ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ეს პრობლემა. სისტემატურად, ყოველი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გამაქვს ეს საკითხი, მაგრამ ჯერ დადებითად არ გადაწყვეტილა. ჩემის აზრით აუცილებელია მოეწყოს მარტივი ტიპის საპირფარეშო, გასწორდეს ტერიტორია და გაკეთდეს განათება. სულ საჭიროა 4 ლამპიონი. ასევე საჭიროა მოხრეშვა, რადგან  წვიმიან ამინდში გადაადგილება ჭირს“. – ამბობს  ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პეტრე დანელია.

მარია მაღრაძე, გეოლოგების დასახლებაში მცხოვრები:

_ სასაფლაოზე წყალი არაა შვილო, არც განათებაა და არც საპირფარეშო. მიწა გასასწორებელია, ასეთ დაქანებულ ადგილზე როგორ უნდა დამარხონ მიცვალებულები. კარგა ხანია ვითხოვთ სასაფლაოს მიაქციონ ყურადღება, მაგრამ ჯერჯერობით არავინაა პატრონი.

აღნიშნულ პრობლემაზე კომენტარი ვთხოვეთ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დავით ასპანიძეს:

– ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სასაფლაოების მოვლა-პატრონობის თანხა დაახლოებით 70 ათას ლარამდე, მაგრამ მიზანმიმართულად არ არის გათვლილი  ახალ სასაფლაოზე. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას დღეს მოველაპარაკე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს და უახლოეს დღეებში დაიწყება ამ საკითხის მოწესრიგება და სააღდგომოდ ახალ სასაფლაოზე იქნება წყალი. უახლოეს მომავალში მოგვარდება განათების პრობლემაც.

 

 

Share.

Comments are closed.