ალექსანდრე ესაკია: “ხარებთან” მატჩში გამოცდილებამ დიდი როლი უნდა ითამაშოს”

0

ბოლნისის “ყოჩები” “ავჭალის” სტადიონზე სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ინტენსიურად ემზადება. პირველი მატჩი გუნდს 20 მარტს, რუსთავში “ხარების” წინააღმდეგ ექნება და გამარჯვების შემთხვევაში, ოთხეულში დამკვიდრების კარგი შანსი გაჩნდება.
ტრავმების გამო გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ემზადება, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ესაკია, ამ ამბავს მისაღებად მიიჩნევს და წარმატების იმედი აქვს.
ალექსანდრე ესაკია: შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ საგანგაშო მდგომარეობაა, მაგრამ ტრავმები არის: დავით გრძელიშვილი, ნიკოლოზ ჩხიკვაძე, პირველ ხაზშიც გვაქვს პრობლემები. ნელ-ნელა ვიშუშებთ ტრავმებს და პარალელურ რეჟიმში, ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის ვემზადებით. რაც მთავარია, გუნდში პოზიტიური განწყობაა.
– “არმაზთან” დაშავებული გიორგი წიკლაურის მდგომარობა როგორაა?
– მან ფეხი იტკინა, საოპერაციოა და სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი წელიწადი ვეღარ ითამაშებს. ნიკო აფციაურმა თიაქარის ოპერაცია გაიკეთა ძლიერ დაგვაკლდება. ეს რაგბია, კონტაქტიკური სპორტი და მსგავსი სიტუაციები გარდაუვალია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტრავმები არ გვაშინებს, რადგან, რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად კარგი, საბრძოლო განწყობაა. დარწმუნებული ვარ, მომავალ თამაშებში ყველაფერი კარგად იქნება.
– ჩემპიონატში ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ვფიქრობ, რეგულარული პირველობის მხოლოდ ექვსეულში დასრულებაზე აღარ უნდა ფიქრობდეთ.
– რა თქმა უნდა. ცოტა ხნის წინ “ბათუმმა” “არმაზი” დაამარცხა, “ხარებმა” “ჯიქებს” სძლია. ჩვენ კალენდარიც ისეთი გვაქვს, რომ ზედა ადგილებზე ფიქრი თავისუფლად შეგვიძლია.
– უახლოესი თამაში რუსთავში გიწევთ, “ხარებთან”.
– და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ანალოგიური სიტუაცია გვქონდა “არმაზთან” მატჩის წინ, აუცილებლად უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. ძალიან მძიმე თამაში გველოდება. რუსთავის გუნდი მოტივირებულია, ამ თამაშის წაგებით ისინი ბევრს კარგავენ და ვფიქრობ, ბოლომდე შემოგვასკდებიან, მაგრამ ჩვენც არანაკლებ მოტივირებულები ვართ.
– ზამთრის შესვენება რამდენად ნაყოფიერად გამოიყენა “ყოჩებმა”?
– ძალიან კარგად. მთელი ეს პერიოდი არ გავჩერებულვართ, ფიზმომზადების მწვრთნელის – აკა ცინცაძის ხელმძღვანელობით ინტენსიურად ვემზადებოდით და ამ კუთხით საუკეთესო ფორმაში ვართ.
– რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი “ხარებთან” მატჩში?
– აქ რაიმეს გამოყოფა არ შეიძლება – ფიზიკურადაც კარგად უნდა ვიყოთ და ტაქტიკურადაც. რუსთაველებს არ ვაკნინებ, მაგრამ გვყავს გამოცდილი ბიჭები და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი უნდა იქონიოს.
– დიდი ხანია არ გითამაშიათ, დღეს კი, ფორმაში ხართ და სრული დატვირთვით ვარჯიშობთ. ითამაშებთ?
– ჯერ ვერ გეტყვით. გვყავს ახალგაზრდა, ძალიან კარგი პირველხაზელები, აგერ ხოსიტაშვილიც დაგვემატა, მაგრამ თუ საჭირო ვიქნები, მე თამაში არ მეზარება. “ყოჩების” მაისური ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ვფიქრობ, ერთი-ორი წელიწადი მოედანზე გასვლას კიდევ მოვახერხებ.
– რომელ ადგილს უმიზნებს წელს “ყოჩები”?
– ჩვენი პრობლემა ისაა, რომ შარშანდელის შემდეგ გარდამავალი პერიოდი გვაქვს. მაგრამ ჩემპიონს, ისეთ გამოცდილ გუნდს, როგორიც “ლელოა”, ორივე თამაში მოვუგეთ და ეს მეტზე ფიქრის იმედს გვაძლევს. მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვნახოთ რა გამოვა. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩემპიონობის გარდა სხვა შედეგზე ფიქრი არც კი გვენდომება.

წყარო: http://kochebi.ge/index.php?run=home%2Fnews&news_id=38


Share.

Comments are closed.