ავთანდილ კენჭაძე: “პრობაციის ბიუროს თანამშრომლობა „სიდასთან“ ნაყოფიერი და მრავალმნიშვნელოვანია”

0

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”-სა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა პროექტის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემში”- ს ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სისტემატურად  ხორციელდება ერთობლივი აქტივობები, რომელიც მიმართულია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციისთვის. „სიდამ” პროექტის საწყის ეტაპზე ასევე განახორციელა „ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროების შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზი”, რომლის საფუძველზეც უზრუნველყო ბიუროს თანამშრომელთა დატრენინგება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ბავშვის განვითარების თავისებურებები, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები, სტრესი, მისი მართვა და სხვა.

„სიდა”-სა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ურთიერთობას, გასული წლის მაისში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც განამტკიცებს.

სააგენტოს საქმიანობის ძირითად  მიზნებსა და მიმართულებებზე, პროგრამებსა  და „სიდასთან”  თანამშრომლობით  ასპექტებზე,  ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსს ავთანდილ კენჭაძეს ვესაუბრეთ.

ავთანდილ კენჭაძე: პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობა მიმართულია მსჯავრდებულის გამოსწორებისა და მისი საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნებისაკენ. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით.

 სააგენტოს მიერ არასრულწლოვანი პრობაციონერების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციისთვის რა პროგრამები ხორციელდება?

 სააგენტოში მიმდინარე პროგრამებიდან რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანი პრობაციონერების რესოციალიზაცია, რეაბილიტაციისათვის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში”, პროექტს ახორციელებს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტი”.

„რეგიონული განვითარების რესურსცენტრი” იმერეთის პრობაციის ბიუროში ახორციელებს იმ არასრულწლოვანი პრობაციონერების გადამზადებას, რომელთაც სურვილი აქვთ გაიარონ კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი ტრენინგკურსი. ააიპ „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი” იმერეთის პრობაციის ბიუროში უნარებისა და ინტრესის შესაბამისად ახორციელებს არასრულწლოვანი პრობაციონერების პროფესიულ გადამზადებას. ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა” ახორციელებს პროექტს „არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში.”

 იგი ეხმიანება საქართველოში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, რათა ხელი შეეწყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტის საბოლოო მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და კანონთან კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ადგილობრივ თემში მათი პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერების გზით.

თქვენი შეფასებით რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების წამოწყება და განხორციელება, რა შედეგის მომტანია იგი?

მსგავსი პროექტები ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ხელს უწყობენ მოზარდებში არადანაშაულებრივი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მსგავსი პოზიტიური ღონისძიებები ხელს უწყობს არასრულწლოვნების ზოგადი მდგომარეობის გაძლიერებას, ღირებულებების და ქცევის კორექციას. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მათი მიმღებლობის გაზრდას პრობაციონერებთა მიმართ.

 

რამდენად ნაყოფიერია ამ პროექტის ფარგლებში თქვენი თანამშრომლობა,  როგორ აფასებენ ამ ყველაფერს თავად პრობაციონერები?

კარგი იქნებოდა ისეთი პროექტების ინიცირება, რომელიც კანონთან კონფლიტში მყოფ მოზარდებს შრომისადმი დადებით დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებდა და საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებით იქნებოდა დატვირთული, და არა მხოლოდ,  ცალკეული ღონისძიებების ორგანიზება. პროფესიული უნარ-ჩვევების სწავლება და განვითარება, სახელობო თუ ხელოვნების წრეები არასრულწლოვან პრობაციონერებს სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, შრომით თერაპიას და საბოლოოდ, შემოსავლების მიღების კანონიერ ალტერნატივების დანახვასა და არჩევანში დაეხმარებოდა.

„სიდა”-სთან სააგენტოს თანამშრომლობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასულწლონვების, როგორც პროექტის სამიზნე ჯგუფისთვის, სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდებით დაიწყო, კერძოდ 2012 წ. პროექტი სახელწოდებით „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებით”,  რომელიც 2012 წლის ნოემბრის თვიდან გაგრძელდა პროექტით „არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში”.

თანამშრომლობა ნაყოფიერი და მრავალმნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პრობაციონერებისათვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის და მათი პიროვნული უნარების განვითარების შესაძლებლობის მიზნით, არამედ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვ. ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერების კუთხით. (ტრენინგ-სემინარები არასრულწლოვანთა დანაშაულების თავისებურებებზე, ადრეული ასაკის სტრესი და მისი როლი დანაშაულის გენეზში და ა.შ.).

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ არასრულწლოვან პრობაციონერთა უმეტესობა დადებითად აფასებს აღნიშნულ პროექტში მათ მონაწილეობას, ისინი დაინტერესებულები არიან და მომავალშიც აცხადებენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში.

დღეის მდგომარეობით რამდენი არასრულწლოვანი პრობაციონერია აღრიცხვაზე აყვანილი?

ამ ეტაპისთვის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 18 არასრულწლოვანი პროციონერი.

და ბოლოს, რა სირთულეებს აწყდებით  ბიუროს  საქმიანობის პროცესში და როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული ბარიერები?

სააგენტოს საქმიანობის პროცესში პრობაციონერების რეაბილიტაციის მიმართულება დაკავშირებულია ისეთ სირთულეებთან, როგორიცაა სოციალური უნარების გაძლიერება მათ წინაშე მდგომი მატერიალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონიმიკური პრობლემების კვალდაკვალ განვითარებული უმუშევრობის მაღალი დონე უშუალოდ აისახება პრობაციონერების ფსიქო-სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე, რასაც პრობაციონერთა სოციალური ადაპტაციის გაძნელება, გაუცხოება და დანაშაულის რეციდივი მოყვება.

მასალის მომზადდა პროექტის ფარგლებში:  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისმხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში.” პროექტსარასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა” 2012 წლის ნოემბრიდანევროკავშირის ფინანური მხარდაჭერითახორციელებს.

 მარიამ ხაჩიძე                                                                                                        

 


Share.

Comments are closed.