აგრო დაზღვევის სისტემის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს

0

agro dazgveva7 მარტს,  სასტუმროში Holiday Inn შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში  აგრო-დაზღვევის  სისტემის  განვითარების შესახებ სემინარი ჩატარდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ეროვნული სადაზღვევო სისტემის შესაქმნელად დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

სემინარი გახსნეს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანმშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილიმა, საქართველოს  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სემინარში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროების, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის, სადაზღვევო კომპანიების,  სადაზღვევო ასოციაციის და საერთაშორისო გადამზღვევი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სემინარს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (KFW, World Bank, EBRD, IFC), დონორი ორგანიზაციების, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.

,,ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის  მეურნეობა  ვითარდება. სახელმწიფომ ამ მიმართულებით დიდი თანხები ჩადო. ფერმერებისთვის ეს არის სტიმული გრძელვადიანი საქმიანობის დაწყებისთვის. შესაბამისად გაჩნდა რეალური მოთხოვნა აგრო დაზღვევის სისტემის შექმნისა და განვითარების. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და იმედი გვაქვს საკმაოდ კარგი პროექტის შემუშავება მოხდება“, – განაცხადა დავით ნატროშვილმა.

სემინარზე აღინიშნა, რომ საქართველოში რეალურად გაჩნდა აგრო დაზღვევის მოთხოვნა. მისასალმებელია რომ აგრო დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების  მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული. მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და არასამთავრობოების ჩართულობაც. აუცილებელია ფერმერთა გადამზადება, აგრო დაზღვევის საკითხებზე ცნობადობის ამაღლება და ინფორმირება. როგორც საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის  ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიური მუშაობის შედეგად, სავარაუდოდ ერთ წელიწადში საქართველოში აგრო დაზღვევის გამართული სისტემა იქნება.

„დღეს სოფლის მეურნეობა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მთავრობის ინიციატივით, ფერმერთა მხარდაჭერისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.  საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროდაზღვევის სისტემის ამოქმედება. აგროდზაღვევა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას  დაეხმარება სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალი  საგრძნობლად შეამციროს, რაც სტაბილურს გახდის მათ შემოსავლებს. აგროდაზღვევის ამოქმედება სოფლის მეურნეობის  სექტორის მიმართ საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს გაზრდის. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ფინანსური რესურსი, რაც დარგის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.” – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

Share.

Comments are closed.