ლადო ბურდული: “ვიცოდით სად მოვდიოდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ რთული თამაში იქნებოდა. წინა თამაშების შედეგებიც ვიცოდით. წინ რთული თამაშები გვაქვს. დინამოს მადლობას ვუხდი. ამ კლუბში წლები ვითამაშე და დღემდე მისი გულშემატკივარი ვარ. Fair Play-ს წესების დაცვისთვის, მეტოქეს მადლობას ვუხდი”. (ვიდეო)
დღეს ბოლნისის „სიონსა” და თბილისის „დინამოს” მატჩის დროს მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეგრეთწოდებული Fair Play-ს წესი ზოგმა კურიოზად აღიქვა. აქედან გამომდინარე, შევეცადეთ მოგვეძიებინა მსგავსი მაგალითები. გთავაზობთ გაზეთ 24 საათში 2012 წელს გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც აღნიშნული წესის გამოყენების რამდენიმე ცნობილ მაგალითზე მოგვითხრობს.
Fair Play ანუ პატიოსანი თამაში თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Fair Play-ის ათი მაგალითი (გაზეთი 24 საათი 24.09.12)
ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმემ თამაში გააგრძელოს, როცა მეტოქე ტრავმას იღებს. ამას წინათ კი ინგლისურ პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი გუნდის მეკარემ შესაშური ჯენტლმენობა გამოიჩინა – მსაჯს მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათი არ მიაცემინა. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ Fair Play-ს ათ ყველაზე დასამახსოვრებელ შემთხვევას. დავიწყებთ სწორედ ინგლისელი მეკარით.
სტივ ჰარპერი, “ნიუკასლი” (2012)
ინგლისური პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში “ნიუკასლისა” და “ევერტონის” მატჩში “კაჭკაჭების” მეკარემ, სტივ ჰარპერმა, არბიტრი დაარწმუნა, რომ “ევერტონის” ფეხბურთელ ვიქტორ ანიჩებესთვის ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა. მსაჯმა ანიჩებე სწორედ ჰარპერთან უხეში თამაშისთვის დააჯარიმა. “ნიუკასლის” მეკარეს უკვე მიღებული აქვს მსაჯის ლიცენზია და კარიერის დასრულების შემდეგ არბიტრობას აპირებს.
იან ვერტონგენი (“აიაქსი”)
“აიაქსის” ახალგაზრდული გუნდის წევრი იან ვერტონგენი 2006 წელს სულ მთლად ახალგაზრდა იყო და ამსტერდამული კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ერთ-ერთ მატჩში ვერტონგენმა, Fair Play-ის წესების თანახმად, გადაწყვიტა, ბურთი მეტოქისთვის დაებრუნებინა, მაგრამ იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ თავისი მოედნიდან გაიტანა გოლი. ახალგაზრდა ფეხბურთელს ისღა დარჩენოდა, გაკვირვებისგან ხელები გაეშალა, ხოლო “აიაქსის” ფეხბურთელებმა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.
პაოლო დი კანიო, “ვესტ ჰემი” (2000)
სკანდალურად ცნობილი ფორვარდი ჯენტლმენური საქციელით გამოირჩეოდა. “ევერტონთან” მატჩში დი კანიომ დაინახა, რომ მეტოქის მეკარემ ტრავმა მიიღო და ცარიელ კარში გოლი არ გაიტანა. იტალიელმა ბურთი ხელში აიღო და მსაჯს სთხოვა, თამაში გაეჩერებინა. იმ წელს დი კანიომ ფიფას ხელმძღვანელებისგან Fair Play-ს პრიზი მიიღო. იმ კადრებმა კი მთელი მსოფლიო შემოიარა.
არსენ ვენგერი, “არსენალი” (1999)
ინგლისის თასის გათამაშებაში “არსენალი” “ჰაიბერიზე” “შეფილდს” ეთამაშებოდა და 2:1 გაიმარჯვა. თითქოს არაფერი, მაგრამ მატჩის შემდეგ ვენგერი მივიდა მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ ბრიუსთან და შეხვედრის გადათამაშება შესთავაზა. საქმე ის არის, რომ “მეთოფეთა” მეორე გოლი Fair Play-ს წესების დარღვევით გავიდა. “შეფილდის” ფეხბურთელებმა ბურთი განგებ გადააგდეს მინდვრის ფარგლებს გარეთ, რათა თამაში შეეჩერებინათ და ტრავმირებული ფეხბურთელისთვის დახმარება აღმოეჩინათ. წესით, “არსენალს” აუტიდან შემოტანილი ბურთი მეტოქისთვის უნდა დაებრუნებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნვანკვო კანუსთვის Fair Play-ს წესები უცხო იყო და ნიგერიელმა გოლი შეაგდო. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ვენგერის თხოვნა დააკმაყოფილა და ათი დღის შემდეგ გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. “არსენალმა” მეორე მატჩიც 2:1 მოიგო.
რობი ფაულერი, “ლივერპული” (1997)
ეს ეპიზოდიც “ჰაიბერიზე” მოხდა. “არსენალისა” და “ლივერპულის” მატჩში რობი ფაულერმა ოსტატურად აუარა გვერდი “მეთოფეთა” მცველს და საჯარიმოში შეიჭრა. მას დევიდ სიმენმა გადაუჭრა გზა. რობი დაეცა, მსაჯმა კი დაუყოვნებლივ დანიშნა პენალტი. მსაჯის გადაწყვეტილება პირველმა ფაულერმა გააპროტესტა. რობიმ უთხრა მსაჯს, რომ თამაშის წესები არ დარღვეულა, მაგრამ არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ნიშნულთან ფაულერი მივიდა. სიმენმა პენალტი მოიგერია, მაგრამ “ლივერპულის” ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და გოლი მაინც გავიდა. მატჩის შემდეგ ფაულერი ამტკიცებდა, რომ პენალტი განგებ არ გაუფუჭებია.
დანიელე დე როსი, “რომა” (2006)
“რომა” “მესინასთან” მატჩს ანგარიშით 0:1 აგებდა. ერთ ეპიზოდში დანიელე დე როსიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ბურთი ხელით გაისწორა. მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა. დე როსი მივიდა არბიტრთან და უთხრა, რომ თამაშის წესები დაარღვია. მსაჯმა გოლი გააუქმა.
კოსტინ ლაერი, ბუქარესტის “რაპიდი” (2009)
“რაპიდისა” და “ოცელულის” თამაშში ლაერის მოცელვისთვის მასჯმა პენალტი დანიშნა. “რაპიდის” ფორვარდმა მიირბინა მსაჯთან და უთხრა, რომ თამაშის წესები არ დარღვეულა და პენალტიც გაუქმდა. დაინიშნა სადავო გდება. ლაერმა ბურთი პირით ხაზს უკან გადააგდო. ან ლაერია მეტისმეტად პატიოსანი, ან როდესაც შენი გუნდი ანგარიშით 2:0 ამარცხებს მეტოქეს, ჯენტლმენობა ძალიან ადვილია.
ვიტორიო ესპოზიტო, “ტერმოლი” (2012)
იტალიის სამოყვარულო თასის გათამაშებაში “ტერმოლისა” და “ტორესის” მატჩის ბოლო წუთზე “ტერმოლის” ფორვარდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. “ტორესის” ფეხბურთელები დიდხანს აპროტესტებდნენ ამ პენალტს. ესპოზიტო კი მშვიდად ადევნებდა თვალს მოვლენებს. ბოლოს მეტოქის კიდევ უფრო გადავლა არ ისურვა (“ტერმოლი” ისედაც იგებდა მატჩს) და ბურთი განგებ ააცილა კარს.
“ბარსელონას” ფეხბურთელები (2011)
“ბარსელონასა” და “ესპანიოლის” ახალგაზრდული გუნდების მატჩში “ესპანიოლის” მეკარემ ტრავმა მიიღო, “ბარსას” ფეხბურთელმა ხულიო მარტინესმა კი საკუთარი მოედნიდან გაიტანა გოლი. “ბარსას” მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს უხმო და უთხრა, რომ გოლი არასწორად იყო გატანილი და საჭიროა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცეს.
იგორ ნეტო, სსრკ (1962)
სსრკ ნაკრების კაპიტანმა იგორ ნეტომ 1962 წლის მუნდიალზე მსაჯს უთხრა, რომ საბჭოელების მიერ ურუგვაის ნაკრების კარში გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ბურთი კარში გარედან შევიდა (ბადე გახეული იყო). მსაჯმა გოლი გააუქმა, სსრკ-ის ნაკრებმა კი ის მატჩი მაინც მოიგო.
წყარო: http://24saati.ge/index.php/category/sport/2012-09-24/32146.html