ბოლნისელებისთვის ხათუნა ქარაია, მთელი საქათველოსთვის შოთა ადამაშვილის მშობელი

0

ქართველები საზღვარგარეთ

 

555972_610684478967197_1591678720_nსაქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქართველების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი უკეთესი მომავლის იმედით მიემგზავრებიან: ზოგი სამუშაოდ, ზოგი სასწავლებლად. უმეტესობისთვის  უცხო მიწაზე ცხოვრება გაუსაძლისია, ზოგს იქ ურჩევნია, სადაც კარგად არის და ასე შემდეგ… ემიგრანტ ქართველებს შორის უკვე ძალიან ბევრი ბოლნისელია, რომელთა შესახებ ამბების გაგება ალბათ ბევრ მათ ახლობელს, ნაცნობს და თუნდაც უბრალოდ, ბოლნისელს  გაუხარდება, ამიტომ ,, გაზეთი ბოლნისი“ ახალ რუბრიკას იწყებს _ ,, ქართველები საზღვარგარეთ“.

ამიერიდან სისტემატიურად ვისაუბრებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბოლნისელებზე, მოგითხრობთ მათ სიხარულზე, ტკივილზე და სამომავლო გეგმებზე.

რუბრიკის პირველი სტუმარი ხობის რაიონში დაბადებული, პროფესიით ზოოინჟინერი ხათუნა ქარაიაა. იგი 1985 წელს დაქორწინდა ბოლნისელ გია ადამაშვილზე.  სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოლნისის ტელეკომპანიაში, მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ბოლო წლებში კი ხელმძღვანელობდა მოხუცთა პანსიონატ ,,ჭაღარას”. ასევე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ ,,ბოლნისთან”. არის ბოლნისელებისათვის საყვარელი პიროვნება, წარმატებული და ნიჭიერი შვილების დედა, პოეტი, ჰყავს ოთხი შვილი: თამარი, შოთა, თორნიკე და დავითი. მრავალშვილიანი დედა საქართველოში შექმნილმა პირობებმა, ფინანსურმა პრობლემებმა იძულებული გახადა მიეღო მძიმე გადაწყვეტილება, დაეტოვებია საკუთარი ოჯახი და გამგზავრებულიყო შორეულ ქვეყანაში.

,,2 სტუდენტი გვყავდა და ვეღარ გაწვდა ჩვენი ხელფასი. ამიტომ მივიღე ასეთი მძიმე გადაწყვეტილება. უსაზღვროდ გამიჭირდა განშორება. პირველ თვეებში სულ ვტიროდი. მერე ცრემლიც გამიშრა. შემდეგ მონატრება ტკივილმა შეცვალა და შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ სულაც არ მინდა ეს ტკივილი გამიყუჩდეს, ესაა ტკივილი უცხოდ ყოფნისა”, ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

იგი უკვე მეცხრე წელია რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მონატრებით გამოწვეული უსაზღვრო ტკივილის ფასად, იქ მიღებული ანაზღაურებით ცდილობს დაეხმაროს საქართველოში მყოფ შვილებს.

 _ გამარჯობა ქალბატონო ხათუნა, როგორ ხართ?

_ მადლობა უფალს, არამიშავს, არ ვუჩივი ჯანმრთელობას, თქვენ როგორ ხართ?

 _ ჩვენც არაგვიშავს. მოგვიყევით სად ხართ ახლა  და რას საქმიანობთ?..

_ იტალიის პატარა ქალაქ  ენნეში ვართ მე და ჩემი მეუღლე,  ოჯახში ვმუშაობთ. მე მოხუცებს და სახლ-კარს ვუვლი, Gგია ბაღ-ვენახს.

_ როდის წახვედით საქართველოდან?…

_ მეცხრე წელი დაიწყო რაც უცხოეთში ვარ.

_ რამ განაპირობა სამშობლოდან თქვენი წასვლა?

_ 2 სტუდენტი გვყავდა და ვეღარ გაწვდა ჩვენი ხელფასი. ამიტომ მივიღე ასეთი მძიმე გადაწყვეტილება.

_ გაგიჭირდათ საკუთარ ოჯახთან, ახლობლებთან, სამშობლოსთან განშორება?

_ კი, უსაზღვროდ გამიჭირდა. პირველ თვეებში ყოველღამე ვტიროდი. მერე ცრემლიც გამიშრა. თან პირველი ოთხი წელი კომპიუტერიც არ გვქონდა და მხოლოდ ტელეფონით ვუკავშირდებოდი ოჯახის წევრებს.

_ უკვე შეეგუეთ ალბათ …

_ ახლაც ძალიან მიჭირს, ვერ ვეგუები ვერაფრით და არც მინდა, რომ შევეგუო. მეოთხე წელია რაც ჩემი მეუღლე ჩამოვიდა და რა თქმა უნდა შედარება არაა წინა წლებთან. ერთმანეთს ვაძლებინებთ და ვამხნევებთ.

_ თქვენთან ახლოს ქართველები  თუ ცხოვრობენ?

_ წინა წლებში ვმუშაობდი ქალაქ ლაქვილაში, იქ ორმოცდაათამდე ქართველი მუშაობდა, მაგრამ 2009 წლის აპრილში მოხდა ძლიერი მიწისძვრა და ქალაქის ისტორიული ნაწილი დაინგრა. ამის გამო მოხუცთან ერთად სხვა ქალაქში  მომიწია გადასვლა, სადაც ქართველები არ ცხოვრობენ.

_  აღარ გაქვთ ქართველებთან ურთიერთობა?

_ სამწუხაროდ მხოლოდ მობილურით ვეხმიანებით ერთმანეთს.

_ მანამდე  თუ იკრიბებოდით ხოლმე?

_ კი, ვიკრიბებოდით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის. კარგი ურთიერთობა მქონდა ყველასთან. ერთმანეთის ჭირს და ლხინს ვიზიარებდით. აქ მყოფი თითოეული ქართველი მტკივა. ძალიან მტკივა ამდენი რომ ვართ წამოსულები.

_ რა გენატრებათ ყველაზე ძალიან და რით იქარვებთ ნოსტალგიას?

_ როგორ გითხრა, მონატრება უფრო ტკივილმა შეცვალა და შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ სულაც არ მინდა, რომ ეს ტკივილი გამიყუჩდეს. ესაა ტკივილი უცხოდ ყოფნისა, რომელსაც ემატება ის, რასაც ვკითხულობ და ვხედავ ქართული ტელეარხებიდან, ინტერნეტის საშუალებით. მტკივა, რომ ქართველები ადვილად ვიმეტებთ ერთმანეთს. საკმარისია ერთი რომელიმე სტატიის ან ვიდეოს ქვემოთ კომენტარები წაიკითხოთ ან Facebook გვერდებს გადახედოთ, სადაც მავანი თავის პოზიციას გამოხატავს და თუ ძლიერი ნერვები არ გაქვს, შეიძლება ცუდად გახდე.  შეუძლებელია არ გაგიზიარო, რომ უზომოდ მტკივა ის, რასაც აქ ზოგიერთი ქართველი სჩადის. არიან ქართველი ქალები, რომლებიც შვილebის მიერ მოპარულ ნივთებს ყიდიან. იყო შემთხვევებიც, როდესაც ქართველმა ქალებმა გააქურდინეს ის ოჯახები, სადაც მუშაობდნენ. როცა ასეთი ამბავი მოდის ჩემამდე, გული ლამის გამისკდეს. თუმცა მადლობა ღმერთს, უფრო მეტი ღირსეული ადამიანია.

_ და რას ფიქრობთ, რატომ არის ხალხი ასე გაბოროტებული?

_ ვერ გეტყვით, ფაქტია რომ არ ვიცით ერთმანეთის ფასი. შორიდან კი ამის ყურება  ძალიან  მტკივნეულია.

_ რა გახარებთ ყველაზე მეტად  საყვარელი ადამიანებისგან და სამშობლოდან ასე შორს მყოფს?

_ გაფაციცებით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და თუ რამე დადებითს გავიგებ, ეს ათმაგად უფრო მეტ სიხარულს მგვრის, ვიდრე მანდ მყოფებს. ყველაზე დიდი სიხარული, რაც აქ ყოფნის პერიოდში მივიღე, ჩემი შვილიშვილის დაბადება იყო! ასევე მახარებს ჩემი შვილების წარმატებები.

_ როგორც ვიცი ერთი შვილი მანდ გყავთ..

_ კი, მეოთხე შვილი, დავითი წამოვიყვანე, რადგან აქაური კანონი მაძლევდა მცირეწლოვანი შვილის ჩამოყვანის საშუალებას. დავითი მუსიკოსია და აქ საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო, ბენდში უკრავდა და სოლო კონცერტებსაც აწყობდა, მაგრამ ახლა სხვა გეგმები აქვს და საქართველოში ბრუნდება.

 მინდა მკითხველს შევახსენო, რომ  ქალბატონი ხათუნა  მუსიკალური პროექტის ,,ახალი ხმის” ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარფინალისტის შოთა ადამაშვილის დედაა.

 _ როგორც დედა  ალბათ უბედნიერესი ხართ შოთას წარმატებებით, …. რას გრძნობდით როდესაც მის გამოსვლებს უყურებდით?

_მართალია შოთა გამოეთიშა ,,ახალი ხმის” კონკურსს, მაგრამ მისი გამოსვლის მოლოდინი ისეთი ამაღელვებელი იყო, ამის აღწერა არ შემიძლია. პირველი გამოსვლის შემდეგ, ალბათ არ დარჩენილა არცერთი ბოლნისელი, რომ არ მოელოცა.

_ მოდით ცოტა რამ უამბეთ გულშემატკივრებს შოთაზე, როგორი იყო ის ბავშვობაში და რა გზა განვლო  დღემდე?

_ ჩემთვის  ცოტა უხერხულია მასზე საუბარი თუმცა გეტყვით, რომ შოთა განსხვავებული ბავშვი იყო თავიდანვე. როგორც კი კითხვა ისწავლა, წიგნისადმი ინტერესი მაშინვე გაუჩნდა. ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში რომ წაიკითხა თავისი ასაკის შესაფერისი წიგნები, მერე ბიბლიოთეკების ხშირი სტუმარი გახდა. ისე გაიტაცა კითხვამ, რომ თანატოლებთან ყოფნას და თამაშს, ამჯობინებდა სადმე მყუდრო ადგილას მოკალათებულიყო და ეკითხა. ბოლო კლასებში სწავლისას ფეხბურთმა გაიტაცა. დადიოდა ვარჯიშებზე, მაგრამ მერე, როცა არჩევანის დრო დაუდგა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა 100 %-იანი გრანტით. სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა მუსიკით. ბავშვობაში ცოტა ხანს იარა მუსიკაზე, მაგრამ ვერ შეეგუა და დაანება თავი. რა საქმესაც მოკიდებს ხელს, პასუხისმგებლობით ეკიდება და დიდი ნებისყოფაც აქვს.

_ რატომ გადაწყვიტა ახალ ხმაში მონაწილეობის მიღება და თუ განიცადა პროექტს რომ გამოეთიშა?

_ ახალ ხმაში მონაწილეობა მეგობარმა მირჩიაო, მითხრა. გული დაწყდა რა თქმა უნდა, თუმცა სულაც არ მიაჩნდა, რომ სხვებზე ძლიერი იყო. მშობლების პოზიციაც ასეთია. შოთას აქვს რაღაც მისეული, რითაც თავს გამახსოვრებს, ეს არის სასიამოვნო ხმის ტემბრი…

_ რა გეგმები აქვს სამომავლოდ?

_ ფიქრობს ამერიკაში წასვლას, რადგან იქ ყველასთვის ახლობელია Qauntry.  შეიძლება სულაც ვერ იპოვოს იქ, რასაც ელის, მაგრამ ახალგაზრდამ უნდა მოსინჯოს და ეცადოს. ყველაფერი ღვთის ნებაა,  იმას მაინც არ იტყვის, რატომ არ მეყო გამბედაობა და რატომ არ ვცადეო. ასევე დიდი სიხარული მომანიჭა, ოთხი წლის წინ ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე თორნიკეს ფილმის დაჯილდოებამაც. “შუადღე ქვემო ქართლში” ასე ჰქვია ამ ფილმს. თორნიკემ დააარსა რეგიონალური კინოს განვითარების ფონდი და მიიწვიეს ბერლინის კინოფესტივალზე, ამავე დროს მასპინძლები გააცნობენ გერმანიის რეგიონალური კინოს ფონდის გამოცდილებას. ძალიან გახარებული  და ბედნიერი ვარ მისი  წინსვლითაც.  წარმატებებს ვუსურვებ მათ.

_  ქალბატონო ხათუნა, საქართველოში წამოსვლას არ აპირებთ?

_ ძალიან მინდა, როცა ჩამოვალ  უკან მობრუნება აღარ  მომინდეს,  ამიტომ  ჯერ ვერ ვგეგმავ  წამოსვლას. სიმართლე გითხრათ, როცა ხელისუფლება იცვლებოდა იმედი ჩამესახა, რომ ემიგრანტებსაც გვეშველებოდა,  ყველა თუ არა უმეტესობა მაინც დავბრუნდებოდით. დღესაც ველოდები ხელისუფლებისგან ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ემიგრანტების დაბრუნებას შეუწყობს ხელს. მავანმა შეიძლება იფიქროს, ვისაც დაბრუნება უნდა დაბრუნდეს, მოსაწვევს ხომ არ გავუგზავნითო, მაგრამ ასე იოლად არაა საქმე. ჩვენს შემოსავალს ვუგზავნით ჩვენს ოჯახებს და ძნელად თუ ახერხებს ვინმე დანაზოგის გაკეთებას. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ გაწბილებული ვარ ბევრი რამის გამო, იმედს მაინც ვებღაუჭები, არ მინდა სასოწარკვეთას მივეცე. როცა ვკითხულობ, რომ ძვირადღირებული მანქანების შესაძენად და პრემიებზე ხელისუფლებამ უამრავი ფული დახარჯა. ვხვდები, რომ ჩემი აღფრთოვანება უსაფუძვლო ყოფილა. ემიგრანტები მხოლოდ არჩევნების წინ სტკივათ მავანს და მავანს. ემიგრანტებს ვიღა ჩივის, მანდ მყოფებს მიხედონ.

_ იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება… როგორც ემიგრანტების, ასევე აქ მყოფი უბრალო მოქალაქეების სასიკეთოდ…

_ რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არაფერი კეთდება. საბავშვო ბაღები უფასო გახდა, წიგნები უფასოდ დაურიგდათ ბავშვებს, მშობიარობა უფასოა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ყოველთვიური შემწეობა დაენიშნათ 500 ლარის ოდენობით. ჯანმრთელობის სფეროშიც მოხდა სასიკეთო ცვლილებები და სოფლის მეურნეობაშიც. ჩვენი პრეზიდენტი რომ სამსახურში ფეხით მიდის, მისასალმებელი თავმდაბლობაა და მომჭირნეობაც, მაგრამ ეს არ კმარა.

_ ქალბატონო ხათუნა, ალბათ სანამ ადამიანი საკუთარ თავზე არ გამოცდის სიშორეს, მონატრებას, უცხო ქვეყანაში ყოფნას, მანამდე ვერ აფასებს სათანადოდ იმ გრძნობებს, განცდებს,  რაზეც თქვენ ისაუბრეთ, არ იცის საკუთარი ქვეყნის და მის გვერდით მყოფი თანამოქალაქეების ფასი..

_ კი, ასეა

 _ და რას ეტყოდით ასეთ ხალხს… როგორც აქ მცხოვრებ, ასევე უცხოეთში მყოფს?

_ ვფიქრობ, რომ განსაცდელი, რომელიც ჩვენს თავზეა, შემთხვევით არ მოგვევლინა. სიყვარული, მეტი სიყვარული გვჭირდება ჩვენი ქვეყნის, ერთმანეთის და             უფლის წინაშე, უნდა დავიმსახუროთ ჩვენი ლოცვით და ყოველდღიური ცხოვრებით, რომ გაგვიმთლიანოს სამშობლო, მოგვმადლოს მშვიდი და ღირსეული ყოფა. სხვანაირად არ გვეშველება! მინდა ჩემი უსაყვარლესი ლექსი წაიკითხოთ, რომელიც ეკუთვნის პოეტს გიული ჩქარეულს.

დაგვაბრუნეთ, სანამ გული, ქართველობს და სულიც მხნეობს,

ვიდრე არ ვართ დაკარგულნი და სამშობლო სულში მზეობს!

დაგვაბრუნეთ სანამ გვახსოვს, ჩვენი ტაძრის ლოცვის მადლი,

ვიდრე ეჭვი არ ჩააქრობს, რწმენას, ენას, სხვაზე გაცვლილს!

დაგვაბრუნეთ სანამ დროა, ვიდრე რწმენა გვითბობს გულებს,

სანამ შეგვჭამს უცხოთ ხროვა, სანამ მოძმე გვიორგულებს!

დაგვაბრუნეთ, ჩვენს ოჯახთან განშორებამ დაგვაბერა,

მუხლს მოვიყრით ჩვენს ოთახთან, ცეცხლს დავუნთებთ ჩამქრალ კერას!

დაგვაბრუნეთ, სანამ შვილებს კიდევ ახსოვთ დედის სითბო,

მხოლოდ ეს თუ დაგვამშვიდებს, მონატრებულ შვილებს ვითხოვთ!

დაგვაბრუნეთ გვირჩევნია, დაგვაყაროს მიწა შვილმა,

ვიდრე ყური მისჩვევია, „დედა“ გვითხრას სხვისმა შვილმა!

შვილის თვალებს შეგვაგუეთ, დედის ხელით დაგვაპურეთ!

დაგვაბრუნეთ გვირჩევნია, ხატთან უფლის ჯვარს გავეკრათ,

სიკვდილი თუ გვიწერია მშობელ მიწას გულს ჩავეკრათ!“

ამ ლექსში გადმოცემულია ჩემი  და თითოეული ემიგრანტის სათქმელი და მინდა ყველამ გულთან მიიტანოს ჩვენი ტკივილი, ჩვენი განცდები.

_ ქალბატონო ხათუნა, ვიცი რომ თავადაც წერდით ლექსებს,  უცხო ქვეყანაში მუზებმა ხომ არ მიგატოვათ?

_ არა, მთლად არ მივუტოვებივარ, თუმცა იშვიათად მაკითხავენ. ვცდილობ ჩემი გრძნობები, განცდები გადმოვიტანო ფურცლებზე…

 _ ლექსი, რომელიც სამშობლოსა და ახლობლების მონატრებამ დაგაწერინათ.

მონატრება

უკიდეგანო სევდაში ვცურავ,

თუმცა, არ ვიცი ცურვა სრულიად,

მენატრება და მეოცნებება,

რაც ჩვენია და რაც ქართულია:

ცა-მოხატული ღრუბლის ქულებით,

მინდვრები-შავად გადახნულები,

შვილები-დიდხანს არნახულები,

ჩემი სიცოცხლის გაზაფხულები.

ბოლნისი,  ჩემი ბოლნისელებით,

დიდი გულებით, გამრჯე ხელებით,

სიკეთის მადლით გადამხდელები,

ჭირსა და ლხინში არდამხევები.

ორბელიანის ქუჩის ხეები,

ზაფხულის სიცხით გათანგულები…

ეს მონატრებაც ისე ტკბილია,

როგორც ოცნება შინ დაბრუნების!

_ დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა სასიამოვნო საუბრისთვის. ღმერთმა ქნას, რომ მალე დაბრუნებოდეს ყველა ემიგრანტი საკუთარ ოჯახს.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.