2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

0

საქართველოს მთავრობის დადგენილების №136 ბრძანების საფუძველზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, რომელიც 10 თებერვლიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში 14 თებერვალს გამწვევი კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც  სამსახურის უფროსთან ერთად ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის სამსახურისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

„დღეს გამოძახებული გვყავს 70 წვევამდელი, რომელთა მდგომარეობასაც შეისწავლის კომისია და კატეგორიების მიხედვით შეირჩევიან გასაწვევები. შეიძლება 70 წვევამდელიდან ნახევარზე მეტს გადავადება გაუკეთდეს. ეს დამოკიდებულია  შემდეგ კატეგორიებზე: ვისაც შვილი ჰყავს და წარმოგვიდგენს შვილის დაბადების მოწმობას,  3 წლით გადაუვადდება სავალდებულო სამსახური და თუ ამ სამი წლის მანძილზე შეეძინება მეორე შვილი, კვლავ გადაუვადდება, თუ არადა გამოძახებული იქნება. მეორე კატეგორიაა სტუდენტები, რომლებიც აკრედიტირებულ სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო მესამე _  დედისერთები.” – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა მევლუდ ბარლიანმა.

კომისიამ 70-დან მხოლოდ 20 ადამიანი შეარჩია, დანარჩენები სხვადასხვა კატეგორიებში მოხვდნენ. ორშაბათს კვლავ მოხდება წვევამდელების გამოძახება და სავარაუდოდ, 5 კაცი დაემატება 20 კაციან შემადგენლობას, რომლებიც თბილისში საექიმო შემოწმებას გაივლიან.


Share.

Comments are closed.